”შეუმოწმებელი სამშენებლო მასალა სიმსივნეს და ლეიკოზს იწვევს”

”შეუმოწმებელი სამშენებლო მასალა სიმსივნეს და ლეიკოზს იწვევს”

დღეს საქართველოში ე.წ. ევრორემონტების ბუმია. ყველაზე შეძლებული, პრესტიჟული ფენა ცდილობს საცხოვრებელი ბინა ახალაშენებულ კორპუსებში შეიძინოს, სადაც ყველაფერი ბზინავს და კრიალებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

"მე ამ ყოველივეს "ევროსიკვდილს" ვეძახი, რადგან შეუმოწმებელი სამშენებლო მასალა ისეთ საშიშ დაავადებებს იწვევს, როგორიც სიმსივნე და ლეიკოზია! - ამბობს ანზორ საკანდელიძე, ხელმძღვანელი ასოციაციისა "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე". ბატონი ანზორი სამშენებლო სფეროში შექმნილ უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე გვესაუბრება:

- ამ სფეროში ორი დიდი პრობლემა იკვეთება: სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. საერთოდ, საქართველოში დაკანონებულია 8-9-ბალიანი სეისმომედეგობა, მაგრამ 8-9-ბალიან მიწისძვრას აქ არსებული შენობების მხოლოდ 10 პროცენტი თუ გადაურჩება. 2011 წლიდან შევდივართ ათწლეულში, რომელსაც აპოკალიფსურ ათწლეულად მიიჩნევენ როგორც საერო, ასევე სასულიერო წრეები და ამ დროს საქართველოში სეისმური უსაფრთხოების მაჩვენებელი მხოლოდ 10 პროცენტია. კიდევ უფრო საშიში და სავალალო მდგომარეობა გვაქვს სამშენებლო ეკოლოგიის თვალსაზრისით.

საქართველო გინესის წიგნშია შესატანი, რადგან ეს ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არავინ ამოწმებს, რა დონით არის საცხოვრებელ ბინებში რადიაცია, ქიმიური დაბინძურება, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება და ნივთიერება რადონი, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ეს არის ოთხი ძირითადი პარამეტრი, რომლითაც სამშენებლო ეკოლოგიის სტანდარტები იზომება.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოწმდება საქართველოში არსებული შენობა-ნაგებობები?

- მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ მოსახლეობამ სამშენებლო ეკოლოგიის მნიშვნელობაც კი არ იცის. მაპატიეთ, მაგრამ ცხვრებივით შედიან ამ კორპუსებში და არ ითხოვენ, სახლი შემოწმდეს. არსად, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებსაც არ უშვებენ თავიანთ სადგომებში, თუ ისინი საფუძვლიანად არ არის შემოწმებული. არ შეიძლება მშენებლობა დასრულდეს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდეს და იქ არ იყოს ნაჩვენები ეკოლოგიური შემოწმების შედეგები.

დავანებოთ თავი დასავლეთის ქვეყნებს - ჩვენს მეზობელ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში - ყველგან იცავენ ამ ნორმებს. ჩვენი ასოციაცია უკვე ათი წელია სვამს კითხვას: სად ვცხოვრობთ - ბინებში თუ გაზის კამერებში?! გვინდოდა, მოსახლეობა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ - არც ხალხი აქტიურობს და არც ხელისუფლება, რომ მშენებლებს უსაფრთხო შენობა-ნაგებობების აგება მოსთხოვონ. რუსეთში მაგალითად, მოსახლეობა თვითონ ამოწმებს თავისი საცხოვრებელი ბინებისა და აგარაკების უსაფრთხოებას, რის გამოც იქ ეს საკითხი კარგად აქვთ მოგვარებული.

- ბატონო ანზორ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს შეუმოწმებელმა ბინამ?

- საუბედუროდ, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციაც კი არ გვაქვს. მოსახლეობამ არ იცის, რომ ადამიანი რადიაციის 70 პროცენტს საშენი მასალებიდან იღებს იმიტომ, რომ რადიაცია და ნივთიერება რადონი ნებისმიერ საშენ მასალაში გვხვდება, თუმცა მისი ოდენობა დადგენილ ნორმას არ უნდა აჭარბებდეს. უნდა მოწმდებოდეს კარიერები, სადაც საშენ მასალას მოიპოვებენ, თვით საშენი მასალაც და უკვე აგებული სახლიც. უნდა დაწესდეს მკაცრი კონტროლი, რომ ადამიანმა უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ ბინაში იცხოვროს. საქართველოში კი ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული.

- ამბობთ, რომ განსაკუთრებით საშიშია ნივთიერება რადონი.

- დიახ. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ რადიაციით გარდაცვლილთა 75 პროცენტი სინამდვილეში რადონის გამოსხივების შედეგად დაიღუპა. ამიტომ ცალკე გამოიყო კონტროლი რადონზე და ცალკე - რადიაციაზე. 1985 წლიდან მსოფლიოში ასეა. რადონი ძირითადად სამშენებლო მასალებში გვხვდება. ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამებიც კი შეიმუშავეს იმიტომ, რომ მსოფლიოში რადონით დაღუპულთა რიცხვმა თამბაქოს მოწევის შედეგად დაღუპულთა რიცხვსაც კი გადააჭარბა. ეს ციფრები საქართველოში არც იციან, ამის შესახებ ინფორმაციაც არ არსებობს.

