"ბრძოლები განგიჭვრეტია, /ბრძენის, ასკეტის ღირსებით,/ ცხოვრება დაგიჩვრეტია,/ კითხვა-ძახილის ნიშნებით!" - ეს სტრიქონები მურმან ლებანიძემ ჭაბუა ამირეჯიბს მიუძღვნა, მწერალს, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა კლასიკოსად. "ყველა სიახლის" მკითხველს ბატონი ჭაბუა ბერად აღკვეცის მიზეზებსა და მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებზე ესაუბრება.
- ბატონო ჭაბუა, თქვენი აზრით, შეძლებს კი 25 ნოემბერს დაგეგმილი სახალხო კრება იმ მიზნის განხორციელებას, რაც ამ იდეის ავტორებს გქონდათ ჩაფიქრებული?
- უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთობ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. ამიერიდან მე ჭაბუა ამირეჯიბი კი არა, "ბერი დავითი" გახლავართ. ბერად აღვიკვეცე და აქვე გეტყვით, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება:
მოგეხსენებათ, ჩემი სიცოცხლე და პიროვნული შესაძლებლობები ადრეულ ჭაბუკობიდანვე ქართველი ერის თავისუფლებას, მომავალში მის ეროვნულ განვითარებასა და წინსვლას მივუძღვენი, რაც სამჯერ დახვრეტის განაჩენითა და საერთო ჯამში ოთხმოცდასამი წლით რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში ჯდომით უნდა აღნიშნულიყო. კაცობრიობის ისტორიაში საზოგადოებრივი გარდატეხების წყალობით ცოცხალი ვარ, დღეს თქვენ გესაუბრებით, 18 ნოემბერს ოთხმოცდამეათე წელში გადავდგები. ამისთვის იყო, დოყლაპიებმა ლანძღვა რომ არ დამაკლეს.
ახლა ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ რატომ ვირჩიე თეთრი ბერის ხვედრი. საქართველოში მრავალპარტიულობის ეპოქაა, ყოველ მათგანს თითქოს საკუთარი პროგრამის განხორციელებით აქვს მიზნად დასახული ერის სათავეში მოსვლა, მაგრამ ერთ მათგანსაც კი არა აქვს ამ მიზნის მიღწევის რაიმე ნუსხა ხერხებისა, რომლის განხორციელებაც მიზნამდე მიიყვანდა რომელიმე მათგანს. ეგ არის, ადამიანი ურწმენოდ მხოლოდღა ცხოველია და ნათლად გამოხატული ხერხების უქონლობა ხელისუფლების წყურვილს მხოლოდღა წყურვილად სტოვებს. ამდენად, რა თქმა უნდა, ხედავთ, ქართველი ერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების არსი, უფრო ქაოსია, ვიდრე სისტემის მქონე საღი ურთიერთობა.
ველოდებოდი, რომ ჩვენი ერის ცხოვრებაში გამოჩნდებოდა ადამიანი, მოღვაწე, ვინც ერს მიზნის განხორციელების ხერხებსა და გზებს დაუსახავდა. არავინ გამოჩნდა, მე კი ნიჭი და ფანტაზია არ მეყო, ეროვნულად საჭირო საქმე აღმესრულებინა, ანუ პრაქტიკული ნაბიჯების ნუსხა ჩამომეყალიბებინა და თეთრ ბერობას მივაშურე, რაც ეროვნულ მოღვაწეობას არ მიკრძალავს და მეორე მხრივ, მაღალი ღმერთის შემწეობის იმედს მაძლევს.
- პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ახლახან განაცხადა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობას და თავიდან აგვაცილებს ისეთ პროცესებს, როგორიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ განმეორდა - ანუ, ქვეყნის ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ გაასრულა თავისი ვადა...
- ბატონი დავით ბაქრაძე უდავოდ დიდი ნიჭიერი და სახელმწიფოებრივი აზროვნებით აღჭურვილი მოღვაწეა, მაგრამ ვფიქრობ, სტაბილურობის მოტანას იმ მრავალგზის ნაცად, ისტორიაში არაერთხელ განხორციელებული ხერხით გულისხმობს, რაც ქართული სახელმწიფოს სათავეში მოიყვანს კაცს, ვისაც თავად ბატონი დავით ბაქრაძე ემორჩილება და სტაბილურობის მიღწევას ამ გზით გულისხმობს.
- რისკენ მოუწოდებთ ქართველ საზოგადოებას, ამ რთულ ვითარებაში რა არის ერისთვის მთავარი?
- ჭკუით, ქართველებო! ეს დევიზად უნდა მიიღოს ქართველმა ერმა, რომ სწორად შეარჩიოს ხელმძღვანელი, ანუ ისეთი, ვინც აზრთა წინააღმდეგობების გაერთმთლიანებას, ერთ იდეად ჩამოყალიბებას შეძლებს.
გმადლობთ ყურადღებისთვის. ქაოსს გარიდებული თეთრი ბერი დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი).
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)