გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.
დღეს გამრთულ აქციაზე "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ, 10 000 ხელმოწერით მიმართავენ თბილისის საკრებულოს, რათა განიხილოს ინიციატივა გარევაჭრობის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით.
ჩხარტიშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი გიგი უგულავას გავლენის ქვეშ არის და გარემოვაჭრეთა პრობლემებს არ იხილავს.
გარდა გარევაჭრობის საკითხისა, თბილისის მერიისგან ითხოვენ დევნილების საკითხის გადაწყვეტაში დახმარებასაც. კერძოდ, მერიის ბალანსზე არსებული ობიექტების ნუსხას. ჩხარტიშვილის თქმით, უგულავა წინასაარჩევნოდ დევნილებს სახელმწიფო შენობებში შესახლებას დაპირდა, თუმცა დაპირება არ შეუსრულებია.
დევნილები თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ფართებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფო შენობებიდან გამოსახლების შედეგად ქუჩაში დარჩნენ. გარემოვაჭრეები კი, გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ბაზრებში შესვლა, სადაც მაღალი გადასახადებია და მომხმარებლები არ შედიან.