ლალი მოროშკინა ქართველ დედებს მსოფლიოში ყველაზე უკულტურო მშობლებად თვლის

ლალი მოროშკინა ქართველ დედებს მსოფლიოში ყველაზე უკულტურო მშობლებად თვლის

ლალი მოროშკინა თავისი აქტიური ცხოვრების წესითა და სიახლეებით ყოველთვის გვაოცებს. ახლაც ექსკლუზიურად გაგვიმხილა, რომ ახალ ბიზნესს იწყებს და სწორედ ამიტომ ზაფხულში ხანგრძლივად დასვენება ვერ მოახერხა. ამაზე გული დიდად არ სწყდება, რადგან ეს სეზონი არ უყვარს. ჩვენ ერთმანეთს შემოდგომის პირველივე დღეს შევხვდით და ლალი ძალიან ბედნიერი გახლდათ იმით, რომ როგორც იქნა ზაფხული გავიდა. ამასთან დაკავშირებით მან იმიჯიც შეიცვალა და პირდაპირ სილამაზის სალონიდან გვესტუმრა.

- მიმაჩნია, რომ ზაფხულში თუ არ იმუშავე, მთელი წელი უნაყოფო გექნება, ამ სეზონზე ბევრი რამ წყდება. აქედან გამომდინარე, მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, ამათგან ერთი თბილისში ცხოვრობს და მეორე ლონდონში, გადავწყვიტეთ შევქმნათ ზამთრის ტანსაცმლის ხაზი. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ამ თემასთან დაკავშირებულ ექსკლუზივს თქვენ გაძლევთ, საჯაროდ ამ საკითხზე პირველად თქვენს ჟურნალთან ვსაუბრობ. ჩვენი ამ ახალი იდეის პრეზენტაცია დეკემბერში მოხდება, დეფილეს სახით, რომელიც სად გაიმართება ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს. თუმცა, ზუსტად შემიძლია გითხრა, რომ აქ საზოგადოება შეძლებს მოდური სამოსის ნახვას, რომელიც ტყავის, ბეწვის, ჯინსის ელემენტებით იქნება შექმნილი.

ჩვენი მეგობრის მეუღლე დიპლომატია და სწორედ მან შეგვიწყო ხელი, რომ დაგვემყარებინა კონტაქტები საზღვარგარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს ნედლეული უცხოეთიდან შემოვიტანოთ, თუმცა პროდუქცია უკვე მზა სახეს აქ მიიღებს, ანუ საქართველოში შეიკერება და ეს იქნება ჩვენი ექსკლუზივი, ახალი სახელი ქართულ დიზაინერულ სფეროში.

- ანუ, დიზაინერობას იწყებთ?

- ჰო, ოღონდ მარტო მე არა, სამივე ერთად. ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ლონდონში ათი წლის წინ დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა, მეორე მეგობარი გახლავთ დიდი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი და მენეჯერი, და მესამე ვარ მე, რომელსაც ცოტაოდენი მაინც გამეგება ამ სფეროში (იღიმება), სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევეჭიდოთ ამ საქმეს და აქტიურად ვმუშაობ. ამის გამოც ზაფხული ცოტა "გვერდზე" დამრჩა, თუმცა ხუთი დღით მაინც მოვახერხე დედასა და შვილთან ერთად ქობულეთში ჩარბენა. საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ზაფხული, ბავშვობიდან ასე ვარ. ვერ ვიტან, როდესაც იცლება ქალაქი, გჭირდება ადამიანის ნახვა საქმისთვის და ვერ პოულობ, სანამ შვებულებიდან არ გამოვა. ასევე ვერ ვიტან იმ ანტისანიტარიას, რომელიც ამ დროს ქალაქშია ხოლმე გაბატონებული.

- რა სახელით წარდგება თქვენი ნაწარმი საზოგადოების წინაშე?

