ორმაგი მოქალაქეობის შუქჩრდილები

ორმაგი მოქალაქეობის შუქჩრდილები

"საქართველოში დაშვებული არ არის ორმაგი მოქალაქეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას უცხო ქვეყნის ქვეშევრდომს, რომელსაც ქვეყნის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან", - ნათქვამია კანონში "მოქალაქეობის შესახებ".

კანონით მინიჭებულ ამ ექსკლუზიურ უფლებას პრეზიდენტი ბოლო ხანს ხშირად იყენებს. მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყანას მომავალში დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ახლო მომავალში ორმაგი მოქალაქეობა ოფიციალურად დაკანონდეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო რეესტრს მოქალაქეობის მისაღებად უცხო ქვეყნის 8804-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან საქართველოს მოქალაქეობა 4768-ს მიენიჭა. როგორია თქვენი მოსაზრება ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე? დასაშვებად მიგაჩნიათ მისი შემოღება საქართველოში? - ამ კითხვით მივმართეთ "მრეწველების" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს და "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრს, თეა წულუკიანს.

ზურაბ ტყემალაძე: ფრთხილად, საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობად არ ვიქცეთ!

- დღევანდელ სიტუაციაში, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ფაქტის მომრავლება ქართულ სახელმწიფოს სასიკეთოს ვერაფერს მოუტანს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ისედაც რთული დემოგრაფიული სიტუაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაუჭრელობა - ეს ყველაფერი მეტ დაფიქრებასა და წინდახედულობას მოითხოვს; კანონით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, მოქალაქეობა მიანიჭოს პიროვნებას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, დამსახურებისთვის. მივიჩნევ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული დათქმით უნდა მიენიჭოს... დაუშვებელია პროცესების იმგვარი განვითარება, რომ ქართველები საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობად ვიქცეთ. ახლახან პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, საქართველო არა მარტო ქართველების, არამედ აქ მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლის სამშობლოაო, ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ქვეყანას საქართველო ეწოდება სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია.

- ამ გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში სხვა ეროვნების წარმომადგენელი, მაგალითად, შაშკინი, შესაძლებელია, გახდეს მინისტრი და რომ არ არის გამორიცხული, მომავალში, ქვეყანას არაქართველი პრეზიდენტიც ჰყავდეს...

- რაც შეეხება შაშკინს, მისი ოჯახი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. არც ერთი თანამდებობის დაკავებას, თუნდაც პრეზიდენტობას, ეთნიკური წარმომავლობის გამო, ჩვენი კანონმდებლობა არავის უზღუდავს, მაგრამ, ცალკე თემაა, ამ საკითხის პოლიტიკურ-მორალური ასპექტი.

- თქვენი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია...

- ბრმა მიმბაძველობა ჩვენთვის დამღუპველია. დიახ, ზოგიერთ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია, ზოგან - აკრძალული, როცა გვინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვბაძავთ, როცა გვინდა - ფილიპინებს, დროა, საკუთარი მოდელის შემუშავებაზე ვიზრუნოთ, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და დღევანდელი არცთუ სახარბიელო რეალობის გათვალისწინებით...

თეა წულუკიანი: ევროსაბჭოს რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ მისი წევრი ქვეყნები ორმაგ მოქალაქეობას არ შემოიღებენ.

- ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე, ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, ცუდია თუ კარგი. არსებობს ევროსაბჭოს კონვენცია "მრავლობითი მოქალაქეობის შემთხვევათა შემცირების შესახებ", სადაც რეკომენდებულია, რომ უმჯობესი იქნება, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ორმაგი მოქალაქეობა არ იქნეს შემოღებული. საქართველო ამ კონვენციას არ შეუერთდა. საქმე ის არის, რომ ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შემთხვევაში, მწვავედ დგება სამხედრო სამსახურის საკითხი - რომელი ქვეყნის არმიაში უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური პირმა, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს? ამ თავსატეხის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმება იდება. ვთქვათ, საქართველო და სომხეთი გადაწყვეტენ, რომელ ქვეყანაში გაიაროს სამხედრო სამსახური პიროვნებამ, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ასე რომ, ორმაგი მოქალაქეობა პოლიტიკურსა და ეკონომიკურ ფაქტორებს რომ თავი დავანებოთ, ერთგვარი თავის ტკივილია. მწვავედ დგება გადასახადების გადახდის საკითხიც...

თუ ქვეყანას გონიერი ხელისუფალი მართავს, ამ პრობლემების მოგვარება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია. დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე, განსაკუთრებით ქალბატონები, მიდიან ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში და ოჯახებს ქმნიან. ისინი, გასაგები მიზეზების გამო, ცდილობენ მიიღონ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, სადაც ცხოვრობენ. მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა მშობლიური ფესვებისაგან მოწყვეტის ტოლფასი იქნება.

რაც შეეხება მომავალში დემოგრაფიული პრობლემების წინაშე აღმოჩენის საფრთხეს, ეს ისევ და ისევ ქვეყნის ხელისუფლების ნაბიჯებზე, მის პოლიტიკურ ალღოზე იქნება დამოკიდებული.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"