გია ნოდია: ეჭვიც არ მქონია, რომ რამე დარღვევა ხდებოდა

გია ნოდია: ეჭვიც არ მქონია, რომ რამე დარღვევა ხდებოდა

"თუკი იყო რამე დარღვევა, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი მის აღმოფხვრას. მე არ მქონია არანაირი საფუძველი იმის ფიქრისა და არანაირი ეჭვი, რომ რამე დარღვევა ხდებოდა. გიმეორებთ, რომ ეჭვიც არ მქონია", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ და ისიც დასძინა, რომ სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ სამართადამცავი სტრუქტურებისგან არ შეხმიანებიან.

საინფორმაცია სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. სამინისტროს საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მამარდაშვილი, საფინანსო სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ბარაბაძე და სამეურნეო სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად კიკვაძე განათლების სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დააკავეს.

თუმცა სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმე ჯერ მათთან არ შესულა. პროკურატურა კი კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებას პროკურატურა სწავლობს. საქმე 2008 წლის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვებს ეხება.

განათლების სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 25 აგვისტოს გაიმართა. როგორც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა განაცხადა, შესყიდვების დროს გაფლანგულია ათიათასობით ლარი.

მაგალითისთვის ანდრიაშვილმა წარმოადგინა ბურთები, რომლის შესყიდვის დროსაც განათლების სამინისტროდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა 170 ათასი ლარი. ზოგადად კი, სპორტული ინვენტარის შეძენის დროს 600 ათასი ლარი გაიფლანგა. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. როგორც განათლების სამინისტროში განმარტეს, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

გარდა ამისა, ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრ დიმიტრი შაშკინის დავალებით, ყველა მასალა მთავარ პროკურატურას გადაეცა. ფაქტთან დაკავშირებით კი, გამოძიება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ჯერ საუბარია მხოლოდ 2008 წელზე, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმება სხვა პერიოდებსაც შეეხება.

ყოველივე აღნიშნულში უკეთ გასარკვევად "რეზონანსი" განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან პრესსამსახურის უფროსს ნინო პოტრჯებსკაიას ესაუბრა.

"მამადაშვილის, კიკვაძისა და ბარაბაძის დაკავებას ვერ დავადასტურებ, არ ვიცი. პროკურატურას უნდა ჰკითხოთ", - განაცხადა პოტრჟებსკაიამ.

რამდენადაც ანდრიაშვილი 2008 წლის საქმეებს დარღვევებზე საუბრობს, 2008 წელს განათლების მინისტრად კი გია ნოდია მუშაობდა, "რეზონანსი" სწორედ მას დაუკავშირდა.

- ბატონო გია, ის ჩონოვნიკები, რომლებიც თქვენი მინისტრობის დროს იყვნენ (მამარდაშვილი, ბარაბაძე და კიკვაძე) დაკავებულები არიან. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- დააკავეს? არ ვიცი, რატომ. ბარაბაძეზე შემიძლია გითხრათ, რომ თუკი მართლა დააკავეს, ჩემთვის მოულოდნელია, რადგან ძალიან კარგი რეპუტაციის ადამიანია. ის იყო სამართლიანი და სკრუპულოზური თავის საქმიანობაში. დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მახსოვს.

-როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ამ ბოლო დროს სამინისტროს მხრიდან ამგვარი განცხადებები?

-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

-აღმოჩენილი ფინანსური დარღვევები სამინისტროში თქვენი მუშაობის პერიოდს ემთხვევა...

-როცა ხელმძღვანელობ რაღაცას, რა თქმა უნდა, არსებულ დარღვევებზე პასუხს აგებ, მაგრამ კონკრეტულად რა დარღვევებზეა ლაპარაკი, ან რაში მდგომარეობს, ამის თქმა მიჭირს.

-თვლით თუ არა, რომ თქვენი მინისტრობისას იყო რაიმე დარღევევები?

-თუკი იყო რამე დარღვევა, რა თქმა უნდა, შევეცდებოდი მის აღმოფხვრას. მე არ მქონია არანაირი საფუძველი იმის ფიქრისა და არანაირი ეჭვი, რომ რამე დარღვევა ხდებოდა. გიმეორებთ, რომ ეჭვიც არ მქონია.

-თუ ეჭვიც არ გქონიათ, რას ნიშნავს ეს ბრალდებები?

-არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

-თქვენთვის არავის მოუმართავს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან?

-არა, არავის.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"