"მაიერის ტყვიის" გამომგონებელი აბასთუმანში ცხოვრობს

  "მაიერის ტყვიის" გამომგონებელი აბასთუმანში ცხოვრობს

არაჩვეულებრივად გამოიყურება, არადა, უკვე 85 წლისაა. სამსახურიდან არ მაგდებენ, რადგან, ალბათ, ჯერ ისევ ვჭირდები აბასთუმნის ობსერვატორიასო, - ღიმილით მეუბნება ალექსანდრე მაიერი, რომელსაც მართალია, უმაღლესი განათლება არ მიუღია, ლამის მთელი ცხოვრება ამ ობსერვატორიაში გაუტარებია - 1956 წლიდან ტელესკოპების, ოპტიკური ხელსაწყოებისა და ზუსტი მექანიკის განხრით მუშაობს, თვითონაც ქმნის, აწყობს და "აცოცხლებს" კიდეც ობსერვატორიის ხელსაწყოებს.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, მაიერი რომ არა, ობსერვატორია ვერც იმუშავებდაო. გაუკვირდა, როგორ მიპოვეთო, არადა, მის გამოგონებას - "მაიერის ტყვიას" არა მარტო სამცხე-ჯავახეთის, მსოფლიოს მონადირეები იყენებენ: 12-კალიბრიანი გლუვლულიანი სანადირო თოფის ორმაგი ტურბინული ტყვია ბატონ მაიერს 1963 წელს შეუქმნია.

- ნადირობამ ახალგაზრდობიდან გამიტაცა. კარგი მონადირეც ვარ. საბჭოთა ხელისუფლების დროს მონადირეები მხოლოდ გლუვლულიანი ნჯპ-იდან "ჟაკანს" ვისროდით, ხრახნილიანი შაშხანის გამოყენებას ხელისუფლება გვიკრძალავდა. ამიტომაც დამებადა ტყვიის შექმნის იდეა. ორი ტიპის ტყვია გამოვიგონე და საავტორო უფლებაც მოვიპოვე.

პირველს "მაიერის ტყვია" უწოდეს, ერთჯერადად 400 საბჭოთა მანეთი გადამიხადეს და წარმოებაშიც ჩაუშვეს - ოდესის ქარხანა "ვოენოხოტა-6" უშვებდა სერიულად. ჩემი ტყვია იმხანად საუკეთესო იყო. მონადირეები საიდან აღარ მწერდნენ მადლობის წერილებს: თქვენმა ტყვიამ სიცოცხლე შეგვინარჩუნაო. მაშინ ჩემი ტყვია 9 კაპიკი ღირდა. მგონი, დღესაც ამზადებენ, მაგრამ ახლა მისი აღარაფერი ვიცი.

- ტყვიამ მსოფლიოში გაგითქვათ სახელი, არადა, ამბობენ, აბასთუმნის ობსერვატორიაში მრავალი ხელსაწყოს ავტორიც ბრძანდებით, სხვადასხვა ხელსაწყოებიდანაც აწყობთ ახალ ნიმუშებს... როგორ მოხვდით საქართველოში?

- ჩემი წინაპრები 1812 წლიდან დასახლებულან თბილისში. მეც საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და დედ-მამასთან ერთად თბილისში ვცხოვრობდი, ძმა კი თავისი ოჯახით ლენინგრადში იყო. მერე დიდი სამამულო ომი დაიწყო და 1941 წელს ყველა გერმანელი ყაზახეთში გადაგვასახლეს.

იმხანად 15-16 წლის ვიყავი. ძმა ომში დაიღუპა. ჩემი მშობლები იქ გარდაიცვალნენ. მე მაღაროში ვმუშაობდი, კარიერზეც ვიყავი და მექანიკურ საამქროშიც, სადაც ბევრი რამ შევისწავლე და ელექტრომექანიკოსის სპეციალობაც მივიღე. მერე დავქორწინდი და ორი ვაჟი - ალექსეი და ვიქტორი შეგვეძინა. უკვე მაღაროს მთავარი ინჟინრის მოადგილე ვიყავი, 1956 წლის მაისში რომ გაგვათავისუფლეს და კვლავ საქართველოში, თბილისში დავბრუნდი.