- ამაზე ვფიქრობთ, გვაქვს სამი სამუშაო ვარიანტი და ერთ-ერთს ავარჩევთ. ჩვენი ამ ბიზნესის მთელი არსი ის არის, რომ საქართველოში განვითარდეს წარმოება. კარგია უცხოური ბრენდები, მაგრამ თუ რამდენიმე ქართველ დიზაინერს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გენში გვაქვს გემოვნება და ჩაცმის კულტურა. ჩვენი მიზანია ამ ნაწარმის ქვეყნის გარეთ გატანა, ის უკვე ვიცი, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში აუცილებლად გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. საფრანგეთში ჩვენმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ბევრი უცხოური, საშუალო ხაზის მაღაზიებისთვის სამოსი საქართველოში - ბათუმსა და თბილისში იკერება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პროდუქტის წარმოების პოტენციალი, ამიტომ გვინდა წარმოება გავააქტიუროთ. პარალელურად ამისა, მე ისევ რუტინულად დაკავებული ვარ ჩემი სამსახურით, რასაც ჰქვია ინსტიტუტი, ლექციები და ლექტორობა. დილის ექვს საათზე უკვე ახალციხისკენ მიმავალ გზაზე ვდგავარ, ცხრაზე კი ლექციაზე ვარ. სიმართლე გითხრა, დრო დასაკარგად მენანება, ამიტომ გადანაწილებას ვახერხებ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ნაწარმი რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება უკვე ბრენდებად ქცეული ქართველი დიზაინერების პროდუქციასთან?

- დიდ პატივს ვცემ ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი დაბალი ფასი იქნება. ჩვენი პროდუქცია იქნება მაღალხარისხიანი, ძვირფასი, მაგრამ იაფი, არ ვიმუშავებთ დიდ მოგებაზე. გადავწყვიტეთ, ეს საქმიანობა იყოს დროში გავრცობილი, გვქონდეს დაბალი მოგება, დაბალი ფასი და არა დიდი მოგება და ნახევარწლიანი ბიზნესი. ჩვენი ნაწარმი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის, მისი შეძენა სტუდენტსაც უნდა შეეძლოს, საშუალო ფენის წარმომადგენელსაც. გვექნება ასევე საბავშვო და საქორწინო ხაზიც, რომელიც მოიცავს წაულის ბეწვეულს, შინშილას და იმ ბეწვეულს, რაც ძალიან უხდება საქორწინო ჩაცმულობას, ვითანამშრომლებთ საქორწინო სახლებთანაც.

- როგორც მივხვდი, თქვენ მუშაობას აპირებთ ქურთუკებზე, ქურქებზე...

- ქუდებზე, შარფებსა და ზამთრის სამოსზე.

- და გაზაფხულსა და ზაფხულზე რა ბედი ეწევა თქვენს საქმეს?

- მაგაზე ჩვენც ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ამ ორ სეზონზე ფასდაკლებით ვიმუშაოთ. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ იმაზე, რაც მოგვწონს და რაც ვიცით. ალბათ შეამჩნევდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ბეწვეული ძალიან მიყვარს და მასში კარგადაც ვერკვევი, მაქვს ჩემი არხები და საშუალება საქართველოში კარგი პროდუქტი შემოვიტანო. ბეწვი ძალიან ლამაზია, აბა, ჭინჭისგან რა უნდა შეკერო?! ჩემთვის ზაფხული ჭინჭის ტანსაცმლისაა, ამ სეზონზე შეგიძლია ფოთოლიც კი მიიფარო და ისე იარო ქუჩაში, შემოდგომა-ზამთარი კი სილამაზის სეზონია. თან 2010-2011 წლების ცივ სეზონზე აქტუალური იქნება ბეწვი და ტყავი, ვამბობ კიდეც, ჩემი მოდა მოდის-მეთქი. ჩემი ბეწვეულის მიმართ სიყვარულის გამო ხშირად მეუბნებიან, ეს გრძნობა შენი ციმბირული გენიდან მომდინარეობსო.

- თქვენი გეგმები ასეა თუ ისე მიმოვიხილეთ, ახლა დასვენებასა და ზაფხულზე გადავიდეთ, რომელიც თურმე ძალიან არ გიყვართ... ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსენდებათ?

