აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წელს 50 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებები სამ ეტაპად განხორციელდება.

"პირველი ეტაპი არის მასიური და საყოველთაო მონიტორინგი მთლიანად საქართველოში ფერომონების მეშვეობით. განთავსდება 100 000-ზე მეტი ფერომონი და იქნება პრაქტიკულად ყოველკვირეული მონიტორინგი, რის მეშვეობითაც გვეცოდინება, სად და როგორ ვრცელდება აზიური ფაროსანა. მეორე ძირითადი პოსტულატი არის, რომ ფერმერები თვითონ დაამუშავებენ თავიანთ ნაკვეთებს და სახელმწიფოსგან ისინი მიიღებენ დამუშავებისთვის საჭირო რეკომენდაციებს, როდის და რა ნაბიჯები უნდა გადადგან. მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფო, რომელიც აძლიერებს ავტოპარკს - 2012 წელს გვყავდა მხოლოდ 12 ერთეული მანქანა და 2018 წელს გვეყოლება დაახლოებით 152 ერთეული საშუალება. ამ საშუალებებით ჩვენ დავამუშავებთ მილიონ ჰექტრამდე საჯარო სივრცეს და ეს არის ის ადგილები, რომლებიც არ არის ვინმეს საკუთრება, მაგრამ ამ ადგილების დამუშავება არის აუცილებელი. მიმდინარე ღონისძიებები როგორც ფერმერების, ისე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება გარემოს დაცვის ღონისძიებების უმკაცრესი დაცვით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ბიუჯეტის განკარგვას, დაახლოებით 50 მლნ ლარით მოხდება შესაწამლი ტექნიკის შესყიდვა, მოხდება წამლის შეძენა და ასევე საწვავის შეძენა, მომსახურე პერსონალის დქირავება და ა.შ.

ხანიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიაც. მისივე განმარტებით, გამოყოფილია თანხა მეცნიერებისთვის, რომ ჩატარდეს კვლევები, ამა თუ იმ მიმართულებით.

ხანიშვილის განმარტებით, შესაძლოა დაიწყოს მოკვლევა ბიოლოგიური მტრის შემოყვანის მიმართულებით.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად ფაროსანასთან ბრძოლაში დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული.

ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მსოფლის ქვეყნების გამოცდილება და სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში მავნებელ მწერთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს.

„აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. საქართველოზე ბევრად ძლიერი ტექნიკური, მატერიალური და ფერმერული მეურნეობებით აღჭურვილი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მისი გაკონტროლება ხდება ისეთ სივრცეში, რაც სოფლის მეურნეობისთვის იქნება შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი და რაღაც გარკვეულ ფარგლებში მოექცევა ეს ზიანი. ჩვენი ამოცანაც არის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ თუ მივაღწიეთ იმას, რომ მაქსიმალურად შევამცირეთ ან გავანადგურეთ აზიური ფაროსანა, ეს იქნება ძალიან ახალი სიტყვა ამ რეალობაში და ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2017 წელს საქართველომ მავნებელ მწერთან საბრძოლველად გარკვეული გამოცდილება დააგროვა.

„ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური მწერთან ბრძოლა არის მაშინ, როცა მას აქვს ნიმფობის პერიოდი. ეს პოსტულატი ურყევია, სწორია და მართალია. უბრალოდ, ამან გამოიწვია ის, რომ ამინდის, კლიმატის ცვლილების გამო, ჩვენ ფაქტობრივად წამლობა დავიწყეთ მაშინ, როდესაც ნიმფობის პერიოდი იყო და ეს მოხდა 10-13 ივლისს. თხილში ჩვენ მივაღწიეთ საკმაოდ დიდი წარმატებას იმ კუთხით, რომ აზიური ფაროსანას პოპულაცია საკმაოდ დავასუსტეთ. თუმცა, თხილში შეიძლებოდა კიდევ გარკვეული წარმატებების მიღწევა, მაგრამ 20 ივლისის შემდეგ ინსექტიციდების გამოყენება პროდუქტს ღირებულებას უკარგავდა როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ამიტომ თხილში ინსექტიციდების გამოყენება შეწყდა დროის გარკვეული მონაკვეთით ადრე“, - განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელებას.

„ეს არის ის გარემო, გზისპირი იქნება თუ ა.შ. სადაც ცალკეული ფერმერი თავის ნაკვეთს ვერ დაამუშავებს, იქ სახელმწიფო ჩაატარებს ამ ბრძოლის ღონისძიებებს. სახელმწიფო არეალი არის ძალიან ფართო და აქ იგულისხმება ის სავარგულები, რომელთა დამუშავებაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოსახლეობის მიერ. აქ არის სიმინდის ყანები, რომელიც ზურგსაკიდი აპარატიებით ვერ შეიწამლება, ამიტომ, სახელმწიფო ჩაერთვება ყველა იმ საშუალებით რომელიც ექნება. მცირე სიმძლავრის აპარატებით თუ ავიაციით“, - აღნიშნა ხანიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი