უამრავი რამ აინტერესებს, ამიტომაც ვერ ისვენებს: მუდამ სწავლობს და მუდამ საქმიანობს. ევროპის ბევრ ქალაქში ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა. ამბობს: დროდადრო ინტერესები მეცვლება.
თუმცა მაინც ვფიქრობ, ერთი ადამიანის ცხოვრება ვერ სწვდება ყველაფერს, თორემ გაცილებით მეტს შევისწავლიდიო. ჩანს, მრავალფეროვნება ხიბლავს და თითქოს ყველაფერში ცდის თავს - ფაქტია, ბევრი რამ ძალიან კარგად გამოსდის... ამჯერად პირისპირ სასაუბროდ საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს ვეწვიეთ.
- ძალიან რთულია საქართველოში პატარა საქმის გაკეთებაც კი, რადგან თანამოაზრეების პოვნაა რთული. მაგალითად, რაც ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელი გავხდი, ძალიან დავინტერესდი მისი შენობის ისტორიით. ლეგენდასავით ვიცით, რომ თავად ბარიატინსკის აუშენებია, მაგრამ ჯერჯერობით რომანტიკული ისტორიის მიღმა რეალურის ამსახველ ფაქტობრივ მასალას ვერაფრით მივაკვლიე, არადა, შესაძლოა ვინმეს მოეპოვება კიდეც ინფორმაცია და ძალიან გაგვახარებს, თუ დაგვეხმარება.
მუზეუმის ტექნიკურად აღსაჭურვად კომპიუტერებია საჭირო, მაგრამ ჩვენი ძალებით ვერაფერს გავხდებით, ამიტომ სხვა ადამიანების მხარდაჭერა დაგვჭირდება. საინტერესო ფონდები გვაქვს და სასურველია მისი გამომზეურება, ასევე, კარგი ინტერნეტგვერდის შექმნა, რითაც ყველა დაინტერესებული პირისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი აქ დაცული დოკუმენტები;
საინტერესოდ მიმაჩნია საბჭოთა ტერმინთა ლექსიკონის გამოცემა და კიდევ მრავალი საქმე, მაგრამ ყველა საქმისთვის ფინანსებია საჭირო. მხოლოდ სახელმწიფოს დოტაციის იმედად ჩვენი მუზეუმის თუ, ზოგადად, ასეთი ინსტიტუციების განვითარება შეუძლებელია. ამიტომაცაა აუცილებელი საზოგადოებრივი ინტერესის, თანამოაზრეების არსებობა, ვინც თუნდაც ჩვენს საქმეს შემოეშველება...
- შემართებით შესდგომიხართ დირექტორობას და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ პირისპირ მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელთან კი არა, გერმანისტ, თეოლოგ, პოლიტოლოგ, ისტორიკოს, ჟურნალისტ, სცენარების ავტორ, ცოტა მსახიობ და კიდევ... მუდამ მაძიებელ ლაშა ბაქრაძესთან გვსურს საუბარი. ლაშა, ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ?
- ლიტერატურისმცოდნის, გერმანისტის დიპლომიც მაქვს, პოლიტოლოგიაც შევისწავლე, და ისტორიაში დისერტაციაც დავიცავი - სიმართლე ესაა და რა ვქნა (იცინის)?
- თქვენი მრავალმხრივი საგანმანათლებლო ძიება მამასთან, მართლაც უნივერსალურ და უგანათლებულეს საზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ბაქრაძესთან ქვეცნობიერი გაჯიბრებაც ხომ არ იყო?
- არა მგონია. განსაკუთრებული ჟინიანობით არ გამოვირჩევი. ერთი ამბავი გამახსენდა: მამა ცოდნის ძალიან ფართო სპექტრით ინტერესდებოდა და შინაც ძალიან მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა ჰქონდა. როდესაც ბავშვისთვის ასე იოლად ხელმისაწვდომია უამრავი წიგნი და ბევრს კითხულობს, რასაკვირველია, გონებრივი თვალსაწიერიც ეზრდება. ცოტა ხნით ნათესავის ბავშვი ცხოვრობდა ჩვენთან და როდესაც კვლავ თავის ოჯახში დაბრუნდა, მისმა მშობლებმა მამას დიდი მადლობა გადაუხადეს, - ბავშვმა წიგნის კითხვა დაიწყო და ამას თქვენ გიმადლითო.
მამამ უთხრა, - შინ ერთი წიგნიც არა გაქვთ და ბავშვისთვის რამდენიც უნდა გეთქვათ, წიგნი იკითხეო, რას წაიკითხავდა - აქ კი წიგნები რომ დაინახა თვითონ დაინტერესდა და წიგნის კითხვაც თვითონ დაიწყოო. უნივერსიტეტშიც ვკითხულობ ლექციებს და კარგად ვხედავ, როგორ უჭირთ ქართველ სტუდენტებს წიგნის კითხვა. არადა, დღეს ინტერნეტითაც ბევრი წიგნია ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობისთვის, სამწუხაროდ, ინტერნეტიც ვერ გახდა ინფორმაციის სერიოზული წყარო და თამაშს ამჯობინებენ.
ამიტომაც მივესალმები თქვენი მედიასახლის პროექტს - "ქართული პროზის საგანძურს", რაც ადამიანებს შინაარსით მაღალხარისხიანი ლიტერატურის შედარებით იაფად შეძენის საშუალებას აძლევს. სიიაფესაც ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს!.. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, ძალიან დატვირთული კი იყო, მაგრამ არასდროს მიგრძნია, რომ ჩემთვის დრო არ ჰქონდა. მამა ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, ლამის ფეხით ჰქონდა შემოვლილი და მეც მისი წყალობით მაქვს ბევრი რამ ნანახი. თანაც, მასთან ერთად მგზავრობა ყოველთვის საინტერესო იყო.
არანაკლებ "დიდი მოგზაურია" დედაც - ნელი რუსიშვილი. იმხანად მოდური კი იყო, მაგრამ საგზურით არასდროს მივემგზავრებოდით - თვითონ ვირჩევდით მარშრუტს და წინასწარ არასდროს ვჯავშნიდით სასტუმროებს (ეს თითქმის შეუძლებელიც იყო) თუნდაც ბალტიისპირეთში ან სხვა რესპუბლიკებში.
ალბათ, ბავშვობიდან მომყვება და ახლაც არ მიყვარს პასიური დასვენება, ერთ კვირაზე მეტხანს ვერსად ვჩერდები; მიყვარს საქართველოს მთიანეთში ფეხით სიარული, ნაბიჯ-ნაბიჯ გარემოს ცვლა;
ვერ ვიტან დაგეგმილ ექსკურსიებს, მუზეუმებში გიდის თანხლებით გადარბენით სიარულს და ასე შემდეგ... ბავშვობაში, მშობლებთან ერთად მოგზაურობისას, ბუნებრივია, ბევრ რამეს სწორედ მათ ვეკითხებოდი და, საბედნიეროდ, ყოველთვის ამომწურავ პასუხს ვიღებდი. თუ რაიმე მაინტერესებს, არც დღეს ვთაკილობ კითხვის დასმას.
არადა, მარტო მე კი არა, უცხოელებმაც შენიშნეს, რომ საქართველოში კითხვის დასმა არ უყვართ ან თუ კითხულობენ, თითქოს წინა ნათქვამთან შეუსაბამოს - ეს უკვე ჩემი აზრია. ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ ჯერ ერთი, კარგად არ ისმენენ და მეორეც, რცხვენიათ, რადგან ჰგონიათ, თუ კითხვა დასვეს, რაღაცის უცოდინარობას გამოამჟღავნებენ. არადა, ადამიანები თუ არაფერს კითხულობენ, ბევრ რამეს ვერც გაიგებენ.
- საკუთარ თავს თუ უსვამთ კითხვებს და გულწრფელად თუ პასუხობთ?
- რასაკვირველია და ძალიან ხშირადაც... და ვცდილობ, გულწრფელი ვიყო. ასეთ დროს გულახდილობის არ მრცხვენია. საკმაოდ კრიტიკულიც ვარ საკუთარ თავთან. ალბათ, ამიტომაც მსაყვედურობენ მეგობრები, ყველაფერს არ წერ, რაც იციო. არადა, ის ცოდნა საკმარისად არ მიმაჩნია, ამა თუ იმ თემაზე წერისას საკუთარი თავისგანაც და სხვისგანაც მეტ სიღრმეს ვითხოვ. იქნებ, ზედმეტად კრიტიკულიც ვარ? - არ ვიცი...
- დაუდგრომელი ბუნების წყალობით, ალბათ, ბევრნაირ ადამიანს გადაჰყრიხართ, სხვადასხვა ერისა თუ ჯურის ხალხთან ურთიერთობთ, როგორი ფსიქოლოგი ხართ - გეიოლებათ სხვისი ბუნების გაგება, ჩაწვდომა?
