თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება

თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სავალი ხაზები გაკეთდება

თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ bpn.ge-ს განუცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ისინი ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებენ, რითაც თბილისში მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველამ ვიცით რა მიზეზით იგვიანებს ტრანსპორტი - ეს უმეტესწილად საცობების ბრალია. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპლექსური მოწესრიგებაა. ეს საკითხი თავის თავში გულისხმობს რამდენიმეპუნქტიან გეგმას, რომელსაც ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიზნით განვახორციელებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს თბილისის მცხოვრებთათვის - ეს ჩვენი უპირველესი საზრუნავია“, - აღნიშნა ბითაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის მთავარი მიზანია ავტოპარკი ახალი სამგზავრო ავტობუსებით განაახლოს.

"გარდა ამისა, უნდა შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მოვაწყოთ ცალკე სავალი ხაზები, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ექნება გადაადგილების საშუალება. ეს ტრანსპორტის მოძრაობას გაცილებით მოწესრიგებულს გახდის. ადამიანს ეცოდინება, რომ ავტობუსის მოსვლის გრაფიკი არ შეიცვლება და მას არსად დააგვიანდება. მერიას ძალიან დიდი გეგმები აქვს მეტროპოლიტენთან დაკავშირებითაც. დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უნდა მივმართოთ მეტროს რეაბილიტაციისათვის, რაც ვაგონების გადაადგილებას დააჩქარებს და სამგზავრო დროის ინტერვალს შეამცირებს.

შესაბამისად, გეგმები, რომელიც მერიას აქვს დასახული მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას და გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს სფერო თბილისში საერთოდ მოუგვარებელია და მის მოწესრიგებას ეტაპობრივად ვაპირებთ. ავტოპარკის განახლება ამ პრობლემის მოგვარების მთავარი გზაა. თბილისის მერია მომდევნო წლებში 700-მდე ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ისინი ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ და დედაქალაქის ავტოპარკს შეავსებენ, რითაც თბილისში მოძრაობა საგრძნობლად განიტვირთება“, - განაცხადა ბითაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი