კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:20 / 20-07-2010
შეგიძლიათ წაიკითხოთ მხოლოდ სომხურად ან ინგლისურად!.. ვააა!
ურეკი... აქ ღამის დისკოთეკებზე უცხოური მუსიკის რიტმს აყოლილი ახალგაზრდების მხიარულება ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა. რა ხანია, უცხოური მუსიკა სომხურმა ჰანგებმა შეცვალა. აშკარაა, ზღვას დანატრებული მეზობლებისგან ადგილობრივი მოსახლეობა დიდად ხეირობს. ზღვისპირეთს სტუმარი არ აკლია და სომხური სიმღერებიც მთელი ღამის განმავლობაში გაისმის.

ასე რომ, ქართველ დამსვენებელს ისღა დარჩენია, სტუმართმოყვარეობა გამოიჩინოს და ღამეები ამ ჰანგებით გაათენოს. სწორად გამიგეთ, თავადაც მიხარია, რომ საქართველოს საკურორტო ზონას ბევრი არაქართველი სტუმარი ჰყავს. მათი მოხიბვლა არა მარტო საუცხოო ლანდშაფტით, ზღვითა და ს
ამკურნალო ქვიშით, არამედ ქართული კულტურითაც ურიგო არ იქნებოდა.

ამ ფიქრში გართულს, არცთუ ურიგოდ შესრულებული, გატეხილი ქართულით ნამღერი სიმღერა შემომესმა. ზღვის სანაპიროსთან  რუსები "საქართველოო ლამაზოს" მღეროდნენ... ქუთაისელები ვართ, ქართულად მოლხენა გვიყვარს და სიმღერაც რომ არ მოვაყოლოთ, როგორ შეიძლებაო?! - მითხრეს გაბადრულებმა. იქ, სადაც ურთიერთპატივისცემაა, კომფორტი და კეთილგანწყობა ისადგურებს. ამის გადმოცემა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფრაზით შეიძლება: "კაგდა მნე ბუდეტ პრიატნა, ტებე ტოჟე ბუდეტ პრიატნა!"

რა ვქნა, ჩემი ქვეყნისადმი უცხო ქვეყნის შვილის უპატივცემულობას ვერასოდეს შევეგუები. მით უმეტეს, თუ ის კანონსაც აბუჩად იგდებს და საკადრისად პასუხის გამცემიც არ ჰყავს.

ურეკის ცენტრში შესვლისთანავე უზარმაზარი სომხური სარეკლამო ბანერი მომხვდა  თვალში, სადაც ერთი სიტყვაც არსად ეწერა ქართულად. ეს კი გარდა იმისა, რომ "რეკლამის შესახებ" კანონის უხეშად დარღვევაა, იმ ხალხისადმი უპატივცემულობაცაა, რომლის ქვეყანაშიც ბიზნესი გაქვს და ფულს შოულობ.

ამ ჩემი ცოდვით სავსეებს ისე იეროგლიფებივით გაუშანშალებიათ სომხური ასოები, გეგონებათ, ბალღობიდან ამ ენას ვსწავლობდით. სავსებით სერიოზულად ვიფიქრე, ალბათ, აქაურებს სომხური უკვე ეცოდინებათ-მეთქი და იქვე, ჩეროში მოკალათებულ მშენებლებს ვკითხე:

"იქნებ მითხრათ, აქ რა წერია?!" "მაი რა ვიცით ჩვენ. სომხურად წერია! ეგერაა რესტორანი და იმის პატრონი გაგცემთ პასუხს!" - მითხრეს მშენებლებმა და სარეკლამო ბანერის გასწვრივ, გზის საკმაოდ დაცილებული "მრავალფუნქციური" სახლისკენ მიმითითეს. "მრავალფუნქციურს" სიტყვაზე ვამბობ, თორემ მისი წარწერებით თუ ვიმსჯელებთ, ამ დაწესებულებას რა დანიშნულება აქვს, ვერც კი მიხვდებით, რადგან წარწერები სომხურად აქვს.

