"ვისაც გადატრიალება უნდა, თავის ლოგინში გადატრიალდეს", - ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ეს ფრაზა ერთგვარი გაფრთხილება იყო მოწინააღმდეგეებისთვის, თუმცა, ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას არც გადატრიალება აკლდა, არც - ტერაქტები.
1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, გამარჯვებული ტრიუმვირატის ორი წევრი - ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი ციხეში აღმოჩნდნენ, მესამე - თენგიზ სიგუა კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვეს. როგორც ჩანს, რევოლუცია, თუნდაც "დემოკრატიული", მართლაც ჭამს თავის შვილებს, და იწყება უშეღავათო პოლიტიკური ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, მზისქვეშეთში ადგილის მოსაპოვებლად.
1995 წელს ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული და არაპროგნოზირებადი სიტუაცია იყო... გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც აქამდე ქვეყანას და რაც მთავარია, მსხვილ ბიზნესს ერთპიროვნულად მართავდნენ, ხედავდნენ, რომ ძალაუფლება თვალსა და ხელს შუა ეცლებოდათ. აშკარა იყო დაპირისპირება უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორისაც;
პარლამენტი ჭრელი, ეკლექტიკური იყო... ამ სიტუაციაში პოლიტიკოსთა ნაწილს ჩიხიდან გამოსავლად ახალი კონსტიტუციის შექმნა მიაჩნდა... რამდენიმე თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლებას განამტკიცებდა. პოლიტიკურ ძალთა დიდი ნაწილი ხვდებოდა იმასაც, რომ მომავალ პარლამენტში მათი ადგილი აღარ იქნებოდა...
1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა, ხმაურიანი დებატებისა და ოვაციების ფონზე, ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა, და როცა ხელისუფლებას კონსტიტუციის მიღება საზეიმოდ უნდა აღენიშნა, ქალაქის ცენტრში, "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორია ძლიერი აფეთქების ხმამ გააყრუა.
ამ ტერორისტული აქტის მიზნისა და ორგანიზატორების შესახებ დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, შედგა საუკუნის პროცესად მონათლული გახმაურებული სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი, იგორ გიორგაძის დაცვის ყოფილი უფროსი გურამ პაპუკაშვილი და "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა გელაშვილი 1995 წლის სექტემბერში დააპატიმრეს ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით.
სასამართლომ პაპუკაშვილს - 10, გელაშვილს - 13, ხოლო ხაჩიშვილს 15 წელი მიუსაჯა. 29 აგვისტოს ტერაქტის ორგანიზების გარდა, თემურ ხაჩიშვილსა და გიგა გელაშვილს ბრალად დაედოთ გიორგი ჭანტურიას მკვლელობაც. "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი მოგვიანებით, 1995 წლის ნოემბერში დააპატიმრეს.
იგორ გიორგაძემ, რომელსაც მხედრიონელები კომანდორს უწოდებდნენ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაასწრო რუსეთში... ამ დროს უკვე ციხეში იჯდა თენგიზ კიტოვანი, რომელიც მორიგ ავანტიურას ამზადებდა აფხაზეთში, მისი მარში ავტობუსებით ალაგმეს. მრავლისმეტყველია ისიც, რომ ტერაქტის ბრალდებით გასამართლებულები რამდენიმე წელიწადში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას დაუბრუნდნენ, მათი უმრავლესობა შევარდნაძემ შეიწყალა.
როგორც ჩანს, სახელისუფლებო სამსახურებმა 1995 წლის 29 აგვისტოს, ტერაქტის გაკვეთილიდან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანეს, რადგან მას 1998 წლის 8 თებერვლის კარგად დაგეგმილი და გათვლილი ტერაქტი მოჰყვა, ფორტუნა ამჯერადაც შევარდნაძის მხარეზე იყო, თუმცა, ტერაქტს მისი დაცვის წევრები ემსხვერპლნენ. აღსანიშნავია, რომ ტერაქტის ორგანიზატორებმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ პრეზიდენტის კორტეჟის გადაადგილების დრო და მარშრუტი.
