ავტორი:

"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება

"ასეთი რამ 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება" - გაიცანით ბათუმელი ოჯახი, სადაც 4 ტყუპი იზრდება

4 ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ექიმების თქმით, ასეთი რამ დაახლოებით 700 ათას შემთხვევაში ერთხელ ხდება. რადგან ასეა, გამოდის, ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახი შვიდასიათასს შორის ის ერთი და გამორჩეულია, რომელშიც 4 ტყუპი იზრდება - 2 ბიჭი და 2 გოგო. ბავშვების დედა თავადაც ტყუპისცალია. ტყუპებს - ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას კიდევ უფროსი და - ნინი და უმცროსი ძმა - ალექსანდრე ჰყავთ. ექსვშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ ეს არსებები მისი და მეუღლის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. სადაც კი დავდივართ ამ ბავშვებთან ერთად, ყველგან თბილი, ღიმილიანი და სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. სრულად უცნობები გვაჩერებენ და გამოგველაპარაკებიან. "თქვენ გაიზარდეთო" - სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები. ესენი ბავშვები კი არა, პოზიტივის მარცვლები არიან.

ნონა ვარშანიძე:

- ბედნიერი ვიყავი, როდესაც გავიგე რომ ტყუპების დედა უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ოთხის ერთდროულად. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ბიჭები უფრო დიდი წონისანი დაიბადნენ: ერთი 2,200 კგ, მეორე 2 კგ, გოგონები 1,900 კილოები. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. პირველ თვეში ბუნებრივად ვკვებავდი, მერე გადავედი კომბინირებულ კვებაზე. სიძნელეს ის წარმოადგენდა მხოლოდ, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდათ კვებაც, დაძინებაც... ამ ბავშვების ამქვეყნად მოვლენის დღიდან ჩემი და ჩემი მეუღლის ლექსიკონში არ არსებობს: ავად ვარ, არ შემიძლია... ჩვენ ყოველთის კარგად და შემათებით ვართ, რომ ამ ოთხს მივხედოთ, დამატებით მეხუთეს და მეექვსეს.

უფროსი ქალიშვილი უკვე სტუდენტია. ტყუპები 5 წლისანი არიან, ალექსანდრე 3-ის. ეს ნაბოლარა მეხუთე ტყუპისცალს უდრის, იმიტომ რომ ყველაფერში ტყუპებს ბაძავს და არაფრით არ უნდა შეიმჩნიოს მათ შორის არსებული 2 წელი, არც ფიზიკურად და არც საქციელით. გამოსდის თუ ვერ გამოსდის, სჭირდება თუ არ სჭირდება, ყველაფერს იძახის, აკეთებს, ისე როგორც ტყუპები. ალექსანდრეში, ორივე ძმა, დიმა და ანდრიაა გაერთიანებული, ცოტა ეშმაკობაც აქვს, ცოტა სიდინჯეც და ძალიან საყვარელია.

- ვიზუალურად ტყუპები ჰგვანან ერთმანეთს?

- რომ შეხედავ მიხვდები, რომ დედმამიშვილები არიან, მაგრამ ტყუპებივით არ გვანან. მე და ჩემს დას ვერ გვარჩევდნენ ერთმანეთისგან. როგორაა იცით, ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს ღია ფერის თმები და თვალები აქვს, მეორეს - მუქი. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს რომ დავაწვენ დასაძინებლად, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია.

- უფროსი შვილი გაგიგებთ, მაგრამ დანარჩენი 5-ნი როგორ ინაწილებენ მშობლებს?