ჩვენ გვინდა, პირველი ნაბიჯი გადავდგათ და მოვუწოდოთ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც, სამშენებლო სფეროს მკაცრი კონტროლი დაუწესონ, რადგან ასეთი განუკითხაობა, სიბეცე და სიბრმავე 21-ე საუკუნეში არ შეიძლება. ცოდვაა ჩვენი მომავალი თაობა - სად ვაცხოვრებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, არც კი ვიცით. რადონის უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამაზე კანადამ უკვე 25 მილიარდი დოლარი დახარჯა, ჩვენ კი არაფერი გვემეტება. პრესკონფერენციაც გავმართეთ ამის გამო,  მოსახლეობა გვირეკავს, ხალხი შეშინებულია, მაგრამ უნდა გავჩუმებულიყავით? არ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენს საბაჟოებზე არცერთი სამშენებლო მასალა არ მოწმდება და რომ ეს დანაშაულია ჩვენი მომავლის წინაშე?!

- რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში უხარისხო სამშენებლო მასალა?

- ადრე თურქეთი იყო ფალსიფიკაციით პირველ ადგილზე. როდესაც შეიტყვეს, რომ საქართველოში ამ პროდუქციას არავინ ამოწმებს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ფალსიფიცირებული და მოწამლული მასალა აქ შემოვიდა. ამ ქვეყნების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა: ჩინეთი, ინდოეთი, უკრაინა და ა.შ. ნებსით თუ უნებლიეთ, გავხდით ყველაზე დაბალხარისხიანი, ფალსიფიცირებული მასალების მომხმარებლები, ამით ვაშენებთ და ამას ვეძახით ევრორემონტს! ჩვენივე ხელით ვიძენთ ამ "ევროსიკვდილს" და ჩვენივე ხელით ვუმცირებთ სიცოცხლეს საკუთარი ოჯახის წევრებს, საკუთარ სისხლსა და ხორცს!

დროთა განმავლობაში, წვეთწვეთობით ვიწამლებით მავნე ქიმიური ნივთიერებებით, რომლებსაც ეს შენობები შეიცავს. ამიტომაც გაივსო ქვეყანა აფთიაქებით, ადრე მთელ თბილისში სულ 10 აფთიაქი იყო, ახლა კი, შეხედეთ რამდენია! ძველად ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისა იყო, თანაც ამ სფეროს მშენებლობის სამინისტრო აკონტროლებდა. მაინტერესებს, რომელ სულელს მოუვიდა აზრად ამ სამინისტროს გაუქმება, სადაც საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ?

- ბატონო ანზორ, დავუბრუნდეთ უხარისხო საშენ მასალას.

- მოსახლეობას ვაფრთხილებ: ყველაზე მეტი უხარისხო მასალა ჩინეთიდან შემოდის და ხშირად მას გერმანული, ფრანგული, ინგლისური ფირმების სახელწოდებები აწერია. კრივოი-როგიდან რადიაციით "გაჯერებული" არმატურა შემოიტანეს, ჩვენი კედლები, იატაკი, ჭერი ამ მასალით არის აშენებული, რის გამოც რადიაციული გამოსხივების ქვეშ ვიმყოფებით.

იაფად შემოდის თურქული ცემენტი, რომელსაც სხვა ქვეყნები უკვე აღარ იღებენ, რადგან მასში ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. საქართველოში "შემოყარეს" ბეტონის ქიმიური დანამატებიც, იგივე ქიმიური საწამლავები, რომელსაც  ბეტონს ურევენ და მერე ამ მოწამლული მასალით აშენებენ ჩვენს საცხოვრებლ სახლებს! მაგალითების დასახელება კიდევ შემიძლია.

- დასასრულ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- ინგლისში, მაგალითად, ყველა საცხოვრებელი სახლი შეამოწმეს და იმ შენობებიდან, სადაც გამოსხივება ნორმაზე მაღალი იყო, ხალხი გამოასახლეს. აქაც იგივე უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენი ფირმების მიერ ბოლო წლებში აშენებული არც ერთი სახლი საიმედო არ არის. ჩვენი ასოციაცია ცდილობს, როგორმე შეიძინოს დოზიმეტრული აპარატურა, რათა გავზომოთ ეკოლოგიური საშიშროების პარამეტრები. ჯერჯერობით იმ 30 ათასი დოლარის წყარო, რომელიც ამ აპარატურას სჭირდება, არ ჩანს. არადა, ეს მეტად საშური, მე ვიტყოდი, საშვილიშვილო საქმეა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს!

ცნობისათვის

რადონი - ქიმიური ელემენტების სისტემის მეექვსე პერიოდის, მერვე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი, რომლის ატომური ნომერია 86. აღნიშნულია სიმბოლოთი ღნ (ღადონ). რადონის უბრალო ნივთიერება ნორმალურ პირობებში უფერული ინერტული გაზია, არის რადიოაქტიური და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ოთახის ტემპერატურაზე არის ერთ-ერთი მძიმე გაზი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"