"ჩემი მეუღლე რომ არა, ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი"

"ჩემი მეუღლე რომ არა, ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი"

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლემ, ქალბატონმა მაკა მეტრეველმა დიდი ხანი არ არის, სამედიცინო სფეროდან მოდის სამყაროში გადაინაცვლა. მიაჩნია, რომ წარმატებული ქალია და არც იმას მალავს, რომ წარმატების მიღწევაში მეუღლეს დიდი წვლილი მიუძღვის.

- მთავარია, იყო ის, ვინც ