რამდენიმე თვეა პოპულარულ საიტ ”ფეისბუქზე” სასიამოვნო გარეგნობის 25 წლის გოგონა გამოჩნდა და მალევე მიიქცია საიტის მომხმარებლების ყურადღება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით. ნინო ჭელიძე საქართველოს პრეზიდენტის ფანი გახლავთ. აგროვებს მის ფოტოებს და მასთან შეხვედრაზე ოცნებობს. ნინო რედაქციაში გვესტუმრა და გავიგეთ, რომ პრეზიდენტის მიმართ ასეთი მხურვალე სიყვარულის მიუხედავად, რამდენიმე კვირის წინ სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ.
- ნინო, პირდაპირ გკითხავ, სააკაშვილის სიყვარული პოპულარობისთვის მოიგონე?
- არა, უკვე ცხრა თვეა პრეზიდენტის ფოტოებს ვაგროვებ. ამის შესახებ პრესამ გვიან გაიგო, როცა უკვე ათასზე მეტი ფოტო მქონდა. მე მართლა მომწონს ჩემი პრეზიდენტი.
- ახლა რამდენი ფოტო გაქვს?
- ათას სამასამდე.
- ოჯახში როგორ უყურებენ შენს ამგვარ ჰობის?
- ნეიტრალურად. ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალურები არიან.
- მერე, როგორ გიძლებენ ასეთ აქტიურ მხარდამჭერს?
- ვერ მხედავენ. როცა სამსახური მქონდა, სულ იქ ვიყავი. ახლა სახლში ვარ და სულ კომპიუტერთან ვზივარ.
- რა მოგწონს ჩვენი პრეზიდენტის?
- სახელმწიფო კურსი, რომელსაც ატარებს, მისი პოლიტიკური შეხედულებები. ერთ მშვენიერ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მისი 50 ფოტო უკვე მქონდა. ცხოვრებაში არაფერი შემიგროვებია და გადავწყვიტე, ეს ჩემს ჰობად მექცია და მისი ფოტოების შეგროვება გამეგრძელებინა. მძიმე ბავშვობა გამოვიარე. მახსოვს სამოქალაქო ომი, იარაღის ხმა. მაშინ შვიდი წლის ვიყავი, ერთხელ ისე შემეშინდა, სახლში ერთი მრგვალი პური ვიპოვე, დავტაცე ხელი, დედასთან მივირბინე და ვუთხარი, წამოდი გავიქცეთ-მეთქი. ნაძალადევში ვცხოვრობ. ისეთი კრიმინალი მძვინვარებდა ჩემს უბანში, გახსენება არ მინდა. მეზობლებს ეზოდან ჰპარავდნენ მანქანებს, სადარბაზოებში ხალხს აყაჩაღებდნენ. ერთი სიტყვით, იმ სამოქალაქო ომის შემდეგ, იმ უკიდეგანო კრიმინალის მომსწრეს, ბუნებრივად მომწონს წყნარი ცხოვრება და სააკაშვილის პოლიტიკა.
- ომი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროსაც გამოვიარეთ...
- ეს ომი ახლა არ დაწყებულა და შეიძლება კიდევ დაიწყოს, ღმერთმა დაგვიფაროს! პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობს. სამოქალაქო ომი რომ არ მომხდარიყო, არ იქნებოდა აგვისტოს ომიც, დარწმუნებული ვარ.
- ნინო, რა პროფესიის ხარ, რას საქმიანობ?
- რამდენიმე პროფესია მაქვს, დავამთავრე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მივიღე ტექნიკური განათლება ”გეპეიში” და ბოლოს საზღვარგარეთ ვისწავლე მარკეტინგი. საქმიანობას რაც შეეხება, ვთარგმნე ორი წიგნი, ბიზნესლიტერატურა. ერთი დამხმარე სახელმძღვანელო მენეჯერებისთვის და მეორე - დამსაქმებელთათვის. ახლა ვწერ სტატიებს ძირითადად ინტერნეტმედიის განვითარებაზე.
- ე.ი. ჟურნალისტობას მოჰკიდე ხელი?
- (იცინის) ასე გამოვიდა.
- შენ მუშაობდი კონტროლის პალატაშიც, რას აკეთებდი?
- კომუნიკაციის ჯგუფში ვმუშაობდი, ხელშეკრულებით. ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა. ორი კვირის შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ბოლოს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას ვეღარ გამიგრძელებდნენ. ამას წინ უძღოდა ასეთი დიალოგი. - მაშ, შენ პრეზიდენტის ფანი ხარ? - დიახ. პირადად მე არ მგონია, რომ პრეზიდენტის ფანობას გადამაყოლეს, მაგრამ ვინც კი ეს ამბავი მოისმინა, ყველამ ჩემი ფოტოკოლექცია დაუდო სარჩულად სამსახურიდან ჩემს გათავისუფლებას. თანაც ეს ყველაფერი დაემთხვა პერიოდს, როცა ”გზამ” გააკეთა ჩემთან ინტერვიუ, შემდეგ ”რეალ TV”-მ საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მომიძღვნა, შემდეგ გამოჩნდა სტატია სომხურ პრესაში, უკრაინულ პრესაში, კავკასიურ პორტალზე, რუსულ ფორუმებზე. ამ ადუღებულ სიტუაციას მოჰყვა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება.
