საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, "მეორე არხის" დამაარსებლის, ზაზა დარასელის ქვრივი და ასევე ცნობილი ჟურნალისტის ნინო დარასელის დედა რუსუდან კერვალიშვილი თავისი ცხოვრებისეული ისტორიების, შეცდომებისა და სინანულის შესახებ გულწრფელად გვიამბობს. მასთან საუბარი ცოტა მტკივნეული, მაგრამ მაინც ლამაზი მოგონებით დავიწყეთ.
სისუსტე - ჟურნალისტიკა
- ქალბატონო რუსუდან, როგორ დაიწყო თქვენი და ზაზა დარასელის სიყვარულის ისტორია?
- რაც თავი მახსოვს, ერთმანეთს ვიცნობდით... ერთ ეზოში ვცხოვრობდით ვერაზე, მაგრამ ზაზა ჩემზე 6 წლით უფროსი იყო და კარგა ხანს ვერ მამჩნევდა, მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთხელ ქუჩის კუთხეში დამხვდა და მითხრა: სალაპარაკო მაქვს და თუ ნებას დამრთავ, ხვალ ინსტიტუტში მოგაკითხავო. დავთანხმდი. მართლაც მოვიდა და მთხოვა რადიოში გავყოლოდი, სადაც პირველი გადაცემა უნდა ჩაეწერა. ზაზამ იცოდა, რომ ჟურნალისტიკა ჩემი სისუსტე იყო და უარს ვერ ვეტყოდი.
- ესე იგი, ჩვენი რჩეულის სისუსტეების კარგად ცოდნა "საქმეს" გაგვიიოლებს?
- ასეა. მთავარია, ეს სწორად გამოიყენოთ და არა ბოროტად, ზაზამ ძალიან კარგად ისარგებლა ჩემი სისუსტით.
- იმხანად უკვე გიყვარდათ?
- იმ დღიდან დამეწყო გულის ფრიალი... ამ შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ დავქორწინდით. ჩემი ოცნება მასში განხორციელდა, რაც მე ვერ შევძელი - ვყოფილიყავი წარმატებული ჟურნალისტი - ზაზამ სრულფასოვნად შეასრულა.
- ადამიანი უარყოფითი თვისებების გარეშე არ არსებობს... ქალი უნდა შეეცადოს, რომ მისმა რჩეულმა ეს უარყოფითი თვისებები გამოასწოროს. თუ უნდა შეეგუოს მათ?
- ოჯახის შექმნისას ორი ცხოვრებიდან ერთი იქმნება. ეს ურთულესი პროცესია, ჩვენ უნდა შევძლოთ, ერთმანეთი ნაკლოვანებებითვე შევიყვაროთ. ზაზასა და ჩემს შემთხვევაში, ჩემი მთავარი კონკურენტი სპორტი იყო. მას ამქვეყნად ყველაზე მეტად ფეხბურთი უყვარდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ახალგათხოვილი ქალი რა მოუთმენლად ელოდება საღამოს ქმრის შინ დაბრუნებას? ზაზას კი შეეძლო ღამის 3 საათზე მოსულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ კიროვის პარკში ფეხბურთზე ეკამათა. როდესაც მივხვდი, ვერაფერს შევცვლიდი, შევეგუე.
- როგორ შეძელით ზაზას გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების მარტო გაგრძელება?
- მარტოობა ძალიან ძნელია; უბრალოდ, მე სავსე ვიყავი ზაზას ცხოვრებით და გარკვეულწილად მისი ცხოვრება განვაგრძე. ზაზა დარასელის სახელობის ფონდიც კი დავაარსე. ამ ყველაფრით შევივსე სიცარიელე. ერთი კია, იმ ქუჩაზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე და რომელიც ყველაფერს მერჩივნა, მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ.
ახლაც, როდესაც მანქანით ამ ქუჩას ჩავუვლი, იქით არ ვიყურები. ასეთ შემთხვევაში რჩევას ვერავის მივცემ, ეს ძალიან ინდივიდუალურია, უბრალოდ გეტყვით, რომ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა...
შვილს ძალიან ბევრი რამ დავუშავე
- მეუღლეს ნინოს აღზრდაში წვლილი თუ მიუძღვის?
- უდიდესი. საოცრად მოსიყვარული მამა იყო, თანაც ნინო ისეთი მტირალა იყო, გსურდა თუ არა, ყურადღება უნდა მიგექცია.
- თუ მამას არ სურს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა, როგორ უნდა "ვაიძულოთ", თუნდაც ერთი ღამე გაუთიოს შვილს?
- ახლა სამშობიაროში შესანიშნავი წესი შემოიღეს: როგორც კი ბავშვი ჩნდება, მამას მკერდზე აწვენენ, ამას კანით კანზე კონტაქტი ჰქვია. ქალები თვითონ ვართმევთ ინიციატივას მამაკაცებს. შვილები ხშირად დაუტოვეთ მამას, პირველივე დღიდან. დროს ნელ-ნელა მოუმატეთ, მიეცით მამას პირმშოზე ზრუნვის საშუალება. სრულიად უყურადღებო მამაც კი საკუთარ შვილს მარტო არ დატოვებს.
