როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."

როგორ დაიკლო ქუთაისელმა ჟურნალისტმა 150 კილო და როგორ ინარჩუნებს წონას - "რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება..."

ჭარბ წონას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ებრძვის, მაგრამ მისი დამარცხება ადვილი არ არის.

თანამედროვე მედიცინა ჭარბწონიანი ადამიანებისთვისაც განვითარდა და მისი საშუალებით, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები რეკორდულად მცირე დროში მოვიშოროთ. კუჭის დაპატარევების ოპერაცია სულ უფრო აქტუალური ხდება. სწორედ ამ ოპერაციისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით დაიკლო, ქუთაისელმა ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ ათეულობით კილოგრამი და ახლა საკუთარ გამოცდილებას AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს:

- რა ასაკიდან გაწუხებთ ჭარბი წონა?

- წონის მატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დავიწყე. საკვების მიღება ღამის საათებში მიწევდა და ამ ყველაფერმა წონის კატასტროფული მატება გამოიწვია. 7 წლის წინ დიეტით 90 კილო დავიკელი, რომელიც ორი წელი შევინარჩუნე. ამის შემდეგ დავიწყე კალორიების კვლავ გაორმაგებულად მიღება, ვინაიდან ყველაზე რთულია წონის შენარჩუნება... არასოდეს უნდა მისცე თავს იმის საშუალება, რომ ზომაზე მეტი საკვები მიიღო, რაც შენს წონასა და ფიგურას კატასტროფულად შეცვლის.

– რა იყო თქვენი მაქსიმალური წონა და ჯანმრთელობის პრობლემები თუ შეუქმნია ამ ყველაფერს თქვენთვის?

- მაქსიმალური წონა იყო ძალიან დიდი, 240 კილო. ახლა ამას თამამად ვამბობ, ადრე ვერ ვამხელდი. როგორც ყველას, მეც მაწუხებდა სუნთქვის პრობლემები და სხვადასხვა ჩივილები. წონის კატასტროფულ მატებასთან ერთად არ ვიცოდი რა დამეწყო, ეს ყოფილიყო დიეტა თუ ქირურგიული ჩარევა. დიდი წონა დიაბეტის ან სხვა დაავადების რისკთანაც მაახლოვებდა...

- რამდენად მზად იყავით ფსიქოლოგიურად, როდესაც დიეტას იწყებდი?

- ვერ მოგატყუებთ, რომ ამისთვის რაიმე ფსიქოლოგიური მომზადება დამჭირდა. რასაც ახლა მოვყვები, ვინმეს ზღაპრად მოეჩვენება, მაგრამ ეს ასეა. ერთ დღეს მომინდა წონის გაბარიტები შემეცვალა. ავდექი, დავურეკე მეგობარს და ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წავედით. როდესაც ჩავედი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბატონ კახა ქაშიბაძეს შევხვდი, რომელმაც მითხრა, დაიმახსოვრე, ისეთ ფორმაში ჩადგები, ვერავინ გიცნობსო. მართალი გითხრათ, კუჭის დაპატარავების ოპერაცია მალე დაიგეგმა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ. ოპერაციის მეორე დღესვე წამოვდექი, მოვწესრიგდი, დავდიოდი ჩვეულებრივად , მესამე დღეს ბატონ კახას კართან დავხვდი და ვუთხარი, რომ გავეწერე. მითხრა, რომ სახში თავად წამიყვანდა, მისი მანქანით, მაგრამ მადლობა გადავუხადე და სახლში ჩემი მანქანით დავბრუნდი. სწორედ მაშინ გაიგო ოპერაციის შესახებ ჩემმა ოჯახმა. ოპერაციიდან მეხუთე დღეს ვარძიაში, ამერიკის ელჩის მიღებაზე მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი. გაკვირვებულ მეგობრებს არ სჯეროდათ, რომ ოპერაცია გავიკეთე.

– წონის კლება როდის დაიწყო?

- პირველივე თვიდან დაიწყო წონის მკვეთრი კლება. დავდიოდი ფეხით. ხშირად მიწევს გასვლა ქვეყნიდან და ქალაქიდან, ესეც დამეხმარა ამ ყველაფრის გადალახვაში. იმდენად შემიყვარდა სასწორი, რომ საკუთარ ოთახში მიდევს, მადლიერების ნიშნად. მე მასთან ერთად დავამარცხე ჭარბი წონა.

- როგორ ინარჩუნებთ წონას?

- სიმსუქნე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაავადებად უკვე აღიარა. ის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა. მის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე ხერხი, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც არსებობს. საქართველოში გახდომის, ე.წ. "კუჭის დაპატარავების" ოპერაციები რამდენიმე წელია ტარდება. ყველაზე გავრცელებული და შედეგის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის კუჭის ოპერაცია დაპატარავების მეთოდით. კუჭის საერთო მასის 15 პროცენტი მაქვს დატოვებული. ბევრი ადამიანი მირეკავს, ბევრს თავად ვეხმარები, რომ გადაწყვიტოს და რაც შეიძლება მალე ჩადგეს ფორმაში. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არ არის პატარა ოპერაცია, ურთულესი ქირურგიული ოპერაცია გახლავთ, ამ ნაბიჯის გადადგმა ფსიქოლოგიურ განწყობასა და დიდ შემართებაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს და კუჭს გაზრდის საშუალება არ უნდა მისცე და გემრიელ საკვებზეც უარი უნდა ვთქვათ. ახლაც, წელიწადი და თვეა ვებრძვი ორ ადამიანს - ჩემს თავს და კუჭს. სამი ეტაპი კლებისა გადალახული მაქვს, ახლა სხეულის გადაკუნთვაზე უნდა გადავიდე, რაც ვარჯიშითაა შესაძლებელი.

- "ფეისბუქზე" ხშირად აქვეყნებთ სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებს, იქაურ სამზარეულოს არ აგემოვნებთ ხოლმე?

- ძნელია თავშეკავება გემრიელ სამზარეულოზე, ზოგჯერ ვჭამ და მწყინს. ეს საჭმელები ჩემი კუჭისთვის მძიმეა. ყავა, ნამცხვრის მხოლოდ კრემი, შოკოლადი, მზესუმზირა და იოგურტებია ჩემი ძირითადი საკვები, მაგრამ ესეც ძალიან ცოტა. ყველა ადამიანს საკუთარი მიდგომა აქვს კლებასთან დაკავშირებით, მეც იმის მიხედით თუ რა ერგება საკუთარ კუჭს და რა წყინს, იმას ვიღებ. ისე ვიკვებები, როგორც ორი თვის ბავშვი, სამუდამოდ გადავაგდე 150 კილო და კიდევ ვგეგმავ 10 კილოს მოკლებას, რომელსაც ვარჯიშის დროს მოვიცილებ. საერთო ჯამში ჩემი წონის კლება საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც 160 კილოიან კლებას დავაფიქსირებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, ახლა 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები" - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