ეს იყო შოკი. ოპოზიციის ლიდერები მწერდნენ ”ფეისბუქში”, აქამდე ოპოზიციის მომხრეებს ათავისუფლებდნენ და ახლა ხელისუფლების მომხრეების გათავისუფლებაც დაიწყესო? მერე ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მთხოვა თანამშრომლობა. არ გთხოვთ ოპოზიციონერობას, უბრალოდ, კონსულტაციები გაგვიწიეო. ერთ-ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა მედიასაშუალებამაც შემომთავაზა სამსახური, ირმა ინაშვილი რადიო ”ობიექტივში” მითმობდა ეთერს, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. მთავარი ის არ არის, რომ სამსახური მქონდეს, მთავარი ისაა, როგორი სამსახური მექნება, ეს სამსახური ხომ არ დაასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს?
- ბევრი ოპონენტი გამოგიჩნდა ”ფეისბუქზე”, არ გიჭირს მათთან პაექრობა, უხერხულობას არ გიქმნის, რომ პრეზიდენტზე შეყვარებულ გოგოდ მოგიხსენიებენ?
- მართალი გითხრათ, ეს ძალიან არ მომწონს. ზვიადისტ ქალებს მადარებენ. მინდა ვთქვა, რომ ზვიადისტი ქალებისგან ძალიან შორს ვარ. გიჟ ფანატიკოსად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს. ოპონენტებს რაც შეეხება, მათთან გამკლავება არ მიჭირს. ბევრი, რომელიც თავისი სიგიჟეებითაა ცნობილი, საკმაოდ ნორმალურად იქცევა ჩემთან. ალბათ იმიტომ, რომ თავად ვარ მშვიდი, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ (იღიმის).
- შენს ერთ-ერთ ”პოსტში” ამოვიკითხე, რომ უსაქმურობისგან კულინარიითაც კი დაინტერესდი. მანამდე არასდროს დაინტერესებულხარ?
- არა, რეცეპტებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ არც ამის შემდეგ დავინტერესდები. კულინარია ჩემი საქმე არ არის.
- შენს რეალურ სამყაროზე რას მეტყვი, იმაზე, რომელშიც ყოველდღიურად გიწევს ყოფნა?
- ჩემი რეალური და ინტერნეტსამყარო არეულია ერთმანეთში. სამსახურიდან რომ მოვდიოდი, ერთ-ერთმა ყოფილმა უფროსმა მითხრა, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება შენთვის, როცა გინდა მოდი, გვინახულეო. რად მინდა მოსვლა, ”ფეისბუქში” ხომ მყავხარ-მეთქი, ვუპასუხე (იცინის). ამ საუკუნის სენი დამემართა, ინტერნეტს მივეჯაჭვე, როცა სახლში ვარ, სულ კომპიუტერთან ვზივარ.
- ოჯახში ვისთან ერთად ცხოვრობ?
- დედასთან, მამასთან, დასთან, ბებიასა და ძაღლთან ერთად.
- ვერა ქობალიას წვეტიან მხრებზე წერდი ამას წინათ, ეს რას ნიშნავს?
- ლიპებიან პიჯაკებს იცვამს და არ მომწონს, ლიპებს ვერ ვიტან. წაწვეტებული მხრები უჩანს, არადა, ლამაზი ქალია.
- ვერას ასაკის ქალ მინისტრებზე რა აზრის ხარ?
- ქალი მინისტრი ბევრი უნდა იყოს, ბალანსი უნდა აღდგეს, მამაკაცებთან შედარებით ქართულ პოლიტიკაში ქალები ცოტანი არიან. ასაკს რაც შეეხება, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი გამოცდილება და უნარია. შეიძლება, ვერას ეკონომიკის არც არაფერი გაეგება, მაგრამ თუ მართვის უნარი აქვს, მარტივად შეუძლია შემოიკრიბოს გარშემო მრჩევლები, მოადგილეები, ამ საქმის პროფესიონალები და ყველაფერი კარგად ააწყოს.
- შენც გქონდა მინისტრობის სურვილი, მახსოვს...
- ეგ ჩემი ძველი ხუმრობაა. ერთმა მომწერა, პრეზიდენტის 2000 ფოტოს თუ შეაგროვებ, მიშა მინისტრად დაგნიშნავსო. მას მერე ვითვლი, რამდენი ფოტო მაკლია მინისტრობამდე. ახლა უკვე 700 ფოტო მაკლია (იცინის).
- მაინც რომელ უწყებას ჩაიბარებდი?
- არ ვიცი, მაგაზე ჯერ არ მიფიქრია, 2000 ფოტოს რომ მივუახლოვდები, მერე ვიფიქრებ (იცინის).
- როგორ გგონია, პრეზიდენტმა იცის შენ შესახებ?