- როდესაც შვილის პროფესიის არჩევაზე მიდგება საქმე, უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი?
- პროფესიის არჩევისას ალბათ არა. ნინოს სურდა კინომცოდნე ყოფილიყო, თუმცა გერმანული ენის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ შემდეგ მამასთან ერთად ჟურნალისტიკაში ჩაერთო. როდესაც მამა-შვილი საერთო საქმეზე საუბრობდა, იქ მესამე პირის, თუნდაც ჩემი ადგილი აღარ იყო, ისე ავსებდნენ ერთმანეთს. ნინო დღემდე დადის ზაზას საფლავზე და ყველა რჩევას მას ეკითხება.
რაც შეეხება მშობლის ჩარევას შვილის პირად ცხოვრებაში, ვიტყვი, რომ ნინოს ბევრი დავუშავე ჩემი ზეაქტიური ჩარევით. როდესაც გოგი გეგეჭკორის პერსონაჟს ვუყურებ ხოლმე ფილმ "არდადეგებში", ჩემი თავი მახსენდება... გაწამებული მქონდა ნინოსთვის მთელი ზაფხული, შემეძლო მისი სუფთა წერის რვეული თორმეტჯერ დამეხია, თუ არ მომეწონებოდა. არ ვაძლევდი თავისუფლად ყოფნის საშუალებას, რამაც ბუნებრივი წინააღმდეგობა გამოიწვია. ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მე შემეწინააღმდეგა.
- როგორც ვიცი, ნინო თქვენთვის სასურველ პიროვნებას არ გაჰყვა ცოლად... ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს დედა?
- ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. რაც მთავარია, შვილი გამოუვალ სიტუაციაში არ უნდა ჩავაყენოთ. ვებრძოდი ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. 17 წლის იყო, როდესაც ჩემი სიძე გახდა, დღეს ნინოსგან არ ვარჩევ. ვნანობ, რომ მოძალადე დედა ვიყავი. ახლა ვცდილობ, შვილთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომები შვილიშვილებთან გამოვასწორო.
როცა ქალს გადაწყვეტილება მტკიცედ აქვს მიღებული, ვერ შეაცვლევინებ
- ჩემი და მაია ჩემზე 2 წლითა და 8 თვით არის უმცროსი. არ ვიცი, მის გარეშე რას გავაკეთებდი - მთელი ცხოვრება მიცავს. მითხარით, რომ წარმატებული ადამიანი ვარ, მე უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული, განსაკუთრებით ბიზნესში. მაქვს კარგი ხედვა, აი, ჩანაფიქრის განხორციელება კი უკვე მაიას პრეროგატივაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეს, რომელიც მუდამ მზად არის დასახმარებლად.
- როგორ გაიცანით მომავალი სიძე - ვახტანგ რჩეულიშვილი?
- შორიდან ვიცნობდი, როგორც დიდ ჩხუბისთავს, მაგრამ ძალიან ნიჭიერ ადამიანს. ჩვენი მშობლები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ მაიამ გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა. ისე, ვახტანგი სასაცილო სიტუაციაში გავიცანი. ბებიამ დაგვრაზმა და სასიძოსთან შესახვედრად მთელი დელეგაცია გაგვიშვა. დელეგაციაში შევდიოდით მე, ზაზა და ჩემი დეიდაშვილი, მოწინააღმდეგე მხარეს კი ვახტანგი და მაია წარმოადგენდნენ. სიმართლე გითხრათ, წყვილით მოხიბლული დავრჩი...
- ვახტანგი რომ არ მოგწონებოდათ, ეტყოდით დას?
- აუცილებლად, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მომენტებში სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედო. მოვლენებს უნდა მიჰყვე, ადამიანს გული რომ არ ატკინო.
იყავით ჯანმრთელი თქვენი შვილებისთვის
- რაც შეეხება გარეგნობას, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს ექსპერიმენტები, ხშირად არ მივმართავ. ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, ალბათ, ის იყო, რომ ყავისფერი თმა ქერად შევიღებე და აგერ უკვე 20 წელიწადია, სტილი არ შემიცვლია.
- რაზე ვერ ეუბნებით უარს საკუთარ თავს?
- ნივთებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც ძვირფასეულობას. ერთადერთი, რითაც თავს ვინებივრებ, სილამაზის სალონში სიარულია. მიყვარს ლამაზი ვარცხნილობა. ქალმა ამისათვის დრო და თანხა აუცილებლად უნდა გამონახოს.