- საქმეც მაგაშია, რომ ვერ ინაწილებენ, ვერ გვიყოფენ. ყველას თავისი წილი ყურადღება უნდათ. მე და დიმამ ეს კარგად ვიცით და ვცდილობთ სრულყოფილად იგრძნონ ბავშვებმა თავი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სითბო და დრო თითოეულს თანაბრად გავუნაწილოთ. პატარებიც რომ იყვნენ, მახსოვს 4 დღე ზედიზედ ვიარეთ ზოოპარკში. ერთ დღეს 1 ტყუპისცალი გვყავდა წაყვანილი, მეორე დღეს - მეორე და ასე ... ვერ წამოიდგენთ ამით ბავშვები როგორი ბედნიერები იყვნენ.

- ერთნაირი უნარ-ჩვევები თუ აქვთ?

- დემეტრეს ენების მიმართ აქვს ინტერესი. დაუჯდება მამამისს და ეკითხება ხოლმე: ეს რუსულად როგორ არის? ინგლისურად? მერე იმეორებს. არაჩეულებრივი გამოთქმა აქვს. ანდრია უფრო ჭამს სიტყვებს. ძილის წინ ვცდილობთ, რომ ლოცვა ხუთივეს რიგრიგობით წავაკითხოთ. დიმიტრი ისე გარკვევით, გამოთქმით კითხულობს, დიქტორი გეგონება. ანდრია მომენტებში სიტყვებს ყლაპავს, ჩქარობს. სამაგიეროდ, ანდრიას დაშლილი რაღაცების აწყობა მოსწონს, სიმეტრიულად ალაგებს ლეგოებს და შეუძლია ნაფიქრის ფიგურებით გამოსახვა, მშენებლობა მოსწონს. გოგოებიდან მაიკოს ლექსების გამოთქმით წაკითხვა ეხერხება, ცეკვაც, სიმღერაც - უფრო არტისტულია. ბარებარეს ვერ მოტაყუებ, ხომ არის რომ ხანდახან რაღაც არ გინდა გააგებინო და მეუღლეს ან თვალით ანიშნებ, ან... ვერ გამოაპარებ ვერაფერს ისეთი სხარტი გონება და თვალი აქვს.

- ამ ოთხეულში ლიდერი რომელია?

- ტვინით, აზროვნებით, სისხარტით ლიდერი ბარბარეა. და-ძმებიდან ყველას ყველაფერს გააკათებინებს, ისე რომ თვითონ არ იმოძრავებს.

ანრია ოთხივეზე მზრუნველია. მაღაზიაში რომ შეიყვან, მარტო თავისთვის არასდროს გაყიდინებს რამეს, ოთხივესთვის ითხოვს. პირველად ბაგა-ბაღში რომ შევიყვანე, გაოცებულები იყვნენ პედაგოგები, ჭამის დრო რომ მოსულა, მაგიდასთან მიუზიდია სკამები, დაუსვამს და-ძმები და ძიძისთვის უთქვამს: ამათ აჭამეთ და მეც შევჭამო.

თავ-თავიანთი ფერები აქვთ არჩეული და საჩუქარს ამ ფერებში ვუფუთავთ, ასე ადვილად ხვდებიან რომელი რომლისაა. ეტყობა თოვლის ბაბუამაც იცის ეს ამბავი და ამ პრინციით ასაჩუქრებს.

- დამხმარეები თუ გყავთ?

- ხან მშობლები გვეხმარებიან, ხან უფროსი ქალიშვილი, ჩემი ტყუპისცალი, ახლა მაგალითად, 2 ძიძა გვყავს. კარგია, როცა ბავშვს დედა ზრდის, მაგრამ ჩემს შემთვხევაში ფიზიკურად არ გამოდის, თუ ვინმე არ დავიხმარე. დასასვენებლადაც თუ გავდივართ ქალაქიდან - ყოველთვის დამხმარეებთან ერთად.

- ფიქრობდით როდესმე, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?

- 3 შვილზე ვოცნებობდი, რეალურ ცხოვრებაში კი ოცნებები გავაორმაგე.

რამდენ ოჯახს სურს შვილის აყვანა საქართველოში და რამდენი გასაშვილებელი ბავშვია რეგისტრირებული

ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"