ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები

ქართველი წყვილების ყველაზე ორიგინალური ხელის თხოვნის ისტორიები

მეგობრების დახმარებით ტექნიკური სირთულეები გადალახეს და საყვარელი ადამიანის გულის მოგების მიზნით, ბიჭებმა ქართული ტელესივრცე და სოციალური ქსელი მათ საგმირო საქმეებზე აალაპარაკეს.

ბეჭედი "შავი ყუთით"

ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ყველაზე არაორდინალური ცოლობის თხოვნის ისტორიებს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" გმირების ამბით დავიწყებ. ანი მარდალეიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე დაძაბულ თამაშში მონაწილეობდნენ. წამყვანმა დარბაზში "შავი ყუთის" შემოტანა მოითხოვა და კითხვა გამოაცხადა: "ის რაც დევს შავ ყუთში პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არნოლდ ვილანოველმა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე მხოლოდ ჰოლანდიელები ფლობდნენ, ამიტომ სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის, 1640 წლიდან მას ძირითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებდნენ. რა დევს შავ ყუთში?" - იკითხა წამყვანმა. რამდენიმე წუთი დაძაბული ფიქრის შემდეგ, ანი მარდალეიშვილმა კითხვას უპასუხა - "ლაკმუსის ქაღალდი", მაგრამ ყუთში საქორწინო ბეჭედი აღმოჩნდა. ალექსანდრემ ანის ხელი ეთერში თხოვა.

იხილეთ ვიდეო

ანი მარდალეიშვილი: "ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, ჩვენმა ძალიან ახლო მეგობრებმაც არ იცოდნენ ამ გეგმის შესახებ, მათ შორის მათაც, ვინც მაგიდასთან იჯდა. იცოდა მხოლოდ გიორგი იაშვილმა და ბატონმა წამყვანმა გიორგი მოსიძემ, რომელიც იდეის განხორციელებაში დაეხმარა. დარბაზში იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაც და ყველასთვის მოულოდნელი იყო. მაქსიმალურად კონსპირაციულად შეძლო ეს გეგმა განეხორციელებინა და არ მოსულიყო ხმა ჩემამდე. კითხვაც თვითონ მოიფიქრა, სცენარიც. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაკმუსი იყო სწორი პასუხი და ყუთში აუცილებლად ეს იქნებოდა. ლოგიკურად, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა თამაში და ესე არალოგიკურად დასრულდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ. დავიბენი თავიდან, თუმცა უცებ მოვახერხე რეაგირება. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი, შემდეგ დიდხანს ვიხსენებდი ამ მომენტს. ვიდეო რომ ვნახე, გვერდიდან შევხედე ჩემ თავს და მივხვდი, რომ ძალიანაც არ დავბნეულვარ. საერთოდ თამაშის დროს ძალიან დაძაბული ხარ და მობილიზებული. ზოდაგად, ძალიან მტირალა ვარ, მაგრამ იმ მომენტში ცრემლები არ წამომსვლია. შეიძლება სხვა სიტუაციაში კიდევ უფრო ემოციური ვყოფილიყავი, მაგრამ იქ თავი შევიკავე თამაშიდან გამომდინარე.

ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე

გუდაურში სეზონის დახურვაზე წასული მეგობრები, ყველასაგან გასხვავებული და კრეატიული ხელის თხოვნის დამსწრენი გახდნენ. ერთმანეთისგან სიურპრიზებით განებივრებული წყვილი მოულოდნელობებს მიჩვეული იყო, თუმცა შეყვარებულისგან ასეთ არაორდინალურ ქცევას თეონა ჩაჩუა ნამდვილად არ ელოდა. გიორგი დანელიამ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. მეგობრები, ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის მოემზადნენ, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე ტექნიკა აიტანეს, მფრინავ დრონს ბეჭედი გამოაბეს და შემდეგ რაც მოხდა, ამას უკვე თავად გიორგი გიამბობთ:

იხილეთ ვიდეო

"მეგობრები წამოვიდნენ, რომლებიც ხატავდნენ, პულივიზატორით უნდა დაგვეწერა ძალიან დიდი ტექსტი და ის უნდა გადაგვეღო დრონით, შემდეგ თეონასთვის უნდა გვეჩვენებინა, უბრალოდ ისეთი ქარბუქი და თოვა ამოვარდა, რომ გეგმები შეგვეცვალა. ჩამოვკიდეთ ტექსტი, სადაც ეწერა Marry Me. მეგობრების დახმარებით მოვახერხე ეს ყველაფერი. ტექნიკურად რთული შესასრულებელი იყო, იმიტომ, რომ გუდაური 2 000-3 000 მეტრზეა ზღვის დონიდან. ზემოთ ვიყავით ხიჟინაში, რომელიც მეორე საბაგიროს ზემოთ მდებარეობს და ყველაფრის ტრანსპორტირება მოგვიხდა ხიჟინამდე, თან ყველა ვსრიალებდით. სერიოზული მუშაობა დაგვჭირდა...

თეონა ამ დროს გოგოებთან ერთად ხიჟინაში იჯდა, ბიჭები გარეთ გავედით, ეგონა, რომ სასრიალოდ წავედით. ტელეფონზე ელაპარაკებოდა თავის დას, თან კამერა ქონდა ჩართული, ამ დროს იმ ფანჯარასთან, სადაც იჯდა თეონა მიფრინდა დრონი, რომელზეც ეკიდა წარწერა Marry Me. დაინახა თეონამ და ვერ მიხვდა, თან ელაპარაკება თავის დას და თან გამოდის ტელეფონით და აჩვენებს ნახე გარეთ რა ხდებაო, გიორგიმ რაღაც მოაწყოო, შემდეგ უკვე მიხვდა, ხალხი რომ შემოეხვია ირგვლივ და მეორე დრონმა დაიწყო ჩამოფრენა, რომელსაც ბეჭედი ქონდა გამობმული..."

ცხადში ახდენილი სიზმარი

შეყვარებულს სიზმარი მოუყვა, ქორწილი პირდაპირ თეატრის სცენაზე მქონდაო. აქედან დიდი დრო არ გასულა, რომ მისმა რჩეულმა სიზმარი ცხადად უქცია. თეატრის სიყვარულმა გააერთიანა თამუნა ჯალაღანია და გიორგი მანძულაშვილი. მარჯანიშვილის თეატრის ისტორიაში პირველად ბიჭმა გოგოს ხელი პირდაპირ სცენიდან თხოვა.

იხილეთ ვიდეო

თამუნა ჯალაღანია: დილას გავაცილე გიორგი, ქალაქიდან გადიოდა. მერე ისე მოხდა, რომ დედაჩემმა დამპატიჟა მარჯანიშვილის თეატრში და წავედით. ვიცოდი, რომ გიორგი აქ არ იყო და ჩვეულებრივად საღამოს წავედი თეატრში. სპექტაკლს ვუყურე და მსახიობების "პაკლონის" შემდეგ ჯერ რეჟისორი გამოვიდა, პატარა შესავალი გააკეთა, თეატრში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. სიმართლე გითხრათ ნახევარი არ მახსოვს იმდენად ემოციებში ვიყავი, გავიდა რეჟისორი და კულისებიდან გამოიყვანა ჩემი შეყვარებული გიორგი მანძულაშვილი - მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა. მერე მთავარი შემოსასვლელიდან ჩვენი მეგობრები და ნათესავები შემოვიდნენ. მსახიობებმაც იცოდნენ გიორგის ჩანაფიქრის შესახებ. ამის შემდეგ უკვე სცენაზე ამიყვანა და პირდაპირ სცენაზე მთხოვა ხელი. მოსაცდელში უკვე გაშლილი იყო პატარა სუფრა, რომ ყველას ერთად აღგვენიშნა.

რომანტიკული ვახშმიდან დიდ წვეულებამდე

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სოციალური მედიის ქართველ მომხმარებლებს გასცდა და ევროპაშიც ძალიან პოპულარული გახდა. წყვილის რომანტიკული და მშვიდი ვახშამი უეცრად დიდ წვეულებაში გადაიზარდა. სალომე ფანჩულიძე მოგიყვებათ, როგორ მოახერხა მისმა რჩეულმა თავის ორიგინალურობაზე მთელი თბილისი აელაპარაკებინა.

