საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული სახე მანუჩარ მარკოიშვილი 24 წლისაა და უკვე ბევრ ქვეყანაში მოასწრო თამაში. ამჟამად ის იტალიაში თამაშობს, სადაც გულშემატკივარი გვარიდან გამომდინარე მარკოს ეძახის, საქართველოში კი საახლობლოსთვის მანუა. ამ ინტერვიუს შემდეგ ალბათ ქართველი გულშემატკივარიც მანუს დაუძახებს.
მანუჩარი ძალიან პოპულარულია თბილისელ გოგონებში, თუმცა გულს დაგწყვეტთ და გეტყვით, რომ ის შეყვარებულია. მისი რჩეული უკრაინელი ანჟელა ნიკიტინაა. აპირებს თუ არა დაქორწინებას პოპულარული კალათბურთელი უახლოეს მომავალში, ჩვენი საუბრიდან გამოარკვევთ.
- ჩემი ძმა გიორგი მამაჩემის კვალს გაჰყვა, მამა კალათბურთელი გახლდათ და ტრადიციულად მოგვდგამს ეს სპორტი. თავიდან, სხვათა შორის, ქართულ ცეკვაზე მიმიყვანეს. 8-9 წლის ვიქნებოდი, ჩემი ძმა გუნდის კაპიტანი იყო, თასი მოიგო "მართვემ" და სახლში მე მოვაცუნცულე. ვიფიქრე, ცეკვით თასს ვერ მოვიგებ-მეთქი. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ვუთხარი, საქმე ჩამიწყვე, კალათბურთზე უნდა ვიარო-მეთქი. მეც დავიწყე სიარული და ჩემს ჭიას ვკლავდი. პატარა ვიყავი, სკამზე ვიჯექი, ველოდებოდი, როდის დადგებოდა ჩემი დრო და ამის იმედით არ გავჩერდი. მგონი, ჩემი დროც დადგა. ჩემი ძმა ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო. ყოველთვის პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლებოდა, ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა. შური და ბოღმა არ მქონია, პირიქით, ძალიან მინდოდა, ერთად გვეთამაშა საქართველოს ნაკრებში, ერთი-ორჯერ კი მოგვიწია ასე თუ ისე, მაგრამ მთლიანად ეს ოცნება მაინც ვერ ავიხდინეთ.
- ზოგადად კალათბურთთან დაკავშირებით შენი ოცნება ახდა...
- რაზეც ვოცნებ, შეიძლება, იმას ვერ მივაღწიო, მაგრამ... ამას ვერ ვიტყვი, შეიძლება, ვიღაცამ თავხედად ჩამთვალოს. იმასაც რომ მივაღწიო, უფრო მეტს მოვინდომებ, ვიცი. უკვე რვა წელია საზღვარგარეთ ვთამაშობ და თავიდანვე ვიცოდი, რომ უცხოეთში უნდა გამეღწია. აქ არ იყო შესაბამისი პირობები, თუმცა აქ ძალიან კარგი ბავშვთა სკოლა გვაქვს. მოზრდილ ასაკშია უკვე ძნელი. ტრადიციები ზოგადად უფრო სუფრისკენ მიიწევს, ვიდრე სპორტული დარბაზისკენ. დიდ დიღომში ვსწავლობდი სკოლაში, სპორტსკოლაში დავდიოდი ვარჯიშებზე, ძალიან ბევრი სიარული მიწევდა აქეთ-იქით, დიღმიდან რუსთაველზე უნდა მევლო. ბოლოს მამაჩემმა მითხრა, ან უნდა ისწავლო, ან კალათბურთი ითამაშოო.
