ქალაქ ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ ატეხილ სკანდალს გაგრძელება მოჰყვა. პროექტ "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" თანახმად, ამ სკოლასაც მიუჩინეს უცხოეთიდან ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებელი.
ამ სკოლას "გაუმართლა" და ზუგდიდელ ბავშვებს ინგლისურ ენას 22 წლის თომას ფლეთჩერი ასწავლის, რომელმაც სოციალურ ქსელში თავისი ამორალური ფოტოები გამოაქვეყნა. დავით ფიფიამ, რომლის ოჯახში ცხოვრობს თომას ფლეთჩერი, განაცხადა, რომ ესაუბრა უცხოელს, რომელსაც უთქვამს, ბიჭები დავთვერით და ვიმაიმუნეთ, არატრადიციული ორიენტაციის რომ ვიყო, არ დავმალავდი, დასამალი არაფერიაო.
რაც მთავარია, ფლეთჩერს გაჰკვირვებია, საქართველოში არატრადიციული ორიენტაცია ასე მკაცრად რატომ განისჯებაო. ამ ამბავმა სრულიად საქართველო, განსაკუთრებით კი ზუგდიდელები გააღიზიანა. ამიტომაც, ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორმა, ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ გადაწყვიტა, თომას ფლეთჩერს შეხვედროდა და გასაუბრებოდა:
ილია ჩაჩიბაია: - თომას ფლეთჩერით ზუგდიდელების ინტერესი რომ დაგვეკმაყოფილებინა, მე და იქაური ჟურნალისტი სოსო ხოფერია ვეწვიეთ დავით ფიფიას, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოს მენეჯერია. განათლების სამინისტრომ დავით ფიფიას შეუსახლა თომას ფლეთჩერი და მასზე ზრუნვა-პატრონობაც დააკისრა. როცა ოჯახის დიასახლისმა შინ შეგვიპატიჟა, უცებ მისაღები ოთახის კარი გაიღო და ორი სოლიდურად ჩაცმული პიროვნება შეგვეფეთა, რომლებიც, ვფიქრობ, ძალოვანი სტრუქტურების, კერძოდ კი, კუდ-ის თანამშრომლები არიან.
მათ ქუჩაში გამოგვყარეს და მხოლოდ ეს გვითხრეს - ფლეთჩერის ამბავი დამთავრდა და რაღაცების ქექვას თავი დაანებეთო. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ფლეთჩერთან შეხვედრა. მე და სოსომ ჩავიცვით მოსწავლის ფორმა, გადავიკიდეთ ჩანთები, ხელში დავიჭირეთ საქართველოს ისტორიის წიგნები და მივედით მე-4 საჯარო სკოლაში. გვინდოდა, ფლეთჩერისთვის საქართველოს ისტორიის წიგნები გადაგვეცა, რათა გასცნობოდა ჩვენს კულტურას.
9 საათზე გამოჩნდა ფლეთჩერიც. სამასწავლებლოში შევყევით და ვკითხე, რას გვეტყვით იმ სკანდალზე, რომელიც თქვენმა სურათებმა გამოიწვია-მეთქი. ფლეთჩერმა უხეშად გვიპასუხა, აქედან გაეთრიეთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ სამასწავლებლოო.
ჩვენ არ ვეშვებოდით, მაგრამ ამასობაში სამასწავლებლოში შემოცვივდნენ პედაგოგები, რომლებიც "საწყალ ბიჭს" გადაეფარნენ, ყვიროდნენ, თომასი კარგი ბიჭია და თავი დაანებეთო, თითქოს მის მოსაკლავად ვიყავით მისული. ამ ამბავში ჩაერთვნენ მანდატურები, იგივე ტურები და გამოგვათრიეს გარეთ. დაგვაბრალეს, რომ მთვრალები ვიყავით. დაგვიზიანეს კამერა, შეურაცხგვყვეს ფიზიკურად და სიტყვიერად. ამ ძიძგილაობაში პატრული გამოჩნდა, რომელმაც მანდატურებისგან დაგვიცვა.
