"ზვიადს ქართველი ვერ მოკლავდა"

"ზვიადს ქართველი ვერ მოკლავდა"

საპარლამენტო კომისია განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას. გასულ კვირას პრეზიდენტის დაცვის უფროსს, რობიზონ მარგველანს მოუსმინეს.

 მარგველანმა დეტალურად აღწერა მოვლენები და ილაპარაკა პრეზიდენტთან ერთად გატარებულ ბოლო დღეებზე. რობიზონ მარგველანმა  ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისიაზე მისთვის ის კითხვები არ დაუსვამთ, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანი იყო. კითხვებზე, რომელიც მარგველანს საპარლამენტო კომისიამ არ დაუსვა, იგი "ყველა სიახლეს" პასუხობს.

- ბატონო რობიზონ, დიდხანს ელოდით პარლამენტში გამოძახებას, როგორ შეაფასებთ პარლამენტში თქვენს მოსმენას?

- უფრო სერიოზულ მიდგომას ველოდი. ის შეკითხვები, რომლებიც უნდა დაესვათ, არ დამისვეს. უფრო იმაზე ილაპარაკეს, ვინ რა თქვა მარგველანზე და პრეზიდენტის თანმხლებ პირებზე. მიმაჩნია, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი, დეტალური პასუხი გავეცი, ვინმეს ეჭვი რომ აღარ დარჩენოდა.

- თუმცა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ თქვენი ადრეული ჩვენებები განსხვავდება ახლანდელისგან.

- კონსტანტინე გამსახურდია ოცნებობს, ვთქვა, რომ პრეზიდენტი მოკლეს, მე ამას ვერ ვიტყვი. კონსტანტინე გამსახურდიას არაკომპეტენტური პირები ზღაპრებს უყვებოდნენ და მათი დაიჯერა. 17 წელია ჯვარს მაცვა ამ ოჯახმა. ჯერ ქალბატონმა მანანამ, ახლა ეს ჩაენაცვლა... საქართველოს მოსახლეობის 95%-მა თუ 97%-მა აირჩია პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია და ბოლოს ორი კაცის ამარა დარჩა. კოკო იმას რატომ არ ფიქრობს, რომ ზვიად გამსახურდიამ შესაძლოა პროტესტის ნიშნად გადადგა ეს ნაბიჯი.

- წლებისა და იმჟამინდელი მძიმე ფსიქოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, გამორიცხავთ, რომ შეიძლება რაღაცები არასწორად გახსოვდეთ?

- მე მივედი პირველი, მე მოვკიდე პირველად ხელი, მე ავართვი იარაღი პრეზიდენტს, რომელსაც სისხლი სდიოდა. მე გავაპატიოსნე ცხედარი ოჯახის უფროსთან ერთად. ბაჩუკი გვანცელაძე და ბესარიონ გუგუშვილი ვერ დამეხმარნენ, ისე იყვნენ გაოგნებული და გათიშული. კედელს ვურტყამდით თავს ყველანი, რომ მკითხეს, პრეზიდენტს რა ეცვა და როგორ ეცვაო, ეს რა მოსატანია? მაგრამ მე მახსოვს - სვიტერი ეცვა, ჩემი ნაყიდი სვიტერი.

- ბატონი კონსტანტინე ითხოვდა თანხის გამოყოფას გამოძიებისთვის...

- რომელ გამოძიებაზეა ლაპარაკი, როცა კონსტანტინე გამსახურდია იღებდა დოკუმენტურ ფილმს "დინების საწინააღმდეგოდ". შევთავაზე, ერთად მოგვევლო ის ადგილები, სადაც ვიყავით, შევხვედროდით იმ ადამიანებს, ვინც მიგვიღო, გვიმასპინძლა, მეგზურობას გვიწევდა და მივიღებდით რეალურ სურათს, მაგრამ არ ისურვა. ის ხალხი დაჰკითხეს, ვინც არაფერი იცოდა იმდროინდელი მოვლენების შესახებ და მათი მონაყოლით გააკეთეს დასკვნები.

- არასწორი დასკვნები?

