სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი ხშირია. ამ წლების მანძილზე ძალადობის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა სკოლის მოსწავლემ თანატოლი არ დაინდო და დანით დაჭრა. უმეტეს შემთხვევაში, ჩხუბის მიზეზი გოგონაა. სამწუხაროდ, თანატოლებს შორის კამათი ბევრჯერ მკვლელობითაც დასრულებულა. დღეს ციხეში თანატოლების მკვლელობისთვის არაერთი არასრულწლოვანი იხდის სასჯელს. არც გოგონები ჩამორჩებიან ბიჭებს. ტელევიზიით გავრცელდა ტელეფონით გადაღებული კადრებიც, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდნენ ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბიჭთან ურთიერთობის გამო თანატოლი გოგონები გოგონას.
მართალია, კანონით, არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვა იკრძალება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვები ხშირად დანას, "ბრიტვას" და სხვა აკრძალულ ნივთს ატარებენ. უმეტეს შემთხვევაში დაჭრა სწორედ დანით ხდება. ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი მანდატურის ინსტიტუტის შემოღებისა სწორედ ეს იყო.
შარშან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი 7 საპილოტე სკოლაში შემოიღო. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ პროექტმა გაამართლა.
ახალი სასწავლო წლიდან მანდატურები თბილისის ყველა საჯარო სკოლაში იქნებიან. სექტემბრიდან დაგეგმილია მანდატურების შესვლა აგრეთვე ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, გორის საჯარო სკოლებშიც. კერძო სკოლებში კი მანდატურები მხოლოდ იმ შემთხვევაში შევლენ, თუ სკოლის დირექციას ამის სურვილი ექნება და თხოვნით მიმართავს სამინისტროს.
მანდატურის მოვალეობაა სკოლაში კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენცია, ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა. მის ფუნქციაში შედის სკოლის შიდა განაწესის დაცვა. მანდატურს არ ევალება ბავშვის დასჯა, პირიქით, მისი ფუნქციაა მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ სკოლაში 3 მანდატური იმუშავებს - ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ ამერიკული პროგრამის ფარგლებში გაიარეს მომზადება. მანდატური შესაძლებელია იყოს 20-დან 45 წლამდე ასაკის ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. შერჩეული პირები შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, ტრენინგებს გადიან ფსიქოლოგიასა და კანონმდებლობაში. მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. მათ აქვთ სპეციალური ფორმები და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები, ვიდეოკამერებით უნდა გააკონტროლონ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი.
მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს ფაქტზე რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის გართულების შემთხვევაში, შეუძლია, საქმის კურსში ჩააყენოს მშობელი და მომხდარის შესახებ განათლების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში, მანდატურს პატრულის გამოძახებაც შეუძლია.
მანდატურების მომზადება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხდება. იქ ისინი 3 კვირის მანძილზე, თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და ფსიქოლოგიურ კურსს გადიან. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსურველთა რიცხვი დიდია. მათ არანაირ ხელოვნურ ბარიერს არ უქმნიან, თუმცა აცხადებენ, რომ შესარჩევი კონკურსი მკაცრია - იმისათვის, რათა აბსოლუტური გარანტია ჰქონდეთ იმისა, რომ ბავშვებთან გაწონასწორებული ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ბავშვის ფსიქოლოგია ესმით.
გრაფიკის მიხედვით, მანდატურები მუშაობას სკოლაში გაკვეთილების დამთავრების შემდეგ დაასრულებენ. მაგრამ არც ერთი მანდატური სკოლას მანამდე არ დატოვებს, სანამ იქ ერთი ბავშვი მაინც იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მანდატური საკუთარ საქმიანობას ოქმის მეშვეობით აკონტროლებს. ოქმში ინიშნავს იმ დარღვევებს, რომელსაც აფიქსირებს. ოქმი 3 ეგზემპლარად იწერება: ერთი დირექტორს გადაეცემა, მეორე - სამინისტროს, მესამე კი მანდატურთან რჩება. ვინაიდან მას არა აქვს უფლება, ვინმე დასაჯოს, ის ოქმს დირექტორს გადასცემს და სამი ოქმის შედგენის შემდეგ, მასვე სთხოვს დარღვევაზე რეაგირებას. თუ დირექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ასეთ შემთხვევაში პროცესში სამინისტრო ჩაერთვება.