ეს ე.წ. პედაგოგი ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ისეთ პოზებშია გამოსახული, რომ თქმაც კი მიჭირს... შაშკინი კი გამოდის და ამბობს, ეს საკითხი ჟურნალისტებმა გაამწვავეს, თორემ საგანგაშო არაფერია, ჟურნალისტებმა დაივიწყეს სტუმარმასპინძლობაო. ფლეთჩერის ორიენტაცია ვის აინტერესებს, მაგრამ როცა მას ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, უთქმელობა დანაშაულის ტოლფასია.
კახა მიქაია, "ქართული პარტიის" წევრი: - ცოტა ხნის წინ სააკაშვილი და შაშკინი სამეგრელოში ჩამოვიდნენ და სოფელ შამგონაში სკოლა გახსნეს. ამის შემდეგ შაშკინი შეხვდა ფლეთჩერს და მას ჯერ ბოდიში მოუხადა, ხოლო შემდეგ მადლობა გამოუცხადა. როდესაც ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტმა ჰკითხა, მართლა შეხვდით ფლეთჩერსო? ასეთი გამართული ქართულით უპასუხა: "ის, ვის შევხვდები, არავის საქმეა". ასეთი "განათლებული" განათლების მინისტრისგან არაფერია გასაკვირი. რისთვის მოუბოდიშა და რისთვის გადაუხადა მადლობა ფლეთჩერს - ეგ მხოლოდ შაშკინმა იცის!
"კუპრუმის ფორმულა" ანუ დიმიტრი შაშკინის მასტერკლასი
როგორც ცნობილია, თბილისის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები 8 საატესტატო გამოცდის გაუქმებას ითხოვენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მეთორმეტეკლასელებს ხვდება და საატესტატო გამოცდების მნიშვნელობას განუმარტავს. ბატონი დიმიტრი ამას წინათ თბილისის 23-ე საჯარო სკოლასაც ეწვია. მასთან შესახვედრად მეთორმეტეკლასელები ერთ დიდ დარბაზში შეუყვანიათ.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქიმიის გამოცდას დასთმობია. მინისტრს განუმარტავს მოსწავლეებისთვის: სკოლას რომ დაამთავრებთ, კუპრუმის ფორმულა (?!) უნდა იცოდეთო. ბავშვებს გაოცებისგან მხრები აუჩეჩავთ, - ჩანს, ისინი "ფორმულის" ხსენებამ დააბნია, რადგან მენდელეევის ტაბულის ელემენტი CU, ანუ სპილენძი კი იცოდნენ, მაგრამ "კუპრუმის ფორმულაზე" არაფერი სმენიათ...
მოსწავლეებს საპატიო სტუმრისთვის შეკითხვებიც დაუსვამთ. ერთ მეთორმეტეკლასელ გოგონას მინისტრისთვის უთქვამს: ქიმიის შესწავლა ძალიან გამიძნელდა, რადგან დასაწყისიდანვე ვერ შევიყვარე. გამოდის, ქიმიის გამო ცხოვრება უნდა დამენგრესო? განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გოგონას გადარწმუნება თავისი ცხოვრებისეული მაგალითით უცდია:
მეც თქვენსავით არ მიყვარდა ქიმია და სწავლაც მეზარებოდა. მახსოვს, საქართველოში უშუქობისა და უგაზობის პერიოდში მეცადინეობა სანთლის შუქზე მიწევდა. ერთხელ თეფშზე დავამაგრე ანთებული სანთელი, თეფში მეტისმეტად გახურდა და გასაგრილებლად ცივ წყალს შევუშვირე. გავარვარებული თეფში წამში გასკდა და მაშინვე ვინანე, ქიმიას რომ არ ვსწავლობდი. ქიმია რომ მცოდნოდა, ცხელ თეფშს ცივ წყალში ხომ არ ჩავდებდიო.
ამის გამგონე ბავშვები აფხუკუნებულან. ვიღაცას რეპლიკაც უსვრია: ეგ ქიმია კი არა, ფიზიკაა, ბატონო მინისტროო. თუმცა ბატონ მინისტრს იხტიბარი არ გაუტეხავს: ცოტა ქიმიაც ხომ არისო(?!).
ნინო გაბაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)