ყველას ახსოვს შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძის "ბრძნული" კომენტარი ამ ტერაქტზე: "ტორმოზნოი ჟიდკოსტმა გაასხა"... ამ ტერაქტმა და რაც მთავარია, შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, პრეზიდენტის გარემოცვის შიდა სამზარეულოში წყალი უკვე ამღვრეული იყო და მღვრიე წყალში თევზის ჭერა მის პოლიტიკურ მოწაფეებსა და ამასთანავე, მეტოქეებს, უკვე დაწყებული ჰქონდათ, რისი დამაგვირგვინებელი აკორდიც კიდევ ერთი გადატრიალება იყო, ოღონდ არა საკუთარ ლოგინში - ეს "ვარდების რევოლუცია" გახლდათ.
გვესაუბრება სახელმწიფო მეთაურის აპარატის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, დეპუტატი პეტრე მამრაძე, რომელიც მოვლენათა შუაგულში აღმოჩნდა:
- 1995 წლის იანვრიდან სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის აპარატის უფროსი გახლდით. ჩვენთან სხვადასხვა არხით დიდძალი ინფორმაცია იყრიდა თავს. ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმას ველოდით, სიგნალი შემოვიდა.
- ტერაქტი კონსტიტუციის მიღებიდან ზუსტად 4 დღის შემდეგ მოხდა...
- კონსტიტუციის მიღება ტერაქტის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი გახლდათ. ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება თანდათან ლაგდებოდა, წყნარდებოდა და ნათელი იყო, რომ ასეთ სახელმწიფოში ანარქისტული, გასამხედროებული დაჯგუფებისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა. 1995 წლის იანვარში თენგიზ კიტოვანმა ისევ გაილაშქრა აფხაზეთისკენ, ამჯერად ავტობუსებით და მისი შეჩერება მხოლოდ ქუთაისში მოხერხდა.
იგრძნობოდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურები თანდათან ძლიერდებოდა. "იმელის" დარბაზში კონსტიტუციის ტაშის გრიალში მიღებისას დედის გინება ისმოდა იმ სექტორიდან, სადაც ჯაბა იოსელიანი და მისი თანამოაზრეები ისხდნენ...
29 აგვისტოს, დილით, ჩემთან უშიშროების მინისტრის მოადგილე ავთო იოსელიანი შემოვიდა და განმიცხადა, რომ სანდო ოპერატიული წყაროდან ჰქონდა ინფორმაცია, შევარდნაძეზე მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. თქვა ისიც, რომ რამდენიმე დღეს ქვეყანაში არ იქნებოდა, რადგან ქალიშვილი უნდა გაეცილებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში... როცა ჩავეძიე, მითხრა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ალბათ, უფრო ტრასაზეა მოსალოდნელი ტერაქტიო...
მართლაც, რამდენიმე საათში ტერაქტი მოხდა. მე, როგორც ყოველთვის, მძღოლის გვერდით ვიჯექი, ედუარდ შევარდნაძე - ჩემ უკან, ვახტანგ რჩეულიშვილი - მძღოლის უკან. სასწაულით გადავრჩით. აკუმულაციური ნაღმის ნამსხვრევებმა ჩვენს თავებს შორის გაიარა, 0,2 წამმა გადაწყვიტა ჩვენი ბედი. როცა მანქანიდან გადმოვედი, საბარგული მთლიანად მოჭრილი იყო და ამოდიოდა დიდი ალი...
იმ საღამოსვე პარლამენტი შეიკრიბა კანცელარიის შენობაში, რადგან იმელის შენობა დანგრეულ-ჩალეწილი იყო... კატეგორიულად მოვითხოვე "იმელის" შენობის დალუქვა და პროკურატურის შემოსვლა, რადგან პულტი, რომლითაც ტერაქტი განხორციელდა, შეიძლება ნებისმიერ ოთახში ყოფილიყო... თუმცა, ყველას გვესმოდა, რომ კვალს მივყავდით მესამე სართულზე, სადაც "მხედრიონი" იყო გამაგრებული.
