საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი ოფიცრის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის დაღუპვის გამო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ქართველი ოფიცრის ოჯახს, მის თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს.
28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.
აფეთქების შედეგად ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ლეიტენანტი მუხრან შუკვანი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც, შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი.
მუხრან შუკვანს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.