ზაზა გაბუნიას ტკბილი ნოემბერი

ზაზა გაბუნიას ტკბილი ნოემბერი

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა ზაზა გაბუნიამ ოჯახი 24 წლისამ შექმნა, ზაზას რჩეული ნუცა შავლაძეა. ახალგაზრდა პოლიტიკოსი წარმატებას სწორედ მშვენიერ მეორე ნახევარს უმადლის:

- მე და ნუცამ ერთმანეთი 2005 წელს გავიცანით. იმხანად სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და ახლო აღმოსავლეთის თემაზე გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში ვმონაწილეობდი, ნუცა კი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და ისიც წარდგა ამ კონფერენციაზე. განგებამ ინება, რომ ამ კონკურსში მე და ნუცას გაგვემარჯვა. შემთხვევით არაფერი ხდება...

ნუცას საკმაოდ კარგი თემა ჰქონდა და ის თითქმის ზეპირად გადმოსცა, ამიტომ საუკეთესო ორატორი გახდა, მე კი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ავტორად დამასახელეს. პირველად პირისპირ ერთმანეთს გამარჯვების მილოცვისას შევხვდით. ეს იყო იმ დიდი გრძნობის დასაწყისი, რომლის წყალობითაც დღეს უბედნიერესი ოჯახი გვაქვს.

- ესე იგი, ერთი ნახვით შეგიყვარდათ?

- არა მგონია, ვინაიდან სულ ორწუთიანი ურთიერთობა გვქონდა - მისალმება და დამშვიდობება. მერე ნუცა დაინტერესდა სასულიერო აკადემიის ცხოვრებით. მე უკვე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფარგლებში ვმუშაობდი და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი გახლდით. ნუცამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და მას მერე ერთად ვიყავით.

- შეგიძლია ჩამოთვალო ნუცას ის თვისებები, რომლებიც მასში ყველაზე მეტად მოგეწონა?

- მე ვეძებდი საინტერესო ადამიანს, პატიოსან ქართველ ქალს, რომელსაც ოჯახის ფასი ეცოდინებოდა და ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდი, ცალკეულ თვისებას კი, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვყოფ. სიყვარულის სიტყვიერად ახსნა შეუძლებელია... ნუცა თავიდანვე ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანდა და დღემდე ასეთია.

- მამაკაცები ქალში გამუდმებით ახლის აღმოჩენას ცდილობენ, ურთიერთობას ამრავალფეროვნებსო...

- სასიყვარულო ურთიერთობებში აღმოჩენის მაგელანისა და კოლუმბის მსგავსი უნარით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, შესაძლოა, ამისათვის დროც არ მაქვს, და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი, როგორც მეუღლის შეცდომაა. ახლის აღმოჩენას არ ვცდილობ, უბრალოდ, მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ.

- როგორც მივხვდი, დროს უმეტესად სამსახურში ატარებდით. როდის შედგა პირველი პაემანი სამსახურის გარეთ?

- 2007 წლის დეკემბერი იდგა, როცა სრულიად დაუგეგმავად ერთმანეთს სიონში შევხვდით. რატომღაც გადავწყვიტე, იმ დღესვე მეთქვა ნუცასთვის, რომ მიყვარდა და მასთან სერიოზული ურთიერთობა მსურდა. ეს იყო ჩვენი პირველი პაემნის და გრძნობის გამხელის, სიყვარულის ახსნის დღეც.

- როგორი იყო ნუცას პასუხი?

- გამიღიმა და თავი მხარზე დამადო. მისგან "ჰო" და "მიყვარხარ" მხოლოდ მაშინ მოვისმინე, როდესაც ხელი ვთხოვე.

- პირველ კოცნას გაიხსენებ?

- რთული შეკითხვაა (იცინის). მახსოვს, მაგრამ როდის იყო, ზუსტად ვერ გეტყვით. სიყვარულის ახსნის შემდეგ კოცნა ძალიან მალე გავბედე. ოფისში მარტო ვიყავით და სამუშაო დღის ბოლოს ბევრი ვისაუბრეთ, გამბედაობაც მომემატა და ვაკოცე.

- შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა?

- დაახლოებით ერთ წელიწადს, 2008 წლის 11 ნოემბერს კი საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მონასტერში ჯვარი დავიწერეთ. სხვათა შორის, იქვე მოვნათლეთ ჩვენი ვაჟი დამიანე. ეს მონასტერი ორივეს ძალიან გვიყვარს.

ერთი წელიწადი, ვფიქრობ, საკმარისია ადამიანის გასაცნობად და იმის გასარკვევად, შეძლებ თუ არა, მთელი ცხოვრება მასთან ერთად გაატარო. "გამოსაცდელი ვადა" აუცილებელია, რათა ადამიანი საკუთარ თავში გაერკვეს, გააცნობიეროს, რა სურს და რა არა. აგვისტოში ნიშნობა გადავიხადეთ და ორი თვის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ.

- ხელი არ მოაწერეთ?

- ხელი დღემდე არ მოგვიწერია და არც ვჩქარობ, რაც მთავარია, უფლის წინაშე დავდეთ ერთმანეთის პატივისცემის, გატანისა და სიყვარულის აღთქმა. ჩემი მეჯვარე ჩემი მეგობარი ალეკო გაბუნია ("ჟურნალისტის დღიურის" ჟურნალისტი - ავტ.) იყო, რომელიც ყველას ჩემი ძმა ჰგონია და მინდა, საზოგადოებას თქვენი გაზეთის საშუალებით ვუთხრა, რომ ალეკო მხოლოდ ჩემი მეჯვარეა! ნუცას მეჯვარე კი ჩვენი მეგობარი ნინო საჯაია გახლდათ.

ქორწილი მცხეთაში გადავიხადეთ და იმავე ღამეს პრაღაში გავფრინდით. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერი პრაღაში საკმაოდ ცივი თვეა, ჩვენი სიყვარული ისე გვათბობდა, პრაღის ცივი ნოემბერიც კი ტკბილად გვახსენდება (იცინის).

- უკვე პატარაც გყავთ...

- დამიანე გაბუნია ქვეყანას 2010 წელს მოევლინა. სახელი მე და ნუცამ ერთად შევარჩიეთ. ლიტვიდან ვბრუნდებოდით. ამავე რეისით ჩვენთან ერთად გერმანელთა ოჯახი მოფრინავდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ გერმანელი მხოლოდ დედა იყო, ერთ-ერთ პატარას კი დამიანე ერქვა. სწორედ ამ ამბავმა გადაგვაწყვეტინა დამიანეს დარქმევა, თუმცა მანამდეც გვიფიქრია ამ სახელზე. დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში ამ სახელის პოპულარიზაცია მოვახდინო..

- თანაცხოვრების პერიოდში რა შეიცვალა?

- რა შეიცვალა? გაძლიერდა გრძნობა, შევქმენით ოჯახი, შვილი გვყავს, პასუხისმგებლობა უფრო დიდია...

- რაზე კამათობთ და ვინ თმობს?

- უმეტესად მე. საერთოდ, კომპრომისი, ოჯახში თუ სხვა ვითარებაში, გონივრული უნდა იყოს. მეორე ადამიანმა ზუსტად უნდა იცოდეს, რატომ უთმობ. კამათის მიზეზი ძირითადად თანხების გადანაწილებაა (იცინის).

- მიმართეთ თქვენს მეუღლეს, უთხარით ის, რისი თქმაც გსურდათ...

- შესაძლოა ბანალური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუცას ვეტყვი, რომ ის უძვირფასესია ჩემთვის. მას განსაკუთრებული როლი აკისრია ჩემი, როგორც ოჯახის უფროსის და როგორც პოლიტიკოსის ცხოვრებაში, ვინაიდან ტვირთს მიმსუბუქებს და მხარში მიდგას. ნუცა რომ არ მყავდეს, ამდენს ვერ მივაღწევდი. ამისთვის მას უღრმეს მადლობას ვუხდი.

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"