როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა და რა რისკები ახლავს მას - ქართველი პროფესორი, რომელმაც უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა

ღვიძლის გადანერგვა დაზიანებული ორგანოს ჯანმრთელით შეცვლის ოპერაციაა. ჯანმრთელი ღვიძლი შეიძლება იყოს როგორც გარდაცვლილი, ისე ცოცხალი დონორის. ეს მეთოდი დაზიანებული ღვიძლის მქონე პაციენტებისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

ამ ოპერაციების რიცხვი სულ უფრო იზრდება. წლების წინ აშშ-ში 3 700 ტრანსპლანტაცია განხორციელდა, თუმცა მსურველი გაცილებით მეტია და დონორთა რაოდენობას აღემატება.

ღვიძლის წარმატებით გადანერგვა პირველად 1984 წელს მოხერხდა. პაციენტი 7 წლის გოგონა იყო, რომელსაც ტყუპისცალის ღვიძლის წილი გადაუნერგეს. მიუხედავად ადრე ჩატარებული კორონარული არტერიის შუნტირებისა, ამ პაციენტს გულის მძიმე უკმარისობაც ჰქონდა, ამიტომ ღვიძლთან ერთად, გულიც გადაუნერგეს. ეს ადამიანი დღემდე ცოცხალია და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.

ტრანსპლანტაცია ღვიძლის დაავადების ბოლო ეტაპზე კეთდება, ვისაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები ემუქრება. ამ საკითხებზე ერთად უნდა მუშაობდნენ ჰეპატოლოგი და ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი. აუცილებელია ასევე ნათესავების გაცნობიერებული თანხმობაც.

ტატიანა მეგრელიშვილი პირველია, ვისაც საქართველოში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ორგანოს დონორი მისი ძმა, ვახო გახდა. ტატიანას ისრაელში საბოლოო გამოკვლევის შემდგომ უთხრეს, რომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის გადანერგვა იყო. თუმცა ეს დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული და თანაც, საზღვარგარეთ უნდა გაკეთებულიყო, რისი საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ისრაელიდან ჩამოსულმა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში კახა ქაშიბაძეს მიაკითხა, რომელმაც იმის გათვლისწინებით, რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, საქართველოში ოპერაციის გაკეთება ერთი წლის შემდეგ შესთავაზა, რასაც ტატიანა ვერც კი წარმოიდგენდა... არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ექიმს ენდო.

დონორს ნათესავებში ეძებდნენ. საბოლოოდ გადაწყვეტილება - გამხდარიყო დონორი, მისმა ძმამ მიიღო, რასაც თავად პაციენტი ძალიან განიცდიდა. საუბრები და ფსიქოლოგიური მომზადება ორივეს დასჭირდა. და-ძმა დღეისთვის თავს კარგად გრძნობს და სწორედ მათზეა ნათქვამი ღვიძლი და-ძმაო...

პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე ბათუმის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ადამიანი, რომელმაც და-ძმა მეგრელიშვილებს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა. მას მერე მან უკვე 19 ოპერაცია ჩაატარა.

"დიახ, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია უცხოეთში ჯერ კიდევ 1984 წლიდან ექსპერიმენტად აღარ ითვლება, თუმცა ბოლო წლებში არც საქართველოშია ის ფანტაზიის სფერო. რისი საშუალებითაც ადამიანები ჯანმრთელობას იბრუნებენ. ოპერაციის თავისებურება სწორედ ის არის, რომ ორგანოს სრული შეცვლა ხდება. ტრანსპლანტაციის დროს ერთ უვარგის ორგანოს ვცვლით, რადგანაც მისი იმ ფორმით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ თავის ფუნქციას არ ასრულებს, ორგანიზმს მთლიანად დამატებით ზიანს აყენებს. ამიტომაც მისი მოშორება გარდაუვალი ხდება," - გვეუბნება ექიმი და განმარტავს, რომ თავად ოპერაციის პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულები არიან გვამური დონაციით და ძირითადად, ცოცხალი დონაციით იფარგლებიან.

ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვა ტექნიკურად რთულ ოპერაციად მიიჩნევა. მისი რისკი სწორედ ის არის, რომ ცოცხალი დონორის გამოყენება ხდება - ჯანმრთელმა ადამიანმა ავადმყოფისთვის ღვიძლი უნდა გაიღოს. რის გამოც, 6-საათიანი ოპერაცია ტარდება. რაც შეეხება რისკებს, ექიმი ამბობს, რომ: "თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდა, დაიღუპება, ამიტომ, აქ რისკის ქვეშ უფრო ცოცხალი და ჯანმრთელი დონორია".

როგორც წესი, დონორიც და ავადმყოფიც ორივე ერთმანეთის ნათესავები არიან. ცხადია, რთულია მათთვის ემოციურად ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ საქმე ეხება ნათესავის, ანუ სიხლისა და ხორცის გადარჩენას, რისთვისაც არის ბრძოლა. მეორე მომენტიცაა, დღეისთვის უკვე 19 ოპერაციაა გაკეთებული, ამიტომ სანდოობაც გაზრდილია და ნაკლებს ნერვიულობენ...

- რამდენ ხანში აღდგება როგორც გადანერგილი, ისე დონორის ღვიძლი?

- ინერგება ჯანმრთელი ორგანიზმიდან დაახლოებით 60%, რომელიც ორივეს ორგანიზმში 6 თვეში იბრუნებს თავის ფორმას და სახეს.

- და-ძმა მეგრელიშვილები თქვენს პრაქტიკაში პირველები იყვნენ. რა სირთულეები იყო მათთან?

- ეს საერთოდ, პირველი ოპერაცია იყო და თავისებური სიძნელეები ცხადია, ახლდა - ჯერ ერთი, რომ 23 საათი მიმდინარეობდა, თუმცა პოსტოპერაციული პერიოდი ნორმალურად წავიდა და უკვე მეოთხე წელია, ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან. პაციენტი კვლევაზე გეგმიურად მოწმდება.

- ოპერაციის მსურველთა რიცხვი დიდია?

- ვინც ჩვენამდე მოდის, უბრალოდ, მისთვის ჩიხური სიტუაციაა და იძულებულია, ეს ნაბიჯი გადადგას. ხოლო თუ რამდენად ჯანმრთელი აქვს დღეს ჩვენს ადამიანებს ეს ორგანო, ამ სურათს ნაკლებად ვფლობთ, მას უმეტესად, ინფექციონისტები აკვირდებიან. პაციენტი ტერმინალურ მდგომარეობაში არ უნდა იყოს და არც სხვა ორგანოები უნდა ჰქონდეს დაზიანებული.

- ცოტა ხნის წინ ასეთი რამ გავიგე, რომ 2 ქართველი მამაკაცი საუბარში ამბობდა, თითქოსდა გარკვეულ დრომდე ღვიძლის გაყინვას გეგმავენ. შესაძლებელია თუ არა ღვიძლის გაყინვა და "შენახვა" საჭირო დროისთვის?

- ასეთი რამ არ ხდება, მეტსაც გეტყვით, გვამური ღვიძლიც მხოლოდ 12 საათი ვარგა.

- რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის?

- ერთდერთი - შეძლებისდაგვარად, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE