ხელისუფლება სოფელს საძოვარსაც კი არ უტოვებს

ხელისუფლება სოფელს საძოვარსაც კი არ უტოვებს

პარლამენტი საძოვრებს სოფელს წაართმევს და, სავარაუდოდ, ვერა ქობალიას მისცემს. რა თქმა უნდა ქობალიას არც საძოვარი აინტერესებს და არც ხარ-ძროხა, მაგრამ ამ საკითხს რატომღაც ლაშა თორდია ჩაუღრმავდა და აქამდე გაუგონარი ინიციატივა გამოაცხო. ამ ინიციატივის გასამყარებელი არგუმენტები იმდენად უსუსურია, რომ აშკარად ჩანს მის ავტორებს საძოვარი და მასზე მობალახე შინაური ცხოველები თვალითაც არ უნახავთ.

თვითმმართველობებს ამჯერად საძოვრებს წაართმევენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კოლმიტეტმა კიდევ ერთი ინიციატივა წამოჭრა - თვითმმართველობებს არაეფექტური მართვის გამო საძოვრები ჩამოერთმევა და ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე გადავა. ამ ინიციატივამ სპეციალისტებს ბევრი კითხვა გაუჩინა - მთავრობა კომუნისტური წყობის აღდგენას ხომ არ გეგმავს ან სადღაც, მაგალითად, ჩხოროწყუს საძოვარი ცენტრმა როგორ უნდა მართოს.

საინფორმაციო სააგენტო "ჯიეიჩენის" ინფორმაციით, ეს ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ იმით ახსნა, რომ სახელმწიფო ერთიან სტრატეგიას ამუშავებს. ანუ თორდიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლება საძოვრებს უკეთ მართავს. რას ნიშნავს უკეთ მართვა ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განმარტა.

მისი თქმით, ხშირად იყო გაუგებრობები, როდესაც ერთი ადგილობრივი თვითმმართველობა მეორის მცხოვრებს საძოვრის მოხმარების საშუალებას არ აძლევდა, რაც ბევრ გაუგებრობას და პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, ეს საძოვრები ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაში გადავიდეს.

სინამდვილეში დავა იმის გამო კი არ არსებობს, რომ ამ საძოვრებს ვინმე უკეთ ვერ მართავს, ბევრ რაიონში საძოვრების სიმცირეა და დაპირისპირება სოფლებს შორის სწორედ ამის გამო წარმოიშვება ხოლმე. ასე რომ, მელიქიშვილის არგუმენტი ამ შემთხვევაში არ გამოდგება. საძოვარი თუ ცოტაა, ის გინდ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მართოს და გინდ ადგილობრივმა - მოსახლეობის მორიგებას ვერც ერთი მხარე ვერ მოახერხებს.

რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი კომიტეტის წევრის ბეჟან ხურციძის განცხადებით, თვითმმართველობებს სამართავი აღარაფერი რჩებათ.

"ვერ წარმომიდგენია საძოვრები ცენტრმა როგორ უნდა მართოს. კომუნისტური ხანაში ხომ არ ვბრუნდებით?", - უკვირს ბეჟან ხურციძეს.

ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, ყველა ქვეყანაში მიწებსა და საძოვრებს ადგილობრივი თვითმმართველობები განკარგავს. მისი თქმით, საძოვრების ცენტრისთვის გადაცემა გაუგებარია.

"საინტერესოა, ამ ინიციატივის ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ, რომ რომელიღაც სოფლის საძოვარი ეკონომიკის სამინისტრომ მართოს. ჯერ ერთი, რომ ეს ინიციატივა თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო ზრდის, გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ საძოვრების ეკონომიკის სამინისტროს მიერ მართვა წარმოუდგენელია", - ამბობს ნარმანია.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ყოველთვის რეგიონების განვითარების თვალსაზრისით თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხზე ხშირად აპელირებს. ამასთანავე, მას უფლებებს თანდათან ართმევს. თვითმმართველობები ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც ცენტრზე ისედაც მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი, ისინი თვალებში შეჰ-ყურებენ ფინანსთა მინისტრს რა რაოდენობის თანხას გაიმეტებს იგი მათთვის. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება.

კიდევ ერთი, ახალ საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტების ანგარიშგების წესს ფინანსთა მინისტრი ადგენს. კოდექსის მე-15 მუხლით, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (გარდა ქ. თბილისისა) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტებსაც ფინანსთა სამინისტრო აკონტროლებს. კოდექსის მე-19 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულებისა და ბიუჯეტების ასიგნებების ხარჯვის შემოწმებას ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში კი (57-ე მუხლის მე-4 პუნქტი) საკმაოდ კარგად არის ფორმულირებული, რომ საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით.

ხოლო თვითმმართველობების ბიუჯეტების სიმწირის პრობლების მოსაგვარებლად ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიღებული იქნა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ახალი ფორმულა. საკუთრივ ფორმულა ადრე მოქმედი ფორმულისგან არაფრით განსხვავდება, ხოლო რაც შეეხება მის უზრუნველსაყოფ კოეფიციენტებს, ის საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უნდა დაამტკიცოს და თანაც მანვე უნდა განსაზღვროს გამოთანაბრების კოეფიციენტი.

ასე რომ, თვითმმართველობებთან დაკავშირებით ხელისუფლება ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. სპეციალისტების განცხადებით, ტყეები, საძოვრები, ფინანსების განკარგვა - ცენტრალურ ხელისუფლების ხელში ექნება, ხოლო მასზე დამოკიდებული თვითმმართველობების ერთადერთი საქმიანობა არჩევნების მოგებაღა რჩება.

მაკა ხარაზიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"