ქართულად მხოლოდ ის არის მითითებული, რომ ოთახები ქირავდება. კედლის ჩაყოლებაზე შედარებით პატარა ასოებით ინგლისურად "კაფე-ბარი" წერია.
შევდივარ ეზოში, ვაჩერებ ქალს, რომელიც ქვაბით ხელში სახლისკენ მიდის. მასაც ვთხოვ განმარტებას, რა ფუნქცია აქვს ამ შენობას და რა ჰქვია.

- ეს სასტუმროა, რომელსაც ვემსახურები, სახელი კი რა ჰქვია, ვერ გეტყვით! - უხერხულად იღიმება ქალი.
- როგორ, სად მუშაობთ არ იცით? - ვეკითხები გაოცებული.
- არა... ჩემს საქმეს ვაკეთებ და სახელით არც დავინტერესებულვარ, - მეუბნება და  ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პატრონს ეძახის, რომელიც ქართველი, თინიკო ავალიანი აღმოჩნდა...

- ამ სასტუმროს "ნეპტუნი" ჰქვია.
- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნამდვილად "ნეპტუნია"?
- ზედ აწერია.
- სომხური მე არ ვიცი. ქართულად რატომ არაფერი აწერია?
- აწერია... (თინიკო ისე ათვალიერებს სასტუმროს ფასადს, გეგონება, პირველად ხედავსო. ბოლოს ქართულ დასახელებას თავად რომ ვერ პოულობს, იხტიბარგატეხილი ჩანს. - ავტ.). ეწერა ქართულადაც, მაგრამ, ეტყობა, ქარმა ჩამოხია (!), წავალ და მთლად უფროსს ვთხოვ, დაგელაპარაკოთ.

"მთლად უფროსი" თურმე ვინმე დათო ყოფილა, სომეხი, რომელმაც რატომღაც თავიდანვე აგრესიულად მომმართა: "კი მაგრამ, ვინ ხართ და რა გნებავთ?! აბა, წარმომიდგინეთ საბუთი!" რამდენიმე მოწმობიდან ერთ-ერთი ანგარიშმიუცემლად გავუწოდე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემი აკრედიტაციის მოწმობა აღმოჩნდა.

- გზად სარეკლამო ბანერი დავინახე სომხურ ენაზე. ხომ ვერ მეტყვით, ქართულად რატომ არაფერია მითითებული? - ვკითხე თავაზიანად.
- გზას თუ განაგრძობთ, ინგლისურადაც ნახავთ "ნეპტუნის" რეკლამას. ქართულად რა საჭიროა! ბავშვები პირველი კლასიდან სწავლობენ ინგლისურ ენას, სომხური თუ არ იციან, სარეკლამო წარწერას ინგლისურადაც წაიკითხავენ (?!).

- საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. "რეკლამის შესახებ" კანონი გავალდებულებთ, სარეკლამო ბანერზე წარწერა ქართულადაც იყოს, - ვუხსნი "ნეპტუნელს" (შეგნებულად არ ვუსვამ მის ეროვნებას ხაზს, რომ ვინმემ ქსენოფობია არ დამწამოს. - ავტ.).

- თქვენ რა მიზნით ხართ მოსული? - უფრო აგრესიული ხდება ჩემი თანამოსაუბრე.
- დათო, რა გვარი ბრძანდებით? - ვცდილობ, საუბარში ავიყოლიო.
- რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ რამე დავალება გაქვთ თუ?
- არავითარი დავალება არა მაქვს. უბრალოდ დავინტერესდი, რატომ არ გინდათ ქართული სარეკლამო წარწერების გაკეთება?
- კიდევ გიმეორებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ სომხურად ან ინგლისურად (!).