საქართველოში სწავლისა და სპორტის შეთავსება ძნელია, ერთი სკოლაც არ არის, რომ კარგი დარბაზი ჰქონდეს. ძალიან მწყდება გული, რომ სკოლაში ზოგიერთ საგანს საერთოდ ვერ მივაქციე ყურადღება და დღემდე მრცხვენია. ვეცდები, რომ ჩემს შვილს ორივეს ინტერესი ჰქონდეს. რაც უფრო გახსნილი აქვს ადამიანს გონება, მით უფრო კარგად აზროვნებს მოედანზე. ინტელექტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვიღაცებს ჰგონიათ, სპორტი და გახსნილი გონება რა შუაშიაო, მაგრამ უცბად სიტუაციის დანახვასა და გადაწყვეტილების მიღებას კალათბურთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
- უცხოეთში როგორ წახვედი სათამაშოდ?
- აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ თამაში ზურაბ სამხარაძესთან დავიწყე, მერე ბათუმის "ბასკოში" მოვხვდი, მერაბ ემირიძეს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. ბათუმში ძალიან მაგარი საწვრთნელი ბაზა ჩამოყალიბდა, უცხოელი მწვრთნელი გვყავდა და ორი წელი მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ბათუმში ვცხოვრობდით და ვვარჯიშობდით, იქ ყველა პირობა იყო შექმნილი, გვაჭმევდნენ, გვასმევდნენ. ამ პერიოდმა ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. მაშინ გავუგე დამოუკიდებლად ცხოვრებას გემო... და საჭმლის კეთებაც ვისწავლე (იცინის). ბათუმის მერე იყო იტალია და "ბენეტონი", იქიდან გადავინაცვლე გერმანიაში, შემდეგ სლოვაკეთში, უკრაინაში და ახლა ისევ იტალიაში ვარ.
- მანუჩარ, უცხოეთში თამაშის განსხვავებული სტილია? როცა თამაშებს ვუყურებთ ხოლმე, თქვენი თამაში ძალიან განსხვავდება "ენბიეის" სტილისგან...
- სპორტი კი ერთია, მაგრამ თამაშის სტილი მართლაც განსხვავებულია. "ენბიეი" არის შექმნილი ბიზნესისთვის, ხალხი ამით ფულს შოულობს. თუ გინდა, რომ მაყურებელი გყავდეს, აუცილებელია, მას შოუ შესთავაზო. იქაური კალათბურთელები, რომლებიც ვარსკვლავები არიან, თავისუფალ თამაშს თამაშობენ. სამქულიანი უფრო შორს არის, დიდი სივრცეა მოთამაშეებს შორის, ერთი ერთზეა თამაში. ევროპული კალათბურთი უფრო მეტად გუნდურია და მე ეს კალათბურთი უფრო მომწონს. აქ ყველაფერი დაცვიდან იწყება, ვცდილობთ, ის კაცი გავაჩეროთ, რომელსაც ბურთი აქვს. თუმცა, რასაკვირველია, "ენბიეიში" მოხვედრა ჩემი ოცნებაა (იღიმება).
- საქართველოს ნაკრებში რამდენი წელია, რაც თამაშობ?
- 6-7 წელია. რამდენიმე წელი გამოტოვებული მაქვს ტრავმების გამო. ორჯერ ოპერაცია გავიკეთე, შარშან კი ანთებითი პროცესი მქონდა და თვენახევრიანი მკურნალობის კურსი ჩავიტარე.
- ყველა ამბობს, რომ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, თუმცა გაკრიტიკებენ კიდეც...
- უცბად ყველა პროფესორი გახდა კალათბურთში, ეს როგორ გააფუჭე, ის როგორ ვერ ჩააგდე... (იღიმება). კრიტიკა უნდა მოისმინო და უნდა გადაწყვიტო, გაითვალისწინებ თუ არა. ვიღაცას შენი გაკეთებული მოეწონება, ვიღაცას არა. გულდასაწყვეტი იყო ბელგიასთან ჩვენი წაგება, მართლაც ცუდად ვითამაშეთ. გულშემატკივარმა გინება დაიწყო... რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ არ ვინდომებთ. შენი ქვეყნის გერბი რომ გაქვს მაისურზე, დიდი პატივია. მე მგონია, რომ ასე ის ადამიანები გვაკრიტიკებენ, რომელთაც თავად არ აქვთ ამ მაისურის ტარების ბედნიერება. ეს ოცნება ვერ აიხდინეს და ჩვენ გვაკრიტიკებენ.
- ცუდი თამაში რაზეა დამოკიდებული და როგორ იტან დამარცხებას?
- ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მარტივად გეტყვი - განწყობა აქ არაფერ შუაშია. წარმოუდგენელია, გულშემატკივარი შენს სახელს რომ ყვირის, თამაშისთვის არ განეწყო. ცუდი თამაში იმან შეიძლება გამოიწვიოს, რომ უბრალოდ, მეტოქე გჯობია. ამის აღიარება ბევრს არ შეუძლია. სწორედ იმ ძლიერს მინდა, რომ ვაჯობო. მარცხს ძალიან ძნელად ვიტან, მაგრამ მარცხი უნდა მიიღო, წაგება თუ არ იცი, მოგების გემოს ვერ გაიგებ. სახლში რომ დავჯდე, სულ იმაზე ვიფიქრებ, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთე.
- მანუჩარ, კალათბურთის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა...
- არ ვიცი, ზოგი შეიძლება ფეშენის გულისთვის დადის, ზოგი სხვის დასანახავად, ზოგი კალათბურთის სიყვარულით, მაგრამ ერთ რამეს დავაკვირდი. ბელგიასთან თამაშზე ხალხი კიბეებზე იჯდა, რომ წავაგეთ, შემდეგ თამაშებზე ბევრად ცოტა ხალხი იყო. ერთგული გულშემატკივარი ეს არ არის. ვინც შემდეგ თამაშებზე მოვიდა, ის არის ნაკრების ერთგული და ნამდვილი გულშემატკივარი. მეორე მხრივ, ქომაგობით კმაყოფილები ვართ და იმედია, მათ ქომაგობას მომავალშიც დავიმსახურებთ.
- პრეზიდენტს შეხვდით წინა კვირას, როგორი იყო?
- რასაკვირველია, დიდი პატივი და დაფასებაა ჩვენი. წინა ნაკრებებს რომ პირობები ჰქონდათ, იმის გახსენებაც არ ღირს. გასვლით თამაშებზე წასასვლელი ფული არ ჰქონდათ, ავტობუსებითა და ბორნებითაც კი დადიოდნენ თამაშებზე. დღეს სტანდარტებთან მიახლოებული პირობები გვაქვს. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სახელმწიფო ყურადღებას გვაქცევს, თუმცა მთავარია, რომ ეს დროებითი ყურადღება არ იყოს. მოთამაშეს ვარჯიშის გარდა არაფერი არ უნდა ადარდებდეს. დღეს ეს ბედნიერება ნამდვილად გვაქვს.
- მანუჩარ, კრიტიკაზე გამახსენდა, ზოგი ამბობს, რომ თამაშის წინ ნაკრების წევრებს ხშირად ნახულობენ დისკოთეკებსა და სხვადასხვა კლუბში...
- ამ ბიჭებთან ერთად ვიზრდები და თამაშის წინ სამი და ოთხი დღით ადრე არსად არ ვყოფილვართ გასართობად. თამაშის მერე ვერავინ აგვიკრძალავს და აუცილებელიც არის განტვირთვა. დამარცხების შემდეგ დეპრესიაში ხარ, მოგებისას აჟიტირებული და შეიძლება მთელი ღამე გაათენო, სახლში რომ წახვიდე. ბევრჯერ გამითენებია ასე ღამეები. სამი წლის წინ ისლანდიაში ისეთი თამაში წავაგეთ, დღე კი არა, ერთი კვირა არ მეძინა, კოშმარები მესიზმრებოდა (იღიმება). ასე რომ, განტვირთვა გვჭირდება ხოლმე.
- როგორ და სად ერთობი, თბილისში როცა ხარ?