- ყველაზე კარგად ის ზაფხული მახსენდება, რომელ წელსაც ჩემი არც ერთი შვილი არ დამტვრეულა. ჩვენთვის ზაფხული კატაკლიზმებთანაა დაკავშირებული, ამ სეზონზე ჩემი შვილები ხან ხელებს იმტვრევენ, ხან ფეხებს და ხან თავს იტეხენ. აი, წელს, მაგალითად, ძმისშვილი დამეწვა, ადუღებული წყალი გადაისხა. ეტყობა, ადამიანს რაღაც რომ არ უყვარს, იქიდან ნეგატიურ ენერგიას იღებს. ზაფხულის მოსვლა და ჩემს ცხოვრებაში უკუღმართი პროცესების დაწყება ერთია. გარდა ამისა, წეღანაც ვთქვი, არ მიყვარს დასვენება, შეზლონგზე წოლა ზღვისა თუ აუზის პირას. ასევე არ მიყვარს და მაღიზიანებს დედათა და შვილთა კურორტები, არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, ქართველ დედებს კულტურა არა აქვთ, ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე უკულტურო მშობლები არიან, დასდევენ ჩანგალზე წამოცმული საჭმლით შვილებს, უკანასკნელ ხმაზე ყვირიან.

ევროპაშიც ჰყავთ შვილები და არანაკლებ უყვართ, მაგრამ მშობლის ზედმეტ ხმას ვერ გაიგებ. წელს ნამდვილად აუცილებელი იყო ჩემი დედობრივი მოვალეობის შესრულება, უმცროს შვილთან ხუთი დღე მაინც უნდა გამეტარებინა და ამიტომ წავედი ქობულეთში. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ სასტუმროში ვიყავი, "დედათა ქორალი" მაინც თან მდევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დასვენება მიყვარს ევროპაში, შეიძლება ორიგინალურობით არ გამოვირჩევი, მაგრამ სიმართლეს ვამბობ. თუნდაც იმიტომ მირჩევნია უცხოეთი დასასვენებლად, ვიცი, არ გადამიღებენ ტელეფონით, როგორ ვცეკვავ და ვერთობი და მერე ამას ინტერნეტში არ ატვირთავენ. აქედან გამომდინარე, საქართველოში სრული დისკომფორტი მაქვს. არ მინდა გამომრჩეს ჩვენი კურორტის კიდევ ერთი საოცრება: წელს ჩვენი "სელებრითები" აუზთან დაიარებოდნენ უმძიმესი მაკიაჟით, ბეჭდებით, ქუსლიანებით. თუ ხარ აუზსა და ზღვაზე, უნდა გეცვას ჩუსტი და საცურაო კოსტუმი და არა "პერო" ერთ ადგილას (იღიმება).

- ლალი, ასეთი დატვირთული რეჟიმისა და ცხოვრების აქტიური ტემპის მქონეს, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩება დრო?

- არა და არც მაქვს პირადი ცხოვრება.

- და სიყვარულის გარეშე ასეთ "დაჭიმულ" ცხოვრებას როგორ უძლებ?

- "ჭირვეულის მორჯულებაში" ჩელენტანო რომ ხეს ჩეხავს, ხომ იცით?! მეც დაახლოებით ამ სიტუაციაში ვიმყოფები და კერვა დავიწყე (იცინის), ქალი, რომელსაც საყვარელი მამაკაცი ჰყავს გვერდით, ამდენ "სისულელეს" არ აკეთებს. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი მონაცვლეობით ხდება, სანამ თავზარი დამცემია კვლავ, უნდა მოვასწრო და ბიზნესი გავაკეთო, როცა საყვარელი ადამიანი გყავს, ამას ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ ელოდები საღამოს, რომ ერთად ივახშმოთ, თუ დრო გაატაროთ. ვინაიდან ამჟამად არავინ არ მყავს, რუტინული შრომისთვის მცალია (იღიმება), როცა გავმართავ ამ საქმეს და ბიზნესს ფეხზე დავაყენებ, სხვა რაღაცებისთვის მოვიცლი. მე მივყვები ჩემს სქემას, რომლის მიხედვითაც 40-დან 50-წლამდე ქალი უნდა გამდიდრდეს. 50 წლის ქალიც ძალიან მიმზიდველია, უბრალოდ, შენ უნდა გქონდეს მატერიალური ბაზა გამაგრებული, რომ აკეთო ის, რაც გინდა. ჯერ ფული უნდა აკეთო, რომ მერე იყიდო ის, რასაც მოისურვებ (იცინის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"