"გრანტი ჩაგვერიცხა იმიტომ, რომ სექსუალურ უმცირესობებს დახმარება სჭირდებათ"

 "გრანტი ჩაგვერიცხა იმიტომ, რომ სექსუალურ უმცირესობებს დახმარება სჭირდებათ"

მართლა აპირებენ თუ არა სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები 26 აგვისტოს აღლუმის ჩატარებას, ამ საკითხზე კომენტარისთვის ფონდ "ინკლუზივის" ხელმძღვანელს, პაატა საბელაშვილს დავუკავშირდით:

- ეს სიცრუე სადღობელაშვილის პარტიის წევრის, სანდრო ბრეგაძის მოგონილია, საზოგადოების ყურადღება ამით მაინც რომ მიიპყრონ: ისინი აღლუმის ჩატარებას კი არ აპროტესტებენ, არამედ იმას, ვითომდა ამ ყველაფერს ხელს უწყობს მთავრობა. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია - საკუთარი მოქალაქეების ღირსების გათელვა ყოვლად გაუმართლებელია. მერწმუნეთ, როდესაც ასეთი აღლუმის ჩატარება იგეგმება, ერთი წლით ადრე მაინც იწყება ფართომასშტაბიანი კამპანია, რადგან ამის ჩუმად ჩატარება აბსურდია. მაინტერესებს, სადღობელაშვილმა საიდან შეიტყო?

- თქვა, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელებსა და გეისაიტებზე იწერება და დღეს ყველაზე მეტად ბათუმის გეისაიტი აქტიურობს.

- ვიცი ბათუმური საიტი, სადაც ინფორმაცია ინგლისურენოვანი საიტებიდანაა გადმოწერილი. თუმცა არც იქ წერია, რომ საქართველოში მსგავსი რამ იგეგმება.

- ლადო სადღობელაშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-შენახვისთვის დაგაკავეს, თქვენ კი გაიძახოდით, - პედერასტი ვარ და ამის გამო მიჭერენო... თქვენი გათავისუფლების შემდეგ კი ორგანიზაციამ გრანტი მიიღო...

- მართლა დამაკავეს ნარკოტიკების მოხმარების გამო, რასაც ჩვენს ოფისში დიდი რეიდი მოჰყვა, თუმცა ეს ყველაფერი ქართულმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს. შემდეგ, ომბუდსმენის ოფისმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაადგინეს, რომ ჩემი დაკავება უკანონო იყო. მე ყვირილი არ დამიწყია, რადგან 12 დღის განმავლობაში პატიმრობაში ვიმყოფებოდი. მათ ნარკოტიკების მოხმარების გამო ამიყვანეს, თუმცა კიდევ რაღაცას მიპირებდნენ...

- როგორ გაგათავისუფლეს?

- საქმეში ჩაერია რამდენიმე საელჩო და ორგანიზაცია, რომლებსაც ჰქონდათ დასკვნა, რომ ეს ყველაფერი უკანონოდ მოხდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, გავეთავისუფლებინე. ჩვენი ორგანიზაცია, ფონდი "ინკლუზივი" 2006 წლიდან არსებობს, იმ დღიდან მოყოლებული, გვაქვს 5-წლიანი პროექტი, რომელსაც დღემდე ვახორციელებთ.

გრანტი ჩაგვერიცხა იმიტომ, რომ სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს სჭირდებათ დახმარება და ამას ერთი-ორი ორგანიზაციის გარდა, არავინ აკეთებს. ისე, თუ ლადო სადღობელაშვილს აინტერესებს, საიდან და რა გრანტებს ვიღებთ, ურჩევნია, მოვიდეს და გვკითხოს. ჩვენ მაგივრად ნუ ლაპარაკობს, თორემ ჩვენც დავიწყებთ ლაპარაკს, მათ პარტიას საიდან აქვს შემოსავალი.  

- ირაკლი კაკაბაძე და მისი მეუღლე ანა დოლიძე მართლა ეხმარებიან თქვენს ორგანიზაციას?

- ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა მასთან ოფიციალური თანამშრომლობა არ მაკავშირებს, ხოლო მისი მეუღლე ანა დოლიძე ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელია. ირაკლის შეიძლება ვერც წარმოუდგენია, რომ მეუღლე მის დაუკითხავად რაღაცას აკეთებს, მაგრამ ანა ადამიანის უფლებათა დამცავია...

- ესე იგი, 26 აგვისტოს თბილისში ან ბათუმში გეიაღლუმი არ იმართება?

- ასე რომ იყოს, ამ ყველაფრის ორგანიზატორი თუ არა, თანაორგანიზატორები მაინც ვიქნებოდით. 26 აგვისტოს ნახავთ, რომ არაფერი ჩატარდება, თუმცა სადღობელაშვილი და მისნაირები გამოვლენ და იტყვიან, საზოგადოების აღშფოთების გამო ვერ ჩაატარესო.

- მართლა რომ ჩატარდეს საქართველოში გეიაღლუმი, როგორ ფიქრობთ, ქართველი საზოგადოება ამას როგორ შეხვდება?

- ქართველი საზოგადოება ნეგატიურად არის განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რას გამოიწვევს საზოგადოებაში.

"სადღობელაშვილი მთავრობის მოგზავნილია"

კომენტარისთვის ბატონ ირაკლი კაკაბაძესაც მივმართეთ:

- ამ სისულელეებზე კომენტარს არ ვაპირებ. პაატა სადღობელაშვილი მთავრობის მოგზავნილია და ბევრს ამიტომაც ლაპარაკობს. ამ საკითხზე მეორედ აღარ შემაწუხოთ, საერთოდ არ მაინტერესებს ეს თემა, რადგან არ მჩვევია სხვა ადამიანების უკანალში ძრომიალი, რასაც ლადო სადღობელაშვილი და ამ მთავრობის სხვა აგენტები აკეთებენ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"