"ერთხელ მანდატურებმა აღკვეთეს უფროსკლასელთა ქმედება, როცა მათ პატარებს სასადილოში საჭმელს ართმევდნენ. მსგავს ფაქტებზე რეაგირება მკაცრი იქნება. მანდატურებმა აღკვეთეს აგრეთვე ისეთი შემთხვევაც, როდესაც მასწავლებელი სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეს თავისი პირადი საქმეების მოსაგვარებლად სკოლის გარეთ გზავნიდა. ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლის მშობელმა გამოთქვა პროტესტი მანდატურების მიმართ. როგორც აღმოჩნდა, მისი შვილი სკოლაში სისტემატურად იგვიანებდა. მანდატურმა დირექტორს ამაზე რეაგირება სთხოვა. თავის მხრივ დირექტორმა მშობელი დაიბარა და გააფრთხილა, მაგრამ მშობელს შენიშვნა არ მოეწონა... ასეთი ფაქტები უჩვენებს, რომ სკოლებში მანდატურების შეყვანა აუცილებელია. აშკარაა, რომ ძალადობის ფაქტები ხდება როგორც მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ, ასევე პირიქით. ასეთ ფაქტებზე მათი მხრიდან რეაგირება მოხდება, რადგან მათი მოვალეობაა, დაიცვან როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის უფლებები", - მითხრეს სამინისტროში.
იმ შემთხვევაში, თუ მანდატურთა მხრიდან რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, ამაზე სამინისტროში არსებული გენერალური ინსპექცია მოახდენს რეაგირებას, არსებობს აგრეთვე მანდატურების კონტროლის ჯგუფიც. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ნებისმიერ დარღვევას, რომელიც მანდატურის მხრიდან მოხდება, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანდატურები ბავშვებს ჩაცმულობისა და სამკაულების გამო საყვედურობენ. როგორც განგვიმარტეს, ბავშვის ჩაცმის სტილი მანდატურის კომპეტენციაში არ შედის.
უმეტესობა მანდატურის ინსტიტუტის შემოღებას მიესალმება, მაგრამ არსებობს საპირისპირო შეხედულებაც. ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, რომლის სკოლაშიც მანდატურები შარშან მუშაობდნენ, უკმაყოფილებას ვერ ფარავს. ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა და ფაქტები დაგვისახელა. მისი თქმით, მასწავლებლები შეშინებულები დადიან და მაღალ კლასებში შესვლა იმის გამო არ სურთ, რომ მათ მანდატურმა პრობლემა არ შეუქმნას:
- ჩვენს სკოლაში 3 მანდატურია - ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი. ვფიქრობ, ისინი იმაზე მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ვიდრე მინიჭებული აქვთ. არც ის არის დასამალი, რომ ხშირად, პედაგოგებს მაღალ კლასებში მოსწავლეების დამორჩილება სურთ და ამის გამო მანდატურებისგან შენიშვნას იღებენ. იყო შემთხვევა, ჩვენი სკოლის პედაგოგს 3 ოქმი დაუწერა მანდატურმა და დირექტორს რეაგირება მოსთხოვა. ამ ოქმების გამო პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს. შეიძლება, ბევრმა პედაგოგმა ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ ეს ინსტიტუტი პედაგოგების გასაკონტროლებლად შემოიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად ისინი გაკვეთილის პროცესში კართან ატუზულები დგანან, ყური კარზე აქვთ მიდებული და ისე გვისმენენ.
ყოფილა შემთხვევები, როცა გაკვეთილის პროცესში კარი პირდაპირ შემოუღიათ. მესმის, თუ ხმაურია და მასწავლებელი კლასს ვერ იმორჩილებს, შეიძლება ჩაერიოს. რატომ უნდა ჰქონდეს უფლება, უმიზეზოდ კართან ატუზული იდგეს?! მე არასდროს მქონია კლასის დამორჩილების პრობლემა, მაგრამ ბევრი პედაგოგი ცდილობს, დაბალ კლასებში შევიდეს... შარშან მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლაში არაერთხელ მოვიდა და დირექტორს მანდატურების დაწერილ ოქმებზე რეაგირება მოსთხოვა. რამდენიმე ბავშვი მანდატურის დაწერილი ოქმის საფუძველზე სკოლიდან გაირიცხა.
