2007 წლის მერე გაკეთებულ მიშენებებს დაანგრევენ

2007 წლის მერე გაკეთებულ მიშენებებს დაანგრევენ

დაახლოებით ორიოდე წლის წინ თბილისელები შეაფიქრიანა მერიის განცხადებამ ამოშენებული ლოჯიებისა თუ მიშენებული აივნების მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ. თუმცა, განცხადება განცხადებად დარჩა და კანონიერად თუ უკანონოდ იერშეცვლილი ფასადები ხელუხლებელი დატოვეს.

უკვე კვირაზე მეტია, რაც მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური თბილისელებს უკანონოდ ჩატარებული მიშენებების მოსალოდნელი დაჯარიმებისა და დემონტაჟის შესახებ აფრთხილებს.

10 000-ლარიანი ჯარიმა და კონსტრუქციების დემონტაჟი 2007 წლიდან ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს ემუქრება; მათ ვინც ლოჯიების ამოშენება, აივნების მიშენება-ამოშენება 2007 წლამდე მოასწრო, უკანონო მშენებლობაში არ ჩაეთვლებათ და შესაბამისად შეუნარჩუნდებათ, განუცხადეს "რეზონანსს" მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში.

საქართველოს მთავრობის 357-ე 24/03/2009 წ დადგენილების შესაბამისად, შენობა-ნაგებობების ფასადებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება საჭიროებს მშენებლობის ნებართვას - ნათქვამია მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.

როგორც ამავე სამსახურში აცხადებენ, აკრძალულია უნებართვოდ ლოჯიის ამოშენება, აივნის მიშენება ან ამოშენება, ფასადზე ახალი ღიობების გამოჭრა, არსებული ღიობის გაფართოება ან ამოშენება და მსუბუქი კონსტრუქციების განთავსება. მსგავსი უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოები ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს და არღვევს ახლად რეკონსტრუირებული საცხოვრებელი კორპუსების ერთგვაროვან არქიტექტურულ სახეს.

სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოება წარმოადგენს სამშნებელო სამართალდარღვევას და "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად გამოიწვევს დამრღვევის პირი დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შენობა-ნაგებობის ფასადზე უნებართვოდ მიშენებული ან ამოშენებული ობიექტის დემონტაჟის შესახებ.

ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მათი კუთვნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების დამახინჯებისაგან და ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ წარმოებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

"უკვე ათი წელია, რაც მე და ჩემი ოჯახი ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობთ. ბინის ყიდვისთანავე გაფართოების მიზნით ლოჯი ამოვაშენეთ. ადრეც თქვეს, რომ მიშენებებს დაგინგრევთო, ქალაქის იერსახეს ამახინჯებსო, ეს ჩვენც კარგად გვესმის, მაგრამ რა ვქნათ?!" - ამბობს ერთ-ერთი მიშენებული ბინის პატრონი.

როგორც ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, მათ, ვინც 2007 წლამდე ამოაშენა ლოჯიები, მიაშენეს აივნები და ა.შ. ლეგალიზებულად ჩაუთვლიან და დაუკანონებენ, ხოლო 2007 წლის შემდეგ შესრულებული ყველა მსგავსი სამუშაო უკანონოდ ჩაითვლება და დემონტაჟსა თუ დაჯარიმებას დაექვემდებარება. თუმცა, სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ჯერ გაფრთხილებით დაიწყება.

"მხეცები კი არ ვართ, პირდაპირ ვეცეთ და დავუნგრიოთ. ზედამხედველობის სამსახური ჯერ გააფრთხილებს, მოსთხოვს შესაბამისს დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებს ამ მშენებლობის კანონიერებას. იმ შემთხვევაში თუ მსგავსს დოკუმენტს ვერ წარმოადგენენ, ზედამხედველობის სამსახური მათ გარკვეულ ვადას მისცემს, რომ ფასადს პირვანდელი იერსახე დაუბრუნონ. ამის შემდეგ საქმე გადაეცემა სასამართლოს და თუ მოცემულ ვადაში (3 თვე) არ გამოასწორებენ, მაშინ სამმაგი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 10 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც კანონმდებლობით არის დაწესებული, კიდევ შეღავათიანია," - აცხადებენ ზედმახედველობის სამსახურში.

სალომე გოგოხია

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"