საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსება ონლაინრეჟიმში შეუძლიათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, ამ დრომდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს პასპორტის მისაღებად საკონსულო დაწესებულებისთვის უნდა მიემართათ.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ონლაინრეჟიმში პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსების პროცედურა ამგვარია: დოკუმენტის მიღების მსურველმა უნდა იხილოს ვებგვერდი ჰტტპ://პასსპორტ.გოვ.გე და ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეს სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს. აპლიკანტი ოპერატორის დახმარებით ელექტრონულ ფორმატში განცხადებას შეავსებს და ამავდროულად მინდობილ პირს აირჩევს.
სამოქალაქო რეესტრის ოპერატორი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის იდენტიფიკაციას ვებკამერის საშუალებით მოახდენს.
პასპორტის მიღების მსურველი სპეციალურ პროგრამაში ბიომეტრულ ფოტოს ატვირთავს და მომსახურების საფასურს გადაიხდის.
თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება ონლაინგადახდის სისტემით, სწრაფი გზავნილისა და საქართველოში მყოფი წარმომადგენლის მეშვეობით. პასპორტის ღირებულება 155 ლარია.
სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელი მონაცემთა ბაზაში აპლიკანტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს გადაამოწმებს და დოკუმენტების წესრიგში არსებობის შემთხვევაში, პასპორტის ბეჭდვის გადაწყვეტილებას მიიღებს.
დამზადებული პასპორტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში, ხუთი დღის ვადაში უცხოეთში მყოფი პირის წარმომადგენელს გადაეცემა, რომელიც განმცხადებელს პასპორტს თავად მიაწვდის.
სექტემბრიდან აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო გამარტივდება და საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სექტემბრიდან შეეძლებათ ონლაინში განცხადება გააკეთონ სამოქალაქო რეესტრის მიერ გასაცემ სხვა დოკუმენტებზეც (დაბადების, ქორწინების მოწმობები და სხვა).
ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად სამოქალაქო რეესტრში მუშაობს საინფორმაციო სამსახური რომლის ნომერია 40 10 10.