განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია მისი მინისტრობის პერიოდში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევებით გაკვირვებულია. როგორც ნოდიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის ცნობილი იყო 2008 წელს განხორციელებული სპორტული ინვენტარის შესყიდვის შესახებ, თუმცა, დარღვევებზე ინფორმაცია დღეს მედიასაშუალებებისგან მიიღო.
"ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელია. მომხდარისა და იმის გამო, რომ საქმე პროკურატურას გადაეგზავნა, მხოლოდ გაკვირვება შემიძლია გამოვთქვა", - განაცხადა ნოდიამ. მისივე თქმით, სპორტული ინვენტარის შესყიდვას მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე არჩილ გაგნიძე კურირებდა, რომელიც ამჟამად სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
განათლების სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტმა სერიოზული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. საუბარია 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებზე, როდესაც მინისტრი გია ნოდია იყო.
როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შესყიდვების დროს გაფლანგულია ათი ათასობით ლარი. მაგალითისთვის მან წარმოადგინა ბურთები, რომლის შესყიდვის დროსაც განათლების სამინისტროდან უგზოუკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა. საქმის მასალები პროკურატურაშია გადაგზავნილი.