- მეგობრების გარემოცვაში მიყვარს გართობა, მენატრება ჩემი ახლობელი ადამიანები. მათთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია. ორი თვეა აქ ვარ და აქედან მხოლოდ 5-ჯერ დავრჩი სახლში. კლუბში ვიქნები თუ სახლში მათთან ერთად, მნიშვნელობა არ აქვს.
- დალევა გიყვარს?
- ოჯახური ტრადიციაა, სახლში მამაჩემის დაწურული ღვინო სულ გვაქვს, დალევა შემიძლია, მაგრამ ბევრი დალევა არ მიყვარს. მეორე დღე განსაკუთრებით არ მსიამოვნებს. ვსვამ ერთ-ორ ჭიქას...
- ცეკვა და სიმღერა გიყვარს?
- არ მეხერხება. სიმღერა მხოლოდ შხაპის ქვეშ მიყვარს, თან ყოველთვის ქართულს ვმღერი, ფოლკლორს. ვმღერი იმ შემთხვევაში, თუ კარგ ხასიათზე ვარ. ქართული ყველაფერი მიყვარს. იტალიაში რომ ვარ, "ქართულ ხმებს" თუ არ მოვუსმინე, ისე არ შემიძლია. მეზობლები გაგიჟებული მყავს. კარგი თამაშის შემდეგ განსაკუთრებულად ვაწუხებ ხოლმე.
- მანუჩარ, გავიგე, რომ შეყვარებული ხარ, უკრაინელი ანჟელა ნიკიტინა გყვარებია...
- ცოტას გეტყვი ამის შესახებ (იღიმება). გცოდნია ყველაფერი და ეგ არის. კი, შეყვარებული ვარ. ფეისბუქში ნახე ჩვენი ფოტო ალბათ (იცინის).
- ცოლად შერთვას აპირებ?
- ჯერ არა, მგონია, რომ არ ვარ ამისთვის მზად... 24 წლის ვარ. ისე, კი არის უკვე დრო. მარტო რომ ვარ, ზოგჯერ მოსაწყენია. დიდ სახლში ბრუნდები და ტელევიზორთან ზიხარ პულტით ხელში. ფეხბურთს მაინც ეთამაშები, ვინმე რომ იყოს (იცინის).
- როგორი ხარ შეყვარებული?
- ზოგადად ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, არ ვნერვიულობ და ბევრს ვიცინი... მართლა ბევრს ვიცინი. ყველაფერში ვცდილობ პოზიტივის პოვნას. ძალიან სერიოზული ტრავმა რომ მივიღე და ექვსი თვე ვერ ვითამაშე, მეგობარმა მითხრა, ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს და დაინახეო. მეც დავინახე და შემდეგი ტრავმა რომ მივიღე, სამ თვეში გამოვჯანმრთელდი. სიყვარულშიც ასე ვარ, ძალიან მშვიდი ვარ. გამიმართლა და მართლა ძალიან მაგრად ვუყვარვარ და ყველაფერში მყვება.
- რომანტიკოსი ხარ?
- ჩუმი რომანტიკოსი ალბათ კი (იცინის). მიყვარს სიურპრიზების კეთება, მაგრამ ანჟელა მეხვეწება, ყვავილები მაჩუქეო და არ ვჩუქნი. ადრე ვაჩუქე რამდენჯერმე, მაგრამ თვითონ რომ მთხოვა, აღარ ვაჩუქე. ასეთი ვარ (იცინის).
- ანჟელას ქართულს არ ასწავლი?
- კი, სწავლობს უკვე, თავიდან ძალიან გამიჭირდა მასთან ურთიერთობა, რადგან რუსული არ ვიცოდი, ორი სიტყვაც კი (იცინის), მერე, როგორც იქნა, ვისწავლე ცოტ-ცოტა. ამიტომაც გაიწელა ჩვენი ურთიერთობის დაწყება... რუსული ახლაც არ ვიცი კარგად, ინგლისური უფრო კარგად ვიცი, ასევე რამდენიმე სხვა ენაც.
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)