რას ყიდულობენ საქართველოში უცხოელები ყველაზე ხშირად

რას ყიდულობენ საქართველოში უცხოელები ყველაზე ხშირად

ქართული თექა, მინანქარი, ლურჯი სუფრა, საქართველოში წარმოებული წინდები, ქართველი დიზაინერების სამოსი - ეს არის იმ პროდუქციის ხუთეული, რომელსაც საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო მოგზაურები ყველაზე ხშირად ყიდულობენ და პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად მიაქვთ საკუთარ ქვეყანაში. ღვინო და ჩურჩხელა კი უკვე საქართველოს სავიზიტო ბარათადაა ქცეული და ალბათ, არ არსებობს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი, რომელიც ამ ორი პროდუქტის დაგემოვნების გარეშე ტოვებს ქვეყანას.

AMBEBI.GE-მ 60-მდე უცხოელი გამოკითხა, რის შედეგადაც გამოვლინდა ყველაზე პოპულარული პროდუქციის ხუთეული. გარდა ამისა, უცხოელებში პოპულარულია ქართული თაფლი, ჩაი, ქართული ტკბილეული, ვერცხლის ნაწარმი, ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები, ქართული სუნელები.

კატი სტაროსტკა: "მეგობრებს საქართველოდან საჩუქრად წამოვუღე ღვინო, მინანქრის სამკაულები, დეკორატიული ხმლები, ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი, ვერცხლის თასები, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები."

ალექს ლევის პაული: "რამდენიმე სახეობის ღვინო ვიყიდე, მათ შორის, საფერავი, რქაწითელი, ქისი, ტვიში. საქართველოში ყველა ვიზიტისას ვყიდულობ უამრავ სვანურ მარილს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მიმაქვს მეგობრებისთვის. მათ ძალიან უყვართ სვანური მარილი. ტოსტებზე იდეალურია".

ემა პრატი: "საქართველოდან წამოვიღე ქართული ჩაი, "ალტერსოქსის" წინდები, მაგიდის გადასაფარებელი "ლურჯი სუფრა", შოკოლადი და ქართული სუნელები".

ჰოიშან მაკი: "ვიყიდე თექის აქსესუარები, მინანქარი, ხელით ნაქსოვი კაშნეები, სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები, ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი".

ტურისტების დაინტერესება და უცხოელების შეფასება ქართველ მწარმოებლებს დამატებით სტიმულსა და მოტივაციას უქმნის, რომ მათ უფრო მეტი ქართული წარმოების პროდუქტი შექმნან და აწარმოონ. შესაბამისად, მოთხოვნასთან ერთად იზრდება მიწოდებაც. ბოლო პერიოდში იქმნება ბევრი სტარტაპი, რომლებიც ქმნიან ქართულ პროდუქციას წარწერით - Made in Georgia.

მაშინ როცა, უცხოელებში ქართული წარმოების პროდუქცია ასეთი პოპულარულია, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები რატომ უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას უცხოურ პროდუქციას? განსაკუთრებით მაშინ, როცა გავიაზრებთ, რომ ქართული პროდუქციის შეძენით ძლიერდება ქვეყნის წარმოება, რაც ეკონომიკას ავითარებს. თითოეული შეძენილი ქართული პროდუქტი მწარმოებელს აძლევს საშუალებას დაასაქმოს მეტი ადამიანი, რაც უფრო მეტი ოჯახის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვები ხელს უწყობს სავალუტო სირთულეების დაძლევასაც, რადგან ქართული პროდუქციის ყიდვისას ფული საქართველოს ეკონომიკაში ბრუნდება.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში არაერთი სოციალური კამპანია გააქტიურდა, რომლებიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. "პალიტრა მედია ჰოლდინგის" 2015 წლიდან აწარმოებს სოციალურ კამპანიას "იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა", რომელიც ქართული პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობასა და მათი შეძენისკენ მოწოდებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები მიხვდნენ, რომ მათ პროდუქციას ისევე აფასებენ თანამემამულეები, როგორც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსული ტურისტები. ამ შემთხვევაში ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს და მეტს იზრუნებენ ნაწარმის გაუმჯობესებასა და დახვეწაზე, ახალი პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, თითოეული ქართველის რეალური მხარდაჭერა, რომ არჩევანი მართლაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე გააკეთონ, ძალიან მნიშვნელოვანია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: agenda.ge