სალომე ფანჩულიძე: "ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, მეგობართან შევხვდით და თავიდან აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. ლაპარაკი იყო ქორწილზე, უნდა დავენიშნე, მაგრამ არ გვინდოდა ზამთარში და ზაფხულისკენ გადავდოთთქო ვიძახდით, შემდეგ გადაწყვიტა დაბადების დღეზე მოეწყო სიურპრიზი. ეჭვი არ მქონია, იმიტომ, რომ ნიშნობა უნდა გადაგვედო და უნდა ყოფილიყო ზაფხულში. ძალიან მოულოდნელი იყო. მინდოდა, რომ ჩემთან ამოსულიყო, დაგეგმილი გვქონდა, რომ ჩემს მშობლებს გაიცნობდა, შემდეგ ჩემს მშობლებს, მის მშობლებს გავაცნობდით, როგორც ხდება ხოლმე... თავის დასთან და ჩემ დასთან ერთად მოაწყო ცოლობის თხოვნა.

ყველაფერი ესე დაიწყო: ჩვეულებრივად ჩემი დაბადების დღე იყო და წავედით სავახშმოდ ჩვენ ორნი. წინა დაბადების დღეც ასე აღვნიშნეთ. მისი ნაჩუქარი წითელი კაბა ჩავიცვი, თურმე ესეც წინასწარ ჰქონდა გათვლილი. ვვახშმობით, ვსაუბრობთ და უცებ მუსიკამ იმატა, გავიხედე და შემოიტანეს დიდი ყუთი გაბანტული, უცებ გადმოხტა ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი და მერე მივხვდი რაც ხდებოდა. ყუთი გავხსენი და ამოფრინდა იქიდან წითელი ბუშტები, რომელზეც ბეჭედი იყო გამობმული. ძალიან გამიხარდა. ვიდეო ჩვენს მეგობრებს გავუზიარეთ უბრალოდ, არც ველოდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა..."

სიურპრიზი პირდაპირ ეთერში

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გოგო - შავფაროსანი მარიტა ბიბლაია ამავე დროს ყველაზე ემოციური და მგრძნობიარეა. მოულოდნელობისგან დაიბნა და სახეზე ბედნიერების ემოციებიც ვერ დამალა, როდესაც შეყვარებულმა - ნიკა ფალიანმა პირდაპირ ეთერში ცოლობა თხოვა. ინტუიციის გრძნობით გამორჩეული მარიტა, ამ სიურპრიზს ვერ მიხვდა. მისმა რჩეულმა შეძლო გაეოცებინა ქართველი ამორძალი ქალი და ისიც საჯაროდ დათანხმდა ცოლად გაყოლაზე.

ნიკა ფალიანი: დიდი ხანი ვგეგმავდი ხელის თხოვნას, მაგრამ ეს იდეა გაჩნდა წინა დღეს და მაშინვე შევასრულე. საერთოდ არ ელოდა. შოკივით იყო. ზოგადად ისეთი ტიპია, რომ ადვილად ხვდება სიურპრიზებს, მაგრამ ამჯერად ისე გავაკეთეთ, რომ სტუდიაში მივედით მის თემაზე და მისგან გამომდინარე მივედი მეც. მარიტა არის შავფაროსანი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერეციის წევრი და ამასთან დაკავშრებით მიიწვიეს გადაცემაში, მე როგორც მისი საქმრო, მომავალი მეუღლე რა აზრის ვარ ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ცოლობის თხოვნის ესეთი იდეა მომაწოდა ჩემმა მეგობარმა გიორგი დანელიამ, წამყვანს შევუთანხმდი ამასთან დაკავშირებით. მეორე დღეს პროდიუსერთან ერთად გავიარეთ ეს თემა, დავგეგმეთ ყველაფერი და მოვიყვანეთ სისრულეში..."

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა