ინგა გრიგოლია გეიაღლუმს პოლიტიკური ტრიბუნიდან გააპროტესტებს

ინგა გრიგოლია გეიაღლუმს პოლიტიკური ტრიბუნიდან გააპროტესტებს

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. დიდი ხნის წინ დაანონსებული გეიაღლუმი თბილისის მაგივრად ბათუმში გაიმართება. მართალია, ბათუმის მერია აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს, მაგრამ ინტერნეტფორუმებში 26 აგვისტოს აღლუმზე საუბარი არ ცხრება. სატელევიზიო არხები დუმს, კომენტარი არც ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ.

გადავწყვიტეთ, ბურუსით მოცულ აღლუმზე ინფორმაცია პოლიტიკოსებისგან მაინც მოგვეპოვებინა. პირველად ჯონდი ბაღათურიას დავურეკეთ. მოგეხსენებათ, როგორ უყვარს ყველაფრის გაპროტესტება, რაც ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, კომენტარზე ოფიციალური უარით გამოგვისტუმრა. უარი არ უთქვამს ინგა გრიგოლიას:

- ინგა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ 26 აგვისტოს გეიაღლუმზე?

- არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მეც მხოლოდ ჭორის დონეზე გავიგე. საქართველოში ამის დაგეგმვა ძალიან დიდი უაზრობაა. ქვით ხელში არ დავდგები, მაგრამ აუცილებლად გავაპროტესტებ. ამისთვის კი ჩემს პოლიტიკური ტრიბუნას გამოვიყენებ. იცხოვრონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებმა, მათ არავინ ერჩით, მაგრამ ცხვირში ნუ გვაჩეჩებენ.

- თქვენი აზრით, ვის სჭირდება მსგავსი აღლუმის ჩატარება?

- არ ვიცი, თუ იმიტომ კეთდება, რომ მერე ბევრი გრანტი აიღონ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა გახდება მათთვის. თუ მსგავსი რამ ჩატარდა, ალბათ დაარბევენ. მერე კი სათქმელი ექნებათ, აი, საქართველოში ირღვევა განსხვავებული ორიენტაციის მქონეთა უფლებებიო. ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტად პატრიარქს ენდობიან, ნორმალურ ადამიანს ეს თავში აზრად როგორ მოუვიდა?! სულ გაუფრენიათ.

- ახლა ბათუმში ხართ, თუ გეიაღლუმი გაიმართა, როგორ მოიქცევით?

- როგორც გითხარით, აუცილებლად გავაპროტესტებ. მართალია, ლიბერალი ვარ, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩემს ქვეყანაში ასეთი აღლუმები დამკვიდრდეს.

- როგორ ფიქრობთ, ქართველები გაბედავენ მონაწილეობას?

- ბოლო პერიოდში ტელევიზიით იმდენი გეი და ლესბოსელი ვნახე, გამოვლენ, აბა, რას იზამენ. აუცილებლად აღნიშნეთ, ჩვენი პარტია გამორიცხავს მსგავსი აღლუმების მხარდაჭერას.

ინგას არც კახა კუკავა ჩამორჩა:

- ამ მთავრობისგან არაფერი არ მიკვირს. ბოლო დროს ოფიციალურად ძალიან ბევრი გეისა და ლესბოსელის ფონდი დარეგისტრირდა. ბათუმი სააკაშვილის საყვარელი ქალაქია და ალბათ იქ იმიტომ ატარებენ, ბოლომდე უნდა შეიტანონ ცივილიზაცია. დევნილების გამოყრა, გეიაღლუმები - ეს გაზაფხულის არჩევნებზე შემოხაზული 5-იანის სასჯელია. დიდი ხანია, რაც სატელევიზიო არხებით ამის პროპაგანდა დაიწყეს.

- რატომ არ გააპროტესტეთ, როცა პროპაგანდა დაიწყო?

- როგორ არ გავაპროტესტეთ, ხომ არ მივიდოდით და ნანკა კალატოზიშვილის გადაცემასთან დავდგებოდით. საქართველოში სერიოზული რაღაც მზადდება. ძალიან უნდათ, ლესბოსელებისა და გეების უფლებების ლეგალიზება მოახდინონ და მათ ოფიციალური ქორწინების უფლება მისცენ. ოღონდ გულწრფელად გეტყვით, ეს არც ნანკა კალატოზიშვილის ბრალია და არც ფონდ "ინკლუზივის". ეს სააკაშვილის ბრალია.

- კი მაგრამ, ბატონო კახა, რისთვის სჭირდება მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია?

- იმისთვის, რომ ოკეანის გაღმიდან მხარდაჭერა მოიპოვონ. ეს აღლუმი შეიძლება, ძალიან მასშტაბური არც იყოს. ჯერ შეგვაჩვევენ, მაგალითად, რუსეთში რომ გაბედეს, ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არ არის ნებადართული.

- როგორ ფიქრობთ, გაბედავენ ქართველები სახის გამოჩენას?

- მთავარი კი არ არის გაბედავენ თუ არა, არამედ ის, საერთოდ შედგება თუ არა ეს აღლუმი.

- ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთეთ, არჩევნებზე მათ მხარდაჭერას არ უნდა ელოდოთ...

- მე მაგათი ხმები არც მჭირდება. საქართველოში არ არიან იმ რაოდენობით, რომ ელექტორატად იყოს საჭირო.

ანრი ჯოხაძე ჩვენმა ზარმა ძალიან გაამხიარულა. ჯერ გამოფხიზლდა, მერე იფიქრა და ბოლოს საუბარი დაიწყო.

ანრი ჯოხაძე:

- რა ვიცი, რა გითხრათ. გაიარონ, გაისეირნონ, რა მოხდა. ტელევიზიით მინახავს, ასეთი აქციები საკმაოდ განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულა. მოიცა, ვფიქრობ მაგ თემაზე (იცინის).

- ანუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს?

- არა, მაინც ამის აფიშირება მეგოიმება. თუ ვინმე განსხვავებული ორიენტაციის არის, იყოს მერე, ვინ უშლის. საქართველოში ჩატარებული გეიაღლუმი მაინც მგონია, პედერასტობის პროპაგანდა იქნება. ამერიკაში ასეთი აღლუმები მათი უფლებების დასაცავად ტარდება.

- ტელევიზიით ხშირად გვესმის მათი აღსარებები...

- ყველანი ადამიანები ვართ და მეც მყავს სამეგობროში გეიც და ლესბოსელიც, მაგრამ ჩემთვის შოკის მომგვრელია ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ. ესენი გეები და ლესბოსელები კი არა, ავადმყოფები არიან, კესარიას გამოკლებით.

- კესარიას იცნობ?

- კი, კესარია გიჟი ქალია (იცინის).

P.S. 26 აგვისტომდე ჯერ კიდევ დროა. ვნახოთ, ჩაივლიან თუ არ ბათუმის ქუჩებში ქართველი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები, თუ ეს კიდევ ერთი მორიგი ჭორი გამოდგება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"