"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"

"პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია"

რუსი მწერალი ნიკოლაი გოგოლი არქიტექტურას თავისი დროის საუკეთესო ჟამთააღმწერლად მიიჩნევდა... ამ სფეროში განვითარებულ პროცესებსა და პრობლემებზე გვესაუბრება არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი:

- თბილისის არქიტექტურისთვის, გარდა ევროპულ-აზიურისა, ბევრი სხვა არსებითი ნიშანი და "ნაზავიც" არის დამახასიათებელი, ამიტომ, რომელიმე მათგანის შენარჩუნება მხოლოდ მის სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული.

აქ ძალადობა დაუშვებელია, რადგან, თუ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, წინასწარ განსაზღვრული არქიტექტურული სტილის ხელოვნურად დანერგვა ან დაკვეთით რაიმეს შენარჩუნება გამორიცხულია.

არქიტექტურა კარნახით მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების დროს ან ავტოკრატიული მმართველობისას ვითარდება.

ამიტომ, როცა ამგვარი პროცესი მიმდინარეობს არქიტექტურაში, დასტურდება, რომ ქვეყანა არადემოკრატიული გზით მიდის. ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი საქართველოა, რადგან მშენებლობა და რესტავრაცია მთლიანად პოლიტიზებულია.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება თბილისის ახალმშენებლობებისადმი - პრეზიდენტის სასახლე, შუშის შენობები, ხიდები. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "შუშა ყველაზე დემოკრატიული მასალაა"?

- შუშა შესანიშნავი სამშენებლო მასალაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მე-19 საუკუნიდან დღემდე. გააჩნია, როგორ, სად და რა ფორმისას ირჩევ. ქვეყნის პრეზიდენტი, თბილისის მერი, ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა სამშენებლო პროექტზე თუ ძველი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე,  უფრო მეტიც, თვითონ მუშაობენ ამ პროექტებზე. ავლაბრის სასახლის მშენებლობა  უკანონო იყო, რაც თავიდანვე კარგად აჩვენებდა პრეზიდენტის დემოკრატიულობას და ზოგადად - კანონმორჩილებას. მისი დაწყება ინაუგურაციიდან ორ კვირაში გამოცხადდა.

ითქვა, რომ პრეზიდენტს დიდი რეზიდენციის აშენება არ სურს, რომ იქ, უბრალოდ, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და ა.შ. თუმცა, მისი მშენებლობა 5 წელიწადს გაგრძელდა, ათეულობით, რომლებმაც თუ ასეულობით მილიონი დაიხარჯა და საბოლოოდ მდარე გემოვნების და ძველი თბილისისთვის შეუფერებელი არქიტექტურა მივიღეთ.

თვითონ პრეზიდენტი მშენებლობის პროცესში აქტიურად ერეოდა - კვერცხის ფორმის გუმბათი მთლიანად მისი იდეაა. რაც შეეხება ახალ ხიდს, ინტერნეტში, მსოფლიოს არქიტექტურის სიახლეების გვერდზე (http://www.worldarchitecturenews.com/index.phpfuseaction= wanappln.projectview&upload-id=14224) მხოლოდ ღამით გადაღებული ფოტოებია განთავსებული და აღნიშნულია, რომ ეს ხიდი ძველ და ახალ უბნებს აკავშირებს ერთმანეთთან, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

დღისით გადაღებული ფოტოები რომ გამოექვეყნებინათ, ყველა მიხვდებოდა, რომ ამ ხიდმა, რომელსაც ხალხმა უმალ მოუძებნა ორი მეტსახელი - "ოლვეიზ ულტრა" და "მიშას პამპერსი" - თბილისის ერთ-ერთი უძველესი და  ლამაზი ნაწილი დაამახინჯა. პრეზიდენტის თქმით "ეს ხიდი არის საქართველოს წარსულიდან მომავლისკენ მიმავალი გზის სიმბოლო".

თუმცა ხალხში იგი სულ სხვა ასოციაციას იწვევს - ყველამ კარგად იცის, რა შეარქვეს ამ ხიდს თბილისელებმა, ან რად უნდა ხიდს სახურავი? აეროპორტის ტრასაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ჩვეულებრივი მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც გარს შუშის ტალღოვანი კონსტრუქცია აკრავს,  სრულიად უხარისხოა როგორც მისი შუშა, ასევე შესრულების ხარისხი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამინისტროს მშენებლობა 30 მილიონი დაჯდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს რიცხვი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, გაბერილია, - არავისთვის არის საიდუმლო, რომ ასეთ მშენებლობებზე დიდი ფული კეთდება...

ახალ ხიდთან დაკავშირებით ქალაქის ყოფილ მთავარ არქიტექტორს, ნიკა ჩხაიძეს, საკრებულოს დეპუტატს, მეტად "საინტერესო" მოსაზრება აქვს, იგი ამბობს, რომ "ტუალეტებით არ იწყება განვითარება... ამ ხიდის აშენება უფრო მნიშვნელოვან ატრაქციას შექმნის, რასაც ავტომატურად მოჰყვებიან ის ინვესტორებიც, რომლებიც ტუალეტებს ააშენებენ. ეს არ არის უბრალო ხიდი, ეს არის სიმბოლო, რომელიც ამ პერიოდის ნიშნად დარჩება საუკუნეების განმავლობაში..."

სხვა საკითხია, რომ ამგვარი მშენებლობების ბედი წყდება გაუმჭვირვალედ, კონკურსის გარეშე, ეს სფერო მთლიანად პოლიტიზებულია. პრეზიდენტი ამას არც მალავს, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ჰოლანდიური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ არქიტექტორობა უნდა. ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა თავის სტატიაში აღნიშნა, რომ როცა პრეზიდენტის კაბინეტში შევიდა, სააკაშვილი ბათუმის რეკონსტრუქციის პროექტს განიხილავდა. ამ საკითხისადმი არაპროფესიული მიდგომის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მომრავლდა დაუმთავრებელი მშენებლობები, ქრება პარკები და სკვერები, იზრდება სატრანსპორტო საცობები..

- როგორია თქვენი აზრი რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე რეკონსტრუქცია-აღდგენით სამუშაოებზე?

- ჩემი აზრი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უარყოფითია. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ გაკეთდა სიღნაღი, და რა მივიღეთ ასეთ სწრაფი რეაბილიტაციით.  ამიტომ ქვემო კალას რეაბილიტაციას ხალხმა "სიღნაღიზაცია",  აღმაშენებლის გამზირს კი "მანსარდიზაცია" ანუ "ბათუმიზაცია", შეარქვა, რადგან ბათუმში ყველა "რეაბილიტირებულ" სახლს დაადგეს მანსარდები, რომლებიც გაურკვეველი სტილის ჩუქურთმებით იმკობა, იღებება და ნათდება.

ასეთივე "ნოვაციები" ხორციელდება აღმაშენებლის გამზირზე, მათ შორის, კინოთეატრ "აპოლოზეც" იყო დამატებითი სართულისა და მანსარდის დაშენების მცდელობა. ამის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილსაც მივწერე.

"აპოლოს" შენობა 1909 წელს არის აშენებული როგორც კინოთეატრი და მსოფლიოში დღემდე შემორჩენილი ძველი კინოთეატრებიდან საუკეთესოა, მასზე მანსარდის დადგმა დაუშვებელია, ხოლო გუმბათი, რომელიც ასე უყვარს პრეზიდენტს, ამ შენობას ისედაც აქვს. დაგვპირდნენ, რომ ჩვენს შენიშვნას გაითვალისწინებენ. ნაჩქარევი რეკონსტრუქცია ქალაქს იერს უკარგავს.

