დღეს მარიამობაა

დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რადგან იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათთორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და მესამე დღეს აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მან მიიძინა, რათა ნეტარი, მარადიული სიცოცხლისთვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია უფლის წინაშე, რათა ადამიანთა სულები მარადიული სიკვდილისგან ლოცვით იხსნას. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი შუამდგომლობს ადამიანს და მწუხარებისას ნუგეშად რწმენას აძლევს.

ქვაში გამოკვეთილი ღვთისმშობლის საფლავი, ისევე, როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათთორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა.

პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვით თავდება: "უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი".

დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"