- რა თქმა უნდა. ერეკლეს კრწანისის ომში სამასი არაგველი მაინც დაუდგა გვერდით და ზვიადს ორი კაციღა შემორჩა.

- რატომ შეიცვალა საზოგადოების აზრი?

- ზვიად გამსახურდიასგან ვიცი, - 68 მილიონი გადმორიცხეს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ამბობდა, - ამდენი ფული გადაიხადეს და მოგვერივნენ კიდეცო. კონსტანტინეს ჩემთვის უნდა ეკითხა, რატომ ჩავიდა ზვიადი სამეგრელოში, რამ აიძულა, რას ფიქრობდა, რა გეგმები ჰქონდა. ამის ნაცვლად, ფაცაციასთან, მარგიანთან რა ურთიერთობა გქონდაო, მკითხეს. რა შუაშია ფაცაცია და მარგიანი, რა, მათ მომისყიდეს? მე ქრთამს ავიღებდი და ზვიადს ვუღალატებდი?

- კითხვებზე, რომელიც უნდა დაესვა კონსტანტინე გამსახურდიას, ჩვენ გვიპასუხეთ. როგორ და რატომ ჩავიდა პრეზიდენტი სამეგრელოში?

- ჩაიტყუეს. ზუგდიდში უნდა ჩატარებულიყო სესია (ახლა ბევრი გარეწარი ამბობს, ზვიადს ვერ ჩაიტყუებდნენო, მაგრამ ასე იყო) და ზვიადი იმ დროისთვის უნდა ჩასულიყო, რომ ყველაფერი მისთვის დაებრალებინათ, - თითქოს ზვიადმა დაკარგა აფხაზეთი და ბევრ ლტოლვილს ეს დღესაც სჯერა.

დელეგაციები ჩამოდიოდნენ სამეგრელოდან, ამბობდნენ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თქვენი ჩამოსვლაა საჭიროო. წავედით, გავათავისუფლეთ სამტრედია, ლანჩხუთი და მას შემდეგ წამოვიდა რუსის ჯარი ზღვით, საჰაერო სივრცით... მარტვილში დავიჭირეთ კიდეც რუსი მფრინავები, როცა ჩამოაგდეს თვითმფრინავი. დაქირავებული რუსული ეკიპაჟები გვებრძოდნენ, ციდანაც და ხმელეთზეც.

- რას ამბობდა პრეზიდენტი?..

- ტყეში რომ გავედით, ამბობდა, პარტიზანი პრეზიდენტიც გავხდიო. ეკა ხერხეულიძემ (ის ჩემი თანამებრძოლია, ბუნკერშიც იყო ჩვენთან ერთად) კატეგორიულად განაცხადა, ზვიადი არაფერს დაწვავდაო. არადა, თუ რამე ბლანკი და ფურცელი ჰქონდა, ყველაფერი დაწვა ზვიადმა ტყეში ყოფნისას.

- ტყვედ ჩავარდნის ეშინოდა?

- ხშირად გვიმეორებდა, თითო ტყვია შეინახეთ, მაგათ ცოცხლად არ უნდა ჩავბარდეთო. გამორიცხულია, ზვიადი მათ ცოცხალი ჩავარდნოდა ხელში. ზვიადის მტრები ამბობენ, ვაჟკაცობა არ ეყოფოდა ზვიადს, რომ თავი მოეკლაო, არადა, ზვიადი დიდი ვაჟკაცი იყო.

- კონსტანტინე გამსახურდიამ ასეთი შეფასება გააკეთა, გინდათ, მამაჩემი სუსტი ფსიქიკის ადამიანად წარმოაჩინოთო.

- სუსტი ფსიქიკის კი არ იყო, ბოლო ხანს, ცუდად იყო, ნევროზი ჰქონდა. ორი თვის განმავლობაში არანორმალური კვება, შიში, გაქცევა, სიცივე რკინას გატეხს. კონსტანტინემ თქვა, ამას ვინ დაგიჯერებსო? იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმემ დამიჯეროს. რასაც ვამბობ, სიმართლეა.

- გიორგი გამსახურდია რას ამბობს?

