"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"

"თუ ასე მივყევით, ქალაქში მწვანე ნარგავი აღარ დარჩება!"

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე და 304-ე მუხლებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-ე, 641-ე და 151-ე მუხლებში ხის უკანონო გაჩეხის გამო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" განცხადებით, 2008 წელს ხის უკანონოდ ჭრის - 1776, ხოლო 2009 წელს 2305 ფაქტი აღირიცხა, ყოველწლიურად იმატებს ჯარიმის თანხაც, რომელმაც 2008 წელს - 1.066.317, 2009 წელს კი 1.422.182 ლარი შეადგინა.

"რაც მალე შევა კანონმდებლობაში ეს ცვლილებები, მით უფრო, მეტი მწვანე ნარგავის გადარჩენა გახდება შესაძლებელი", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე.

- ბატონო ნიკოლოზ, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც უკანონოდ მოჭრის ხეს?

- როდესაც პარლამენტში შევა საკანონმდებლო ინიციატივა, განისაზღვრება, რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება ადამიანს. ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები უკვე მივუთითეთ და ამ მუხლებში უნდა შევიდეს ცვლილება. თანხის განსაზღვრა იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ჯიშის და რამდენი ხე მოიჭრება.

თუ ეს ცვლილებები არ გაითვალისწინეს, მალე მწვანე ნარგავების გარეშე დავრჩებით, სამართალდამრღვევთა რიცხვი კი გაიზრდება და ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რადგან ხშირად სამართალდამრღვევი მზად არის, ჯარიმა გადაიხადოს და მწვანე ნარგავებისგან გათავისუფლებულ ადგილზე რესტორანი ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი განათავსოს, მაგრამ როდესაც ეცოდინება, რომ ჯარიმასთან ერთად იმავე ჯიშის ხეების გადარგვის ვალდებულებაც დაეკისრება, ხის მოჭრის სურვილი გაუქრება.

- სოფლის მცხოვრებლებს თუ ექნებათ საშუალება, რომ ტყეში მოჭრან ხე?

- გარემოს დაცვის სამინისტრო ოფიციალურად გასცემს შესაბამის მოწმობას, რის საფუძველზეც მიენიჭება უფლება, მოჭრას ხე სამასალე მერქნისთვის, ანუ კერძო მოხმარებისთვის. 5 კუბურ მეტრზე 111 ლარია გადასახდელი.

რაც შეეხება გამწვანებას, საქართველოს პატრიარქის ინიციატივაც იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ხე დაგვერგო, მაგრამ თუ ამ ინიციატივასაც ისე გაიგებენ, რომ  - ათი ძირი ხე დარგე და ოცი მოჭერიო, ამით სიტუაცია არ გამოსწორდება. პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან, საირმის გორაზე, ბაღი იყო გაშენებული, მთლიანად გაანადგურეს და აპირებენ შენობის აშენებას.

უამრავი შემთხვევა გვქონდა, რომ ხის მოსაჭრელად მისულა მერიის სამსახური, მაგრამ ხე არ ყოფილა გამხმარი და ჩვენი ძალისხმევით მისთვის მხოლოდ ტოტები მოუჭრიათ, ასე ბევრი ნარგავი გადავარჩინეთ.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"