რუსთაველის გამზირი ლითონის უშნო ღობითა და აწეული გაზონებით მთლიანად შეიცვალა. მისთვის დამახასიათებელი სივრცე, სილაღე დაკარგა. ეს შეიძლება გემოვნების საკითხია, მაგრამ ყველაფერი ერთი კაცისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის გემოვნებით არ უნდა წყდებოდეს. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები ახლა იწყება და ამაზე ჩემი შეშფოთება უკვე გამოვთქვი.

ამ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელსაც თვითონ პროფესიული კონტროლის მექანიზმი არა აქვს, სახელმწიფოს კი - გამართული ძეგლთა დაცვის მონიტორინგის სამსახური.

ამიტომ "აღდგენითი" სამუშაოები მეტად სავალალო შედეგით მთავრდება ხოლმე.  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოსა და თბილისში გიორგი ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის სააგენტოს და ძველი თბილისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებს და სადაც საკმაოდ  მაღალი ხელფასებია, მაგრამ ისინი არ ან ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალობას.

რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებზე განხორციელებული აღდგენითი სამუშაოები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ან როგორ მიმდინარეობს ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რესტავრაცია? თავად მეცენატი საბოლოო შედეგით ხომ უნდა იყოს დაინტერესებული?

ან კიდევ - რამდენი შადრევანი უნდა აშენდეს? დაითვალა კი ვინმემ, რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამდენი ერთნაირი შადრევანი ყველა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე? ამ შადრევნებიდან მხოლოდ ხუთი პროცენტი თუ დაიდგა სკვერებსა და პარკებში, დანარჩენი სამანქანო ტრასებსა და მოედნებზეა განთავსებული ისე, რომ ადამიანი ვერ მიუახლოვდება! ეს ხომ სრული ნონსენსია!

- ბოლო ხანს აშკარაა უცხოელი არქიტექტორების მოწვევის ტენდენცია, რაც, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქალაქის არქიტექტურას...

- საქართველოში არქიტექტურა რუსეთის იმპერიის პირობებშიც კი, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა, არაერთი უცხოური კომპანია, ოსტატი  თუ არქიტექტორი შემოდიოდა. რაც მთავარია, ყველა შენობა თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, ოპერისა და თეატრების შენობების ჩათვლით, კონკურსის წესით შენდებოდა. დღეს კი საერთოდ აღარ ტარდება კონკურსები.  რაც შეეხება უცხოელი არქიტექტორების გახშირებულ მოწვევას, მექანიზმი ასეთია:

ქართველი არქიტექტორები, რომლებიც  მმართველ პარტიასთან არიან დაახლოებულნი,  აქტიურად შუამავლობენ უცხოელ არქიტექტორებსა და პოლიტიკოსებს შორის, რათა მათ დაურკოლებლად მიიღონ სხვადასხვა სახის ნაგებობების შეკვეთა. ესპანელ არქიტექტორთა იმ ჯგუფს, რომელმაც გმირთა მოედანზე მემორიალი შექმნა, დაახლოებით ასეთივე ფორმისა და მოცულობის სამუშაოები აქვთ გაკეთებული ესპანეთშიც და ბათუმშიც, სულ კი 15-მდე პროექტი აქვთ შეკვეთილი საქართველოს ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის სხვადასხვა რგოლიდან და ყველა მათგანი კონკურსის გარეშე.

შუამავლები ამ პროექტებით ხელს ითბობენ, პასუხისმგებლობა კი არ ეკისრებათ. ასე რომ, არქიტექტურაშიც ყველაფერი ისე წყდება, როგორც არადემოკრატიულ სახელმწიფოში - არც საჯარო კონკურსი ცხადდება, არც პროექტის ბიუჯეტია საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ სულ ცოტა, მორალური პასუხისმგებლობა მაინც მოუწევთ იმათ, ვინც ამ უგემოვნო, მდარე ხარისხის მშენებლობებს დღეს მწვანე შუქს უნთებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"