- მის გარემოცვაში იციან, პრეზიდენტმა იცის თუ არა, არ ვიცი. დიდი სურვილი მაქვს, სურათი გადავიღო მასთან და ჩემს კოლექციას შევმატო ფოტო წარწერით - ”მე და პრეზიდენტი”.
- არ გიცდია მასთან მიახლოება? არ უნდა იყოს შენთვის რთული...
- რეზიდენციის გახსნაზე ვიყავი, მაშინ არ ვაგროვებდი ფოტოებს, თორემ ჩემ ცხვირწინ დადიოდა მიშა (იცინის).
- ვარდების რევოლუციის დროს სად იყავი?
- სახლში. ტელევიზორთან ვიჯექი გაბრაზებული იმის გამო, რომ სახლიდან გარეთ არ მიშვებდნენ, ეშინოდათ, არაფერი მომსვლოდა არეულობაში. თუმცა მე მაშინ მიშას ფანი არ ვყოფილვარ. მისი გაპრეზიდენტებიდან ერთი წელი ვაკვირდებოდი, რას აკეთებდა. მე მისმა ქარიზმამ კი არ მომხიბლა, მისი ნაბიჯები მომეწონა. შევარდნაძეს ვადარებდი, დიდხანს ვაკვირდებოდი.
- რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტითაც ხომ არ ხარ დაინტერესებული?
- კი, დუბაის მმართველი შეიხი მომწონს, ძალიან დიდი სახელი და გვარი აქვს, არ მახსოვს. ერთი პერიოდი დუბაიში მომიხდა ყოფნა, თავიდან იქაური მცხოვრებლები ფანატიკოსები მეგონენ, წარმოიდგინე, ჩვენთან ყოველი ფეხის ნაბიჯზე მიშა რომ გიღიმოდეს ბილბორდებიდან. ხომ გაგიჟდებოდა ოპოზიცია. მეტსაც გეტყვით, მაღაზიებში თავიანთი მმართველის გამოსახულებიანი სუვენირები იყიდებოდა, აქ კი მე მიშას სუვენირი არ მინახავს. მანქანის უკანა საქარე მინებზე ჰქონდათ იმ კაცის ფოტოები აკრული. მერე მივხვდი, რომ იმსახურებდა. მერე წავედი დუბაის მუზეუმში, ვნახე როგორი იყო დუბაი ორმოცდაათი წლის წინ და მეც შემიყვარდა ის ადამიანი. იმდენად მოვიხიბლე, რომ მისი ფოტო ჩამოვიტანე. ჩემს ოთახში მიკიდია კედელზე.
- ჩვენი პრეზიდენტის ფოტოც გაქვს ოთახში?
- ჩემს ოთახში არის საქართველოს გერბი, დროშა, აფხაზეთის ფოტო, პრეზიდენტის ათი ფოტო და დუბაის შეიხის სურათი.
- განსაკუთრებით რომელი ფოტო მოგწონს ჩვენი პრეზიდენტის?
- რევოლუციის დროინდელი, ძველი მერიის აივანზე დგას და ვიღაცის ნაჩუქარი ნარცისები უჭირავს ხელში.
- რას ეტყვი მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს მუდმივად აკრიტიკებს?
- შეიძლება, პრეზიდენტი არ მოგწონდეს, აკრიტიკო, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, მეც არ მომეწონოს, მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერადაა ფეხმოკიდებული საქართველოში და დღემდე რეალურია ომის საფრთხე. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი ოპოზიციური პარტიებისა და მედიასაშუალებების მიერ შემოთავაზებულ სამსახურებზე, რუსეთის წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ!
- ნინო, შენი ოცნებებიც პოლიტიკურია?
- თუ იმ ხუმრობას არ ჩავთვლით, რომ მინისტრი უნდა გავხდე - არა (იცინის).
- მაშინ მითხარი, რაზე ოცნებობ?
- მიშას რომ შევხვდე და ფოტო გადავიღო მასთან. დანარჩენი ოცნებები უკვე ავიხდინე.
- ოჯახის შექმნაზე რას ფიქრობ?
- არ მცალია მაგისთვის და არც სურვილი მაქვს.
- საინტერესოა, რა კრიტერიუმებით აფასებ მამაკაცებს?
- ჩემს ძველ კრიტერიუმებს ერთი ახალიც დაემატა.
- მიშას უნდა ჰგავდეს?
- (იცინის) არა, მისი მომხრე უნდა იყოს, მქონია ურთიერთობა მისდამი ოპოზიციურად განწყობილ მამაკაცებთან და დამიჯერე, ძალიან გამიჭირდა. ასე რომ, მინიმუმ ნეიტრალური უნდა იყოს და მაქსიმუმ - მომხრე.
- სტანდარტულ კრიტერიუმებზე რას მეტყვი?
- გარეგნობას ნამდვილად არ ვანიჭებ უპირატესობას, მთავარია ინტელექტი, აზროვნება უნდა შეეძლოს, ცოცხალი უნდა იყოს, ქალის გართობა უნდა იცოდეს.
- შენ თუ იცი, როგორ უნდა გაართო მამაკაცი?
- (ხარხარებს) კარგი კითხვაა. თამამად ვიტყვი, რომ კი.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)