- მხედრიონელების გარდა, ტერაქტის შემდეგ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებიც დააკავეს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ უშიშროებასაც "მხედრიონი" აკონტროლებდა და არა იგორ გიორგაძე...
- ჯაბა იოსელიანი, მისი მარჯვენა ხელი ხაჩიშვილი, რომელიც იმხანად გიორგაძის მოადგილე იყო, ერთად ამზადებდნენ ამ ტერაქტს. სხვათა შორის, როცა ტერაქტის დღეს მანქანაში ჩავსხედით, ვახტანგ რჩეულიშვილმა შევარდნაძისთვის იმის მოყოლა დაიწყო, რასაც მანამდე მე მომიყვა კაბინეტში:
გენერალ პანტელეიმონ გიორგაძესთან სისტემატიურად იკრიბებიან საქართველოს ხელისუფლებაზე, შევარდნაძეზე განაწყენებული ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის ორბიტაზე უნდა დავბრუნდეთ... აფეთქებამდე რჩეულიშვილის ბოლო სიტყვები იყო "პანტელეიმონ გიორგაძე"... ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც 29 აგვისტოს ტერაქტი მოამზადა - უშიშროების ის ნაწილი, რომელიც გიორგაძეს ემორჩილებოდა და მხედრიონელთა ჯგუფი.
- ამბობენ, რომ ამ ტერაქტისა და განსაკუთრებით 1995 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევარდნაძემ ძალაუფლება ერთპიროვნულად აიღო ხელში.
- ვერ დაგეთანხმებით. პირიქით, ეს ყველაფრის კანონში მოქცევისა და ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. გახსოვთ, 1993-94 წლებში თუ მხედრიონელს ვინმე დააკავებდა, "ბეტეერით" რომ მიადგებოდნენ ხოლმე მილიციის განყოფილებას?
- 1995 წელს ტერაქტს 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტი მოჰყვა. თქვენი აზრით, რომელი იყო ყველაზე სუსტი რგოლი ძალოვან სტრუქტურებში, რატომ ვერ მოახერხეს სახელმწიფოს უმაღლესი პირების დაცვის უზრუნველყოფა? იცავდნენ თუ არა შევარდნაძეს ამერიკელები?
- სახელისუფლებო ვერტიკალის აშენებას საკმაო დრო, გამოცდილება სჭირდება. 1998 წელს ტერაქტისას ჭურვმა შევარდნაძის მანქანაში გაიარა, დაიღუპნენ დაცვის წევრები კახა შევარდენიძე, სპეცნაზელი დავით კოკაური. კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი:
9 თებერვალს პრეზიდენტის დაცვის ის ცვლა მორიგეობდა, რომელიც 1995 წლის 29 აგვისტოს მუშაობდა. რაც შეეხება ამერიკელებს, მათ მეორე თავდასხმის შემდეგ საკმაოდ დიდი დახმარება გაუწიეს სპეციალური დაცვის სამსახურს, გერმანელებმა კი შევარდნაძეს კიდევ ერთი დაჯავშნილი მანქანა აჩუქეს.
შევარდნაძეს ესმოდა, რომ მოსკოვთან კარგი ურთიერთობა ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშია. თუმცა, რუსეთის იმჟამინდელ ხელისუფლებაში იყვნენ ძალები, რომლებსაც არ სურდათ, ეარსება საქართველოს სახელმწიფოს.
დღეს არაერთი რუსი პოლიტიკოსი პირდაპირ აცხადებს, რომ სააკაშვილი მათთვის ბედის საჩუქარია, იგი, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფერს უკეთებს რუსეთის ხელისუფლებას. სხვათა შორის, სააკაშვილს ტერაქტს არავინ უწყობს. სააკაშვილმა გაცილებით მეტი გაუკეთა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტას, ვიდრე თენგიზ კიტოვანმა, ასლან აბაშიძემ, იგორ გიორგაძემ და სხვებმა ერთად აღებულმა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)