ექსპრეზიდენტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

ექსპრეზიდენტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების მიმართ საზოგადოება ინერტული გახდა, რის მიზეზადაც ხშირად ოპოზიციის დაქსაქსულობა სახელდება. ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ მათი რესურსი ჯერ არ ამოწურულა, თუმცა შეძლებენ თუ არა დარჩენილი რესურსების გამოყენებას, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია...

- მაშინ, როცა ოპოზიცია ზენიტში იყო, ანუ შარშანდელი აქციების დროს და უფრო ადრეც, მათ თავიანთი რესურსები ვერ გამოიყენეს, უამრავი შეცდომა დაუშვეს. გამორჩეულად მცდარი ნაბიჯი გადადგეს, როცა სტადიონზე შეკრებილი ასიათასობით ადამიანი სამების საკათედრო ტაძრისკენ წაიყვანეს... ეს სერიოზული შეცდომა იყო, რომელიც მათ საზოგადოებამ კი არა, მაშინ ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ არ აპატია...

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ მართლა ამოწურა თავისი რესურსი?

- არა, სინამდვილეში ასე არ არის, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, მაგრამ მათზე, როგორც ერთ აზრზე მყოფ ადამიანთა ჯგუფზე ლაპარაკი არ შეიძლება. ყველა ამ ჯგუფსა და პარტიას თავისი შესაძლებლობა აქვს, თუმცა სანამ მათ შორის შეუთანხმებლობა იქნება, სულ ასე არეულ-დარეული იქნებიან... მათ რომ ტაძრისკენ, ანუ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა მოძებნონ, ამას გამოცდილება სჭირდება როგორც ერთმანეთთან, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ამისთვის კი ერთ გუნდად უნდა ჩამოყალიბდნენ. სანამ იმაზე იდავებენ, რომელი გზა მიიყვანთ ტაძრამდე, არაფერი გამოუვათ. ეს დღე მაინც დადგება, თუმცა შარშანდელი აქციების შემდეგ ისინი კიდევ რამდენიმე წლით დაშორდნენ ამ დღეს.

- თუმცა სანამ ოპოზიცია თავის ქმედებებს, პარტნიორებსა და სტრატეგიებზე ფიქრობს და მსჯელობს, ხელისუფლება ამ დროს თავის სასარგებლოდ იყენებს და ყველა საშუალებით იმკვიდრებს თავს...

- იმიტომ, რომ, ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ჭკუა ჰყოფნის და ერთიანობას ინარჩუნებს. ჩემი აზრით, კონსტიტუციაში ცვილებების შეტანა ხელისუფლებას კიდევ უფრო გააძლიერებს.

- ვისი უფლებების გაძლიერებას გულისხმობთ, პრეზიდენტის თუ პარლამენტის?

- ხელისუფლებაში ძირითადად პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ვგულისხმობ... თუ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სამომავლოდ ნიადაგი შეამზადოს და შემდეგ ქვეყანაში წამყვანი ფიგურა გახდეს.

- ანუ შესაძლოა, იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზეც ვიხილოთ?

- დიახ, თუ დღევანდელი პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას მივადევნებთ თვალს, შეიძლება ასეც მოხდეს... ამას წინათ წავიკითხე ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სტატია კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ეს ყველამ უნდა წაიკითხოს. ძალიან საინტერესოა. 2004 წლიდან მოყოლებული ხელისუფლების ქმედებების ანალიზი აქვს გაკეთებული, რისი გაკეთება შეძლო, ან ვერ შეძლო ხელისუფლებამ... ერთი სიტყვით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ უახლოეს დროში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

- ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება ეს გზა?

- ვერ გეტყვით, შესაძლოა, ეს ხელისუფლების მხრიდან გადაგდებული ანკესი და რაღაც ამის მსგავსი იყოს. ხელისუფლება ბოლომდე იბრძოლებს თავისი ძალაუფლებისა და პოზიციების შესანარჩუნებლად და ამაში ახალი არაფერია. ის ყოველთვის ასე იქცეოდა და ახლაც იმავეს აკეთებს... დღეს საქართველოს რევოლუციური ცვლილებები სჭირდება, თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშანწყალი არ ჩანს.

- ოპოზიცია ხშირად იშველიებს არგუმენტს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის რევოლუციები და რადიკალური გზები მიუღებელია და შესაძლოა, ამან მსოფლიო იზოლაციამდე მიგვიყვანოს...