ამ დროს ტელეფონი მოვიმარჯვე და მისი გადაღება დავაპირე. ღიპიანი, წელზემოთ შიშველი, შორტებში გამოწყობილი მოსაუბრის გაღიზიანებამ პიკს მიაღწია, სწვდა ჩემს ტელეფონს და მისი წართმევა დააპირა. წინააღმდეგობას რომ წააწყდა, ხელი გადამიტრიალა. ამიტომ ვერ მოვახერხე მისთვის ფოტოს გადაღება. სულ წივილ-კივილით გავაშვებინე აპარატზე ხელი. "ნეპტუნელი" მემუქრებოდა, კერძო საკუთრებაში ხარ და პრობლემებს შეგიქმნიო. ორი ნაბიჯით უკან დავიხიე და ეზოდან გასულმა მივაძახე, ესეც ხომ კერძო საკუთრება არ არის-მეთქი და გადაღება დავიწყე, მაგრამ დათომ მოქუსლა და გაუჩინარდა.

როგორც შევიტყვე, შენობა ქართველის საკუთრება ყოფილა და ის სომეხ ბიზნესმენს ჰქონია დაქირავებული.
ცხელ გულზე ურეკის პოლიციაში შევიარე და ვიკითხე, მოგწონთ, საკურორტო ზონაში სარეკლამო წარწერები მხოლოდ სომხურ ენაზე რომ არის და არა ქართულზე-მეთქი.

- მართალი ბრძანდებით, ერთი-ორს უკვე ჩამოვახსნევინეთ და ახლა "ნეპტუნსაც" მივხედავთ, - მითხრეს და მთხოვეს, მათი სახელები და გვარები არ დამესახელებინა, რადგან ორგანოს თანამშრომლებს ჟურნალისტთან საუბრისათვის შსს-ს პრესსამსახურისაგან ნებართვა სჭირდებათ. პოლიციელებს "ნეპტუნელი" დათოს თავგასულობაზე რომ ვუამბე, სწრაფად ჩასხდნენ ავტომობილებში და სომხური სასტუმროსკენ გასწიეს.

ვაჟა ჭანუყვაძე, ურეკის გამგებელი: -  უკვე დამიკავშირდა ამის თაობაზე ადგილობრივი პოლიცია. თავადაც ვესაუბრე "ნეპტუნის" მფლობელებს.  გპირდებით, რამდენიმე დღეში გამოსწორდება ყველაფერი. ბოდიშს ვიხდი, რომ ჯერ ისევ სომხურადაა რეკლამა. სულ მალე  ყველა სარეკლამო ბანერი ქართულადაც იქნება და, თუ უნდათ, სომხურადაც.

- მაგრამ რეკლამა მხოლოდ სომხურ ენაზე კანონის დარღვევაა, რომლის დაცვაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი მოქალაქის ვალია. ამის აღსაკვეთად არსებობს ადმინისტრაციული სასჯელი. რატომ არ დაეკისრა ის "ნეპტუნის" დამქირავებელ პირს?

- მე უფლება მაქვს მომხდარი ოზურგეთის გამგეობას ვაცნობო, არავის დასჯის უფლება პირადად მე არა მაქვს. სიტყვიერად კი ვაფრთხილებ ბიზნესსაქმიანობით დაკავებულ პირებს, მაგრამ არაფერი გამოდის (!).

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის წევრი: - გარე რეკლამის განთავსება უნებართვოდ (ე. ი. კანონდარღვევით)  500 ლარით ჯარიმდება. თუკი, რეკლამის განმთავსებელი წაყენებულ მოთხოვნას არ დაემორჩილება და "რეკლამის შესახებ" კანონის დარღვევას განაგრძობს, ადმინისტრაციული კოდექსით მას თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა დაეკისრება. ასეთ დროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებას და შსს-ს ორგანოს თანამშრომელი წარადგენს კანონდამრღვევს ადმინისტრაციულ სასამართლოში, სადაც მას სანქციას დააკისრებენ.

P.S. ჩვენ კი როგორც მოცემული სიტყვის, ასევე კანონის აღსრულებასაც მოველით. და როცა ურეკში ახალი ქართულენოვანი სარეკლამო ბანერი აღიმართება, ამასაც სიამოვნებით გაცნობებთ.

ეკა ასათიანი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
23:51 / 19-11-2017  Image თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტი დატოვა, მას უკრაინიდან სამწლიანი დეპორტაცია აქვს
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49