ირანელმა მამაკაცმა ისლამი უარყო და ქრისტიანობას ეზიარა

ირანელმა მამაკაცმა ისლამი უარყო და ქრისტიანობას ეზიარა

წარმოშობით ირანელი, 30 წლის მიშა ნურსან ზადე თბილისში დაიბადა, მისი მშობლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმანეთს საქართველოში შეხვდნენ და ცხოვრება აქ განაგრძეს.

შეძლებული ოჯახის შვილს გაჭირვება არასდროს უნახავს, პირიქით, განებივრებული, მშობლების რჩეული ვაჟი იყო და მორჩილად იცავდა ისლამის მკაცრ წესებს. ალაჰის მოძღვრების მიხედვით ცხოვრება ნებისმიერი მუსლიმანის ვალია, ვინც დაარღვევს წესს, მკაცრად დაისჯება.

მიშამ, მისივე თქმით, დედა, მამა, ძმა, ნათესავები, ოჯახური სითბო და სიყვარული ჭეშმარიტ სარწმუნოებას შესწირა - 26 წლისა ქრისტიანად მოინათლა.

ორდიპლომიანი მიშა ნურსან ზადე, რომელიც ტაქსისტობით ირჩენს თავს, ამჟამად უსახლკაროდ დარჩა.

- 4 წლის წინ სრულიად სხვანაირი ვიყავი, მიწიერი ცხოვრებით ვტკბებოდი, ჩემთვის მიუღწეველი არაფერი იყო. მეგონა, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა, ეგ იყო, ნარკოტიკებს არ ვეკარებოდი, ისიც იმიტომ, რომ ნემსის ძალიან მეშინია. ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი - მექალთანე და ამპარტავანი ვიყავი, საშუალება მქონდა, თავბრუ დამეხვია ნებისმიერი გოგოსთვის და სიამოვნება მიმეღო მისგან.

ამაზე ლაპარაკი ახლა ძალიან მიჭირს, მეტიც, ცუდად ვხდები, როდესაც განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ. 18 წლისამ ბიზნესი დამოუკიდებლად ავაწყვე. მქონდა მაღაზია, მანქანები, საბანკო ანგარიში, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ახალგაზრდას სჭირდება. თბილისში გავიზარდე და ბევრი ქართველი ქრისტიანი მეგობარი მყავდა, მათ შორის ყველაზე ახლოს ერთ გოგოსთან ვიყავი, ის გამუდმებით მიმეორებდა, რჩეული ხარ და ჭეშმარიტი ღმერთი უნდა აღიაროო.

მან გამაცნო ქრისტიანობა და ღვთისმეტყველება, ყურადღებით ვუსმენდი. ერთხელ მთხოვა, წირვაზე გავყოლოდი, ვიყოყმანე, მაგრამ გაყოლა ვამჯობინე, გულის კარნახს ვენდე. გრძნობა, რაც წირვის მოსმენისას დამეუფლა, ძნელი გადმოსაცემია, ასეთი მშვიდი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მეგობარი კი ჩემთვის გაუგებარ სიტყვებს მიხსნიდა. ბოლოს, როდესაც მოძღვარმა წარმოთქვა:

"კათაკმეველნო, განვედით, რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით!", ტაძარი დავტოვე, მაგრამ საშინელი სევდა დამეუფლა, ვინაიდან არ მქონდა უფლება, წირვას ბოლომდე დავსწრებოდი. რამდენიმე დღეში მეგობარს გამოვუცხადე, რომ ქრისტიანად მოვინათლებოდი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, როგორც შეხვდებოდნენ ამ ამბავს ჩემი მშობლები. 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, მოვინათლე, ალბათ, ესეც უფლის ნებაა, რომ დღეს ჯვართამაღლების ტაძარში, მამა თეოდორეს მრევლი ვარ.

- რატომ უარყავი ისლამი?

- მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად ვიცავდი ყველა მუსლიმანურ წესს, ამ რელიგიის ჭეშმარიტებაში ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა. წელიწადში ერთხელ მუსლიმანი მამაკაცები შახსეი - ვახსეი, ანუ თვითდასჯის რიტუალისთვის იკრიბებიან და შიშველ ზურგზე ეკლიან ჯაჭვებს ირტყამენ. თვითგვემის ეს რიტუალი სისხლდენამდე გრძელდება. მეც ვმონაწილეობდი ხოლმე თვითგვემაში, მაგრამ ეს ყოველთვის მთრგუნავდა, არასდროს მესმოდა, რა საჭირო იყო ამხელა ტკივილის ტყუილუბრალოდ მოთმენა, ტკივილი ხომ ადამიანს აბოროტებს? ღმერთი კი გვეუბნება, დათესეთ სიყვარული.

ქრისტიანობის მიღებისთანავე ოჯახმა უარმყო, დედამ ჯვარი მიპოვა და შინიდან გამაგდო, დღეიდან ჩემი შვილი არ ხარო, - მითხრა. ეს დიდი ტკივილი იყო ჩემთვის, დედაზე მეტად არავინ მიყვარდა. ქრისტიანად მოვინათლე, მაგრამ რწმენა არ მქონდა, ვიდრე ცხოვრებამ მწარე სინამდვილეს არ შემაჯახა. უფალი ჭეშმარიტად ციხეში ვირწმუნე, იქ პირველად წავიკითხე ლოცვა.

- ციხეში რისთვის მოხვდი?

- ჩემი სისულელის გამო, არასწორად ვცხოვრობდი და უფალმა დამსაჯა, მან სწორი გზა დამანახვა, ციხეში ცოდვებზე დავფიქრდი და შევიცვალე კიდეც. მე ყველაზე ცოდვილი ადამიანი ვარ. ჩემი ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა, როცა განაჩენი გამაცნეს, თვალთ დამიბნელდა და სმენა დამეხშო, მაშინ პირველად წარმოვთქვი იესოს ლოცვა, გულით ვევედრებოდი უფალს შველას, ვთხოვდი, არ მივეტოვებინე.

ორთაჭალის ციხეში სალოცავთან ლოცვანი ავიღე და ლოცვა დავიწყე. ამ მომენტში ბადრაგი მოვიდა და თითის ანაბეჭდების ასაღებად დაბლა ჩამიყვანა. ლოცვანს, რომელზეც ივერიის წმინდა ღვთისმშობელი იყო გამოსახული, არ ვიშორებდი... 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, - ასეთი იყო ჩემი განაჩენი...

ციხეში 2 წელი ლოცვასა და მარხვაში გავატარე, ვუსმენდი საპატრიარქოს რადიოს, ვკითხულობდი ჟურნალ "კარიბჭეს" და ვუღრმავდებოდი ჩემს ცხოვრებას, მინდოდა, მომენანიებინა ჩემი ცოდვები. პატიმრებს რომ მოვმსახურებოდი, მეხუთე თვეს ადმინისტრაციას სამეურნეო განყოფილებაში გადაყვანა ვთხოვე, ყოველდღე დილის 6 საათზე ვიღვიძებდი და პატიმრებს საკვებს ვურიგებდი.

ციხე ძალიან ცივი და სასტიკი ჰგონიათ, მაგრამ იქ ხომ ადამიანები ცხოვრობენ. ციხიდან რომ გამოვედი, პირველად ფეხით ტაძარში მივედი... დღეს არაფერი მაბადია, ბინის ქირაც ვერ გადავიხადე და გარეთ დავრჩი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაფერი დავკარგე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ღმერთი ვიპოვე).

ნათია მალიშავა

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"