მესმის, ძალიან ძნელია იზრუნო საკუთარ გარეგნობაზე, როდესაც შვილები გყავს დასაპურებელი, მაგრამ თუ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ვერ ვიზრუნებთ, ჯანმრთელობა მაინც არ უნდა დავივიწყოთ. ჯანმრთელობა ისევ ჩვენი შვილებისთვის გვჭირდება, ამიტომ ბოლო ხანს, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვეზღვევი.
- ქალბატონო რუსუდან, როდესაც თქვენს ბიოგრაფიას გავეცანი, აღმოვაჩინე ერთი საინტერესო რამ: ხართ ექიმი, მეწარმე, ლიდერი. ალბათ გახსოვთ, ეს დავით გამყრელიძის ცნობილი საარჩევნო ლოზუნგი იყო. ბატონ დავითთან თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?
- იმედია, ამ კითხვას სერიოზულად არ მისვამთ (იცინის). გამყრელიძესთან არ მისაუბრია, თანაც ლიდერის თვისებებით ვერ დავიკვეხნი, არც მეწარმეობის განსაკუთრეული ნიჭი მაქვს, მხოლოდ პირველ პუნქტს დავეთანხმები. მოწოდებით ექიმი ვარ. რეპროდუქტოლოგიასთან ახლაც მაქვს შეხება გენდერული საბჭოს მხრიდან პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოშიც ექიმების რიგში ვზივარ, ვერ ველევი ამ ადამიანებს.
- რატომ დათმეთ ექიმობა და საერთოდ, როდის თმობს ადამიანი ძირითად პროფესიას?
- ამას, ალბათ, გარემოება თუ აიძულებს, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია. ჩემს ცხოვრებაშიც ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად გადაწყდა. მეუღლე უნდა წამეყვანა სამკურნალოდ საზღვარგარეთ. რეპროდუქტოლოგია კი, მოგეხსენებათ, პაციენტებთან მუდმივ კონტაქტს მოითხოვს. ამიტომ ჩემი ავადმყოფების დატოვება მომიხდა. ისე, აქტიურ მედიცინაში 14 წელიწადი ვიმუშავე.
- თუ შეგხვედრიათ წინააღმდეგობა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ?
- პირიქით, საქართველოში ქალებს გარკვეულწილად მეტ პატივს სცემენ, ამიტომ შეიძლება ხშირად ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ ჩვენი მდგომარეობა. ქალსა და მამაკაცს შორის გენდერული თანასწორობა მხოლოდ დღევანდელი რეალობა არ არის, ეს ჩვენი ტრადიციაა. უბრალოდ, დღეს ამ ყველაფერს გამყარება და ახალი საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება. ემანსიპირებული ქალი თანამედროვე საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
რომელიმე სქესის დომინანტობის მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ჩვენს ღირსებას ამცირებენ, უფლებები უნდა დავიცვათ. ამისათვის კი საჭიროა, კარგად ვიცოდეთ ეს უფლებები. განსაკუთრებით საყურადღებოა ოჯახური ძალადობის საკითხი. დიდი შეცდომაა, როცა ქალს თავისი უფლებების შებღალვის ხარჯზე თავი აქვს გადადებული მეუღლისა და შვილებისათვის. თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ, არ უნდა მოითმინო.
- ეს, რაც შეეხება ოჯახურ ურთიერთობებს, მაგრამ ქალისთვის სამსახური მეორე ოჯახია, სადაც, დამეთანხმებით, რომ პატრიარქატია. თქვენ როგორ იცავთ ბალანსს, მაგალითად დავით ბაქრაძეს შეწინააღმდეგებიხართ აზრთა სხვადასხვაობისას?
- დათო საოცრად გულისხმიერი და მომთმენი ადამიანია. ბოლოს სწორედ გენდერული თანასწორობის თემაზე გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ბედნიერი ვიყავი, როდესაც შვედეთში ერთობლივი ვიზიტის შემდეგ, როდესაც მან შვედების ამ საკითხისადმი დამოკიდებულება დაინახა, დამეთანხმა. ანალოგიური რამ შემიძლია ვთქვა ჩემს პირველ უფროსზე, მიშა ფრიდმანზე, რომელიც დღეს ამერიკაში მოღვაწეობს და ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ.
ამ ადამიანს არასდროს რცხვენოდა, სხვა ექიმებისთვის მიემართა, როდესაც პაციენტის მდგომარეობას ვერ არკვევდა. თუ ხელმძღვანელი გონიერია, არ უნდა შერცხვეს რჩევისა და სამართლიანი შენიშვნის მიღებისა.
უფროსებში ძალიან გამიმართლა, არ ვიცი, შევძლებ თუ არა დათო ბაქრაძის გარდა სხვა პიროვნებასთან მუშაობას.
- გამოდის, დათო ბაქრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი რომ დატოვოს, აღარც თქვენ მოისურვებთ თანამდებობაზე დარჩენას?
- ასეა, თუ უფროსთან იდეალური ურთიერთობა არ გაქვთ, ძალიან გაგიჭირდებათ.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)