თბილისიდან ევგენი ხარაძეს ჩამოუყვანია. მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმ სახლის პირველი მობინადრე ყოფილა, სადაც დღემდე ცხოვრობს. ყველაფერი გამოსდის: მარტო ხელსაწყოებს კი არ ქმნის და აწყობს, ვერცხლზეც მუშაობს და ახლობლებისთვის სამკაულებსაც აკეთებს. ნადირობის არ იყოს, ესეც მისი გატაცებაა. ამბობს, რაღა დროს ჩემი ნადირობაა, ეგ საქმე ვაჟებს გადავულოცეო.

- თქვენი ვაჟები ნადირობისას იყენებენ "მაიერის ტყვიას"?

- სად უნდა გამოიყენონ? - ეს ტყვია დიდ ცხოველს, მაგალითად, გარეულ ღორს, დათვს, უნდა ესროლო. ასეთ "მსხვილ მსხვერპლზე" ვინღა ნადირობს (იღიმის)? ბატონი ალექსანდრე მაიერი დღესაც მუშაობს, მეუღლე, ვალენტინა ჩურიკოვა უკვე პენსიაზეა და 90 ლარს აძლევენ, დამატებით კი, როგორც რეპრესირებულ ოჯახს, 7 ლარს უხდიან(!). შეძრწუნებულები დამხვდნენ:

იმ დღეებში აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი ოჯახი გამოუსახლებიათ, უფრო ზუსტად, გამოუყრიათ ღია ცის ქვეშ და არც იციან, რა ბედი ეწევათ, არადა, დღეს უკვე გარდაცვლილი მათი ოჯახის წევრები - მშობლები - ობსერვატორიის დაარსების დღიდან იქ მუშაობდნენ და იმ სახლებში ცხოვრობდნენ, თურმე.

- ბატონო ალექსანდრე, რატომ არ წახვედით გერმანიაში, იქ ხომ უკეთ იცხოვრებდით?

- ჩემი შვილები აქ ცხოვრობენ, მე რატომ წავიდოდი გერმანიაში (ცოტა არ იყოს, გაბრაზდა)? მივლინებით კი ვიყავი ჩასული, რასაკვირველია, დარჩენაც შემეძლო და სამუშაოც მექნებოდა, მაგრამ... ყაზახეთში ყოფნისას შინ - საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებებოდი. როგორ ვიცხოვრებდი გერმანიაში? აქ ყველა პატივს მცემდა, ყველას ვჭირდებოდი და დღესაც ასეა...

ცნობისათვის

"მაიერის ტყვია" ორმაგი ტურბინული მოქმედებისაა - შემხვედრი ჰაერის ნაკადის საშუალებით ფრენის დროს ტრიალის უნარს იძენს და სტაბილურ მიმართულებას ინარჩუნებს. ცილინდრის ფორმისაა, გარედან ღრმა ირიბი ნაჭდევებით, რომელიც უფრო აეროდინამიკურ ფრთებს წააგავს. ასეთივე ნაჭდევები გვხვდება შიგნითაც (თვითონ ტყვიას შიგნით გამჭოლი ხვრელი აქვს).

სწორედ ამ ნაჭდევებისა და შემხვედრი ჰაერის ნაკადის ურთიერთქმედებაზეა დამყარებული ტყვიის ბრუნვა. ბატონმა მაიერმა თავისი ტყვიის სიზუსტე მისივე აწყობილი ორიგინალური დასაკეცი დიოპტრულსამიზნიანი ბ;-12 ტიპის თოფიდან გასროლით გამოსცადა და კარგი შედეგიც მიიღო - ტყვია დიდი სიზუსტით ხვდებოდა მიზანს.

"მაიერის ტყვიას" საკმაოდ დიდი შემაჩერებელი ძალაც აქვს, მოხვედრის შემდეგ სოკოსებურად ტრიალდება და უზარმაზარ ჭრილობას ქმნის. რაკი გამოცდისას 100 მეტრიდან გამომშრალ ფიჭვის დაფაში შევიდა, რასაკვირველია, დიდი ცხოველის ორგანოსაც არ დააყრის ხეირს.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"