- არ არის ასე, არა მგონია, ამის გამო იზოლაციაში მოვექცეთ... დასავლეთ საქართველოს იზოლაცია რომ ნდომებოდა, მას ამისთვის საუკეთესო მომენტი ჰქონდა, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ დროს საქართველოს ძალიან ცუდი საგარეო პოლიტიკური ვითარება ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს ეს მაინც არ გაუკეთებია, პირიქით, დასავლეთიც და ამერიკაც მხარში ამოგვიდგა.

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი ხშირად ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობისთვის მზად არის...

- დიახ, ყველა ნორმალური ადამიანი და მათ შორის პრეზიდენტიც მიხვდება, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად პოლიტიკური დათბობა საჭიროა, მაგრამ რუსეთს ჰკითხა ვინმემ, - მას უნდა თუ არა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა?!. როცა ასეთი სახელმწიფო გემეზობლება, ცოტა სხვანაირი, დიპლომატიური და მოზომილი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ჩვენი ხელისუფლება ახლა აქტიურად უნდა ეძებდეს რეალურ მოკავშირეებს, სომხეთი იქნება, აზერბაიჯანი თუ ამერიკა... მარტო აზერბაიჯანსა და სომხეთთან კარგი ურთიერთობა არ არის საკმარისი, საქართველოს მსოფლიოს მხარდაჭერა სჭირდება და ამას ჩვენი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ აკეთებს. ხელს რა უშლის, ეს უკვე სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ... ექვსი წელია ქვეყნის სათავეშია და პოლიტიკური გამოცდილება უკვე შეიძინა...

- პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოში ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო გახდება. ამ ინიციატივის გახმოვანების შემდეგ, საზოგადოების წევრებმა პარალელების გავლება დაიწყეს საბჭოთა და თანამედროვე საქართველოს შორის, როცა რუსულის ცოდნის გარეშე ფონს ვერ გახვიდოდი... თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებას?

- ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო, ინგლისურის ცოდნა დადებითი მოვლენაა, მაგრამ სავალდებულო რომ გახდა და მისი უცოდინრობის შემთხვევაში რომ დიპლომს არ გასცემენ, ეს არა მგონია, კარგი გადაწყვეტილება იყოს.

- არსებობს საფრთხე, რომ ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი დაკარგოს?

- როცა ერთ სახელმწიფოში სტუმრად მეორე ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის, შესაძლოა, საუბარი უცხო ენაზე წარიმართოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ის, თუ რა პოლიტიკა ტარდება სახელმწიფოში ენასთან დაკავშირებით... ოფიციალური პირების შეხვედრებსა და მიღებებზე პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს სახელმწიფო ენაზე, თარჯიმნის მეშვეობით.

- თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა თქვენ საქართველოში ახალი დაბრუნებული იყავით, ჩვენს ქვეყანას სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ტერ პეტროსიანი ესტუმრა და ახალქალაქს ერთად ეწვიეთ, მაშინ თქვენ იქაურ სომხურენოვან მოსახლეობას რუსულად მიმართეთ, მან კი სომხურად...

- დიახ, იმიტომ, რომ მე სომხური არ ვიცოდი, ტერ-პეტროსიანმა კი ქართული...

- კი, მაგრამ თარჯიმნის საშუალებით ხომ შეიძლებოდა გესაუბრათ?

- რაღა დროს ტერ-პეტროსიანია... ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი, მეგობრული შეხვედრა იყო. ჩვენ ერთმანეთთან ადამიანური და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. გარდა ამისა, მაშინ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს რუსულად ველაპარაკებოდით, მე, ლეონიდ კუჩმა, ტერ-პეტროსიანი... სახელმწიფო დონის საუბრებიც ქართულად მიმდინარეობდა და ოფიციალური გამოსვლებიც. რაც შეეხება იმას, მახსენებს თუ არა ეს საბჭოთა პერიოდს, როცა რუსულის ცოდნა სავალდებულო იყო, არ არის ასე. სხვათა შორის, საქმის წარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა და როცა 1978 წელს მშობლიური ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის საფრთხე დადგა, ხალხი გამოვიდა ქუჩებში და დაიცვა კიდეც.

ისიც ნუ გავიწყდებათ, რომ მანამდე ორასი წლის განმავლობაში რუსეთის კოლონია ვიყავით. თუმცა არც რუსეთის წვლილის დაკარგვა შეიძლება საქართველოს თვითმყოფადობის გადასარჩენად. როცა რუსეთი საქართველოში შემოვიდა, მაშინ ბავშვებს ყიდდნენ სპარსეთსა და ოსმალეთში და ეს ამ სახელმწიფოს დახმარებით აიკრძალა და ამოიძირკვა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ექსპრეზიდენტის თვალით დანახული დღევანდელი საქართველო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"