- მიჭირს პასუხის გაცემა (ფიქრობს). თითქოს - კი, მაგრამ შეცდომებსაც ვუშვებ. თუმცა შეცდომებზეც ხომ სწავლობენ! მეც ვსწავლობ ხოლმე... ზოგჯერ ძალიან მტკივნეულადაც - ნდობის შემდეგ იმედგაცრუებას ვგულისხმობ (იღიმის).
საერთოდ კი, ადამიანებთან ურთიერთობა არ მეძნელება. მოგზაურობასა და დაუგეგმავ მარშრუტებზე რომ გიამბობდით, იმასაც გეტყვით, რომ არ მიყვარს მხოლოდ ტურისტული რუკებით და ცნობარებით სიარული, მირჩევნია იქაურ ადამიანებსაც ვიცნობდე და სწორედ ისინი მიწევდნენ მეგზურობას თავიანთ საყვარელ ადგილებში, კაფეებში, ოჯახებში, რომ ისტორიასთან ერთად "ცოცხალ" ქალაქებსა თუ სოფლებსაც გავეცნო. მაგალითად, ბავშვობიდან ვოცნებობდი რომის ნახვას, მაგრამ ვიდრე "მასპინძლები" არ გამომიჩნდნენ, არ ჩავედი. იმ ადამიანებმა "თავიანთი რომიც" მაჩვენეს და ეს გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა.
რომი იქნება, ლონდონი თუ სხვა ქალაქი, მერე, გზადაგზა, იქ განცდილს კიდევ გადააფასებ ხოლმე კაცი, ისევე გადააფასებ, როგორც წაკითხულ წიგნს ან ნებისმიერ ფასეულობას.
ხშირად ლაპარაკობენ ფასეულობებსა და ტრადიციებზე, ჩემი აზრით, ტრადიცია არ უნდა გაყინო, პირიქით, გადაფასება უნდა შეძლო და მხოლოდ ამით აცოცხლებ ხანგრძლივად. რას ვუწოდებ ტრადიციას? მაგალითად, თაობებისთვის და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციად ქცეული ინსტიტუცია იყო თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე "ლაღიძის წყლები".
ვფიქრობ, ეს არ უნდა მოეშალათ, ისევე, როგორც აფთიაქი დღევანდელი საკრებულოს შენობაში, რომელიც, მგონი, თბილისის მმართველობის შენობის დაარსებიდან მდებარეობდა იქ. ეს არის ქალაქის ტრადიციაც და ისტორიაც, რომლის მსგავსიც ბევრ ძალიან განვითარებულ ქვეყანაში აქვთ შენარჩუნებული და რომელსაც ჩვენთანაც სერიოზული მოფრთხილება სჭირდება...
- ლაშა, სამწუხაროდ, ერთი ინტერვიუ ყველაფერს ვერ დაიტევს. პირად ცხოვრებაზეც მინდა, ვისაუბროთ. ცვლილებების მოყვარული პირად ცხოვრებაში მეტისმეტად სტაბილური ჩანხართ - ჯერაც არ დაოჯახებულხართ. არაფრის შეცვლას აპირებთ?
- ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იცვლება ბევრი რამ, თუნდაც პირადული, მაგრამ... დღეს ქართულ მედიაში მოდურია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მე კი ეს ძალიან არ მიყვარს. მართალია, დღეს ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ პირადი საკითხების გამომზეურება არ მომწონს. არც სხვისი ამბები მაინტერესებს და ვფიქრობ, არც ჩემი უნდა აინტერესებდეს სხვას.
- ნება თქვენია, ვერ დაგაძალებთ... ისე, თქვენი ნაამბობიდან გამომდინარე, მგონია, რომანტიკოსი იქნებით. ვცდები?
- ნაწილობრივ (პასუხები აშკარად "დაშრა" და "დამოკლდა" - ი.ხ.).
- გარემოს ცვლა გიყვართ, გრძნობებზეც, სიყვარულზეც იმავეს იტყვით?
- კი, რატომაც არა. შეიძლება ასეც ვთქვათ...
- ერთი სიყვარულისთვის მართლაც მეტისმეტად ხანგრძლივია ცხოვრება?
- თავისთავად ცხადია... არ მიყვარს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი... ისედაც, მგონი, ბევრი ვისაუბრეთ (სიყვარულის თემა კატეგორიულად დახურული აღმოჩნდა და დელიკატურად მაგრძნობინეს, დროა, დამემშვიდობოთო. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. ჩემს რესპონდენტს წარმატებებიც ვუსურვე და კვლავ სამუზეუმო საქმეებში ჩაფლული დავტოვე - ი.ხ.).
ირმა ხარშილაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)