- არ ვიცი, დღეს რას ფიქრობს, მაგრამ როცა გროზნოში გადავასვენეთ, გიორგი პატარა იყო, ეყო გამბედაობა და ნახა მამამისის ცხედარი. საჩვენებელ თითზე მხოლოდ გიორგიმ შეამჩნია დალურჯება - "კუროკზე" დაჭერის გამო. პროზექტურიდან რომ გამოვიდა, მაშინ თქვა ეს ბავშვმა. ყველამ იცოდა, რაც მოხდა, მაგრამ ეტყობა, დიდი ფულია გადახდილი, რომ არ დადგენილიყო თვითმკვლელობა.

- საინტერესოა, ვის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ზვიადი მოკლეს?

- მტრებს, რომლებიც ზვიადს ებრძოდნენ. ზვიადის მტრები და მისი ოჯახი შეიკრნენ და ამტკიცებენ, რომ ზვიადი მოკლეს.

- არსებობდა მოსაზრება, რომ შევარდნაძეს გამსახურდიას მოკვლის დავალება ჰქონდა გაცემული.

- არ ვიცი. შევარდნაძემ მაშინ გასცა ზვიადის მოკვლის ბრძანება, როცა სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ზვიადი მოკლეს მაშინ, როცა თბილისიდან გააძევეს და სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვეს.

- კიდევ ვინ გამოიძახა და ვინ უნდა გამოიძახოს საპარლამენტო კომისიამ?

- ის, ვინც ჩამოიყვანა ზვიადი საქართველოში, ვინც მიატოვა შუა გზაზე და ვინც ბოლოს მასთან იყო. ამათგან უნდა მიიღონ ინფორმაცია და არა - მეზღაპრეებისგან. სოსო თორია ამტკიცებს, რომ ორი ნატყვიარი ჰქონდა პრეზიდენტს, თითქოს მას ნიკაპზეც მოხვდა ტყვია, ეს არის სრული აბსურდი. სოსო თორია პრეზიდენტის დაცვაში ვალტერ შურღაიას მფარველობით მოხვდა. თბილისში ყოფნის დროს პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა ის დაცვიდან გააგდეს.

გაგიჟდა, თავს იკლავდა, გველივით ხოხავდა, რომ დაებრუნებინათ. მეც ვთხოვე ბატონ ზვიადს, იქნებ დავაბრუნოთ, ეროვნული მოძრაობიდან მოდის-მეთქი. იყოს, მაგრამ ჩემს სიახლოვეს არ იმოძრაოს, ოჯახის დაცვა დაავალეთო. ის გროზნოში იყო, პრეზიდენტი რომ გადავასვენეთ, ცხედარი არ უნახავს და ახლა აცხადებს, ორი ნატყვიარი ჰქონდაო. გროზნოშიც გააგდო პრეზიდენტის ოჯახმა თორია დაცვიდან...

- ამ ზაფხულს ხატზე უნდა დაგეფიცათ, რომ ზვიადის სიკვდილში წვლილი არ მიგიძღვით...

- ვიყავი წმინდა კვირიკეს ეკლესიაში და იქ დავიფიცე. მე თუ ბრალი მიმიძღოდეს ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ღალატში, ჩემი მოდგმა და ჯილაგი აღიგავოს პირისაგან მიწისა, თუ არა და - ვინც მე უსამართლოდ ბრალს მდებდეს, მათი მოდგმა და ჯიშ-ჯილაგი, უკუნითი უკუნისამდე! ასეთი ფიცი დავდე კალის წმინდა კვირიკეს ეკლესიაში.

თავდადებული ვიყავი ჩემი ზვიადისთვის, ძმობისა და მამულის ერთგულების ფიცი გვქონდა დადებული. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ჩვენ გვენდო პრეზიდენტი, სხვას არავის, ყველა გაექცა. სასწაული პიროვნება იყო. მთავრობის სახლის წინ სიგუამ რომ გამოიწვია, არ ვუშვებდი. მითხრა, მე ქართველი არ მესვრისო და ჩავიდა - მართალი თქვა, ზვიადს ქართველი ვერ მოკლავდა.

სოფო ჭიპაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"