- რა უნდა დააშავოს ბავშვმა ისეთი, რომ სკოლიდან გარიცხონ? სად უნდა წავიდეს გარიცხული ბავშვი - ქუჩაში? ეს უარესი არ არის?..
- მეცხრეკლასელი ბიჭი სკოლიდან გარიცხეს. მართალია, ის ძალიან რთული ბავშვი იყო და მასწავლებლებს მასთან მუშაობა უჭირდათ, მაგრამ მას ოქმი მანდატურმა ჯერ სიგარეტის მოწევის გამო, შემდეგ - დაგვიანებისთვის დაუწერა. ბოლოს მშობელი დაიბარეს, რადგან მანდატური ოქმებზე რეაგირებას ითხოვდა. დირექტორმა მშობელი დაიბარა, აუხსნა სიტუაცია და სკოლიდან ბავშვის გადაყვანა მოსთხოვა. როგორც ვიცი, შეღავათი მაინც გაუწია: სხვა სკოლაში რომ მიეღოთ, პირად საქმეში "გარიცხვა" არ ჩაუწერა. დღეს სწავლობს თუ არა ის სხვა სკოლაში, ვერ გეტყვით.
მანდატურობის მსურველ ახალგაზრდა ქალბატონსაც გავესაუბრე:
- სკოლაში პედაგოგად ვმუშაობ. როცა შევიტყვე, მანდატურის თანამდებობისთვის კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, გასაუბრება გამევლო: როგორც ვიცი, პედაგოგებზე გაცილებით მაღალი გასამრჯელო აქვთ და მთავარი მოტივაცია სწორედ ეს იყო. ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის ამუშავება კარგი იდეაა, რადგან ძალიან ხშირად ბავშვები დანებით დადიან, განსაკუთრებით, ეს ქალაქის სკოლებშია. უმნიშვნელო საბაბით დაწყებული კამათის დროს ისინი დანებს იყენებენ.
კარგია, მანდატურები ბავშვებს დასვენებების პროცესშიც რომ გააკონტროლებენ და, როგორც ვიცი, სპეციალური აპარატის საშუალებით მოახდენენ საეჭვო მოსწავლის დათვალიერებას. თუ მას აკრძალული ნივთი აღმოაჩნდა, ჩამოართმევენ. გასაუბრების ორივე ეტაპი გავიარე.
ფსიქოლოგები ძირითადად იმით ინტერესდებოდნენ, თუ როგორ შევძლებთ კონფლიქტის მოგვარებას: მაგალითად, მე მკითხეს, - თუ ხედავ, ორი ბავშვი ჩხუბობს, რა ზომებს მიმართავო? ჩემი აზრი გამოვთქვი; არ ვიცი, ეს პასუხი რამდენად მისაღები აღმოჩნდა მათთვის...
5 წელია, პედაგოგად ვმუშაობ და ვფიქრობ, ბავშვის ფსიქოლოგიას კარგად ვიცნობ. არ მიჭირს მათთან საერთო ენის გამონახვა. ძნელად აღსაზრდელ ბავშვს თუ სწორად მიუდგები, არ შეიძლება, ის არ დაიყოლიო. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ერთ-ერთ კანდიდატს ასეთი კითხვა დაუსვეს: თუ მოსწავლემ სიყვარული აგიხსნა, რას მოიმოქმედებო?.. გავიარე ის ეტაპები, რაც უნდა გამევლო და ახლა სამინისტროდან პასუხს ველოდები. მითხრეს, რომ თვითონ დაგვიკავშირდებიან.
დაბოლოს, ერთ-ერთი მშობლის მოკლე კომენტარს შემოგთავაზებთ:
- ჩემი შვილი 51-ე სკოლაში სწავლობს. სკოლაში გასულ სასწავლო წელს მანდატურები იყვნენ. ვფიქრობ, ეს კარგია - ბავშვები უფრო უსაფრთხოდ გვეყოლებიან. საინფორმაციო საშუალებებით გადაუციათ უამრავი შემთხვევის შესახებ, თუ როგორ დაუნდობლად ექცევიან ბავშვები ერთმანეთს. ახლა უფრო დაცულები ვიქნებით. მივესალმები ამ სიახლეს.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)