"გთხოვ სათუთად მომიარო, ვით ძვირფასი განძის ბადალს, რომ შენს უმცროს მეგობარსაც ვემსახურო გაისადაც!" (ფასი 2 კაპ.) - სავარაუდოდ, 21-საუკუნის ასიდან არცერთ "თინეიჯერში" არ მოიძებნება მოზარდი, რომელსაც ზემოთმოყვანილი სტრიქონი ჰქონდეს ნანახი თვალით. არადა, გასული საუკუნის 80-90-იანი წლების სკოლების აღსაზრდელების 99 პროცენტმა ზეპირად იცოდა ხსენებული ოთხიოდე სტრიქონი. მათთვის, ვისთვისაც უცნობია ეს ლექსი, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში ჯერაც უცნობი გახლდათ ე.წ. "ცარცის" ქაღალდით "შემოსილი" სახელმძღვანელოები და მათ უკეთ შესანახად ჩვეულებრივი პოლიეთილენის გადასაკრავები იხმარებოდა. ცნობისათვის, ეს გადასაკრავი საცალო ფასით, 2 კაპიკით განისაზღვრებოდა.
დღესდღეისობით არცერთ თანამედროვე სახელმძღვანელოს გადასაკრავი არ სჭირდება. გასული საუკუნის ტრადიციებისაგან განსხვავებით, დღეს სასკოლო სახელმძღვანელოები, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით აღარ გადაეცემა. ახლა ყველაფერს ფული განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, სწავლასა და განათლებაში გადახდილი თანხა. რაც მეტია ფული, მით უფრო ხარისხიანია სახელმძღვანელოც, მით მაღალი კვალიფიკაციისაა მასწავლებელი და მით უფრო კომფორტულია ამა თუ იმ სკოლაში მოზარდის ტარება.
ნიშანი "ყოფაქცევაში" - ამგვარი ნიშანი გასული საუკუნის სკოლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასება იყო. ჩვენს არცთუ ისე შორეულ წინაპრებს მშვენივრად ახსოვთ ოქროსა თუ ვერცხლის მედლები, რომლებსაც სკოლის ათწლიანი განათლების შემდგომ იღებდნენ. შესაძლოა, ფიზმომზადებასა თუ შრომის გაკვეთილში მასწავლებელს "ხუთიანი" მიეძღვნა, მაგრამ ყოფაქცევაში დაბალი ნიშანი თუ დაიწერებოდა, არანაირ მედალსა თუ წარმატებაზე საუბარი არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
მაინც რას ნიშნავდა "ყოფაქცევა?" უპირველეს ყოვლისა, ეს უმთავრესი ნიშანი სახელმძღვანელოს მოვლის ხარისხს ითვალისწინებდა. წიგნის ბოლო გვერდზე აუცილებლად იწერებოდა წიგნის მიმღები მოსწავლის სახელი, გვარი, მისამართი და საერთოდ ყველა მონაცემი. თუ სახელმძღვანელო ცუდად გახლდათ შენახული, დახეული იქნებოდა თუ დასვრილი, მოწაფეს "ყოფაქცევაში" ნიშანი აკლდებოდა.
დღეისათვის, საქართველოში რამოდენიმე ცნობილი გამომცემლობა არსებობს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვით გახლავთ დაკავებული. მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ მათი ჩამოთვლით, თუმცა განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამინისტრო ყოველთვის ანიჭებს პრიორიტეტს ამა თუ იმ (დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ) გამომცემლობას.
ამჟამად, ჩვენი განხილვის საგანი სულაც არ გახლავთ ამა თუ იმ გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელობის სასწავლო მეთოდიკის პრიორიტეტის განსაზღვრა თუ ფასების რეგულირების პრობლემა. "რეზონანსი" ამჯერად დაინტერესდა "საშუალო ქართველის" ბიუჯეტის ხარჯვით. ოჯახის ბიუჯეტის რა ოდენობის წილი მოდის ბავშვის სასკოლოდ მომზადებისთვის.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის არც ისე უმნიშვნელო ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ხოლო ბავშვის სასკოლე ინვენტარით თუ ჩასაცმელით უზრუნველყოფა, საშუალოდ, 250 ლარს საჭიროებს, ცხადი გახდება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასწავლო წლის დაწყება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. კიდევ უფრო უარეს პირობებში აღმოჩნდებიან მშობლები, რომელთაც ორი ან სამი ბავშვი დაჰყავთ სკოლაში. თუმცა, უკეთეს დღეში არც მოსახლეობის ის ნაწილია, ვისი ცხოვრების დონის მაჩვენებელი სიღარიბის ზღვარს აღემატება.
"ჩემი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო, ყოველი სასწავლო წელი ჩემთვის პრობლემებით იწყება. სასკოლო ციებ-ცხელება მემართება, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება. ჯერ იმაზე ვნერვიულობ სად ვიშოვო ფული, ბავშვების წიგნებისთვის თუ ფეხსაცმელებისთვის და მერე უკვე ვალის გასტუმრებაზე მიწევს დღე და ღამ ფიქრი. ორი ბავშვი დამყავს სკოლაში, მესამე - ბაღში.
ორ კვირაში სწავლა იწყება და სრულიად მოუმზადებელი ვარ. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ მივეკუთვნებით, მაგრამ ოჯახის შემოსავალს, ამ დროისთვის საჭირო თანხა ბევრად აღემატება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მაკა მაღრაძემ.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ საზაფხულო არდადეგებიც მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული და თადარიგის წინასწარ დაჭერა არცთუ ადვილია.
"სასწავლო სეზონის დასაწყისად 15 სექტემბრის გამოცხადება დიმიტრი შაშკინმა იმით ახსნა, რომ მშობლებს საშუალება მიეცეთ კარგად დაგეგმონ შვებულება და არდადეგებიო. სამწუხაროდ, დროის გადაწევა დიდი ვერაფერი შეღავათია ჩვენთვის. რაც დანაზოგი მქონდა, სწორედ საზაფხულო არდადეგებზე ბავშვების ქალაქიდან გაყვანას მოვახმარე და ახლა საჭირო თანხას, ორ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში როგორ გამოვიმუშავებ? 300 ლარი მაქვს ხელფასი და ეს წიგნებში არ მეყოფა", - აღნიშნა მანანა გამგონიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
ყველგან - ქუჩაში, ეზოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ერთ პრობლემაზე საუბრობენ: ბავშვები სასკოლოდ სულ მთლად მოუმზადებელი მყავს და რა ვქნა არ ვიციო. უკვე დიდი ხანია, ყოველწლიურად მშობლებს ბავშვის სკოლაში წაყვანა სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
სამწუხარო ის არის, რომ უახლოეს მომავალში არანაირი ცვლილების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს: სკოლის ფორმების დამკვიდრების იდეამ კრახი განიცადა. სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა მომგებიან ბიზნესად იქცა და უსასყიდლოდ მათი მოსწავლეებისთვის გადაცემა მავანთა ინტერესში ნამდვილად არ შედის. არც მოსახლეობის სოციალური დონის მკვეთრად გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ.
არადა განათლებაზე ორიენტირებული სახელმწიფოში საზოგადოების დიდ ნაწილს სახელმძღვანელოების შეძენის საშუალება თუ არ აქვს, ორიენტაციის კომპასი რა მიმართულებით დატრიალდება და რა ნიშნულთან მიგვიყვანს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
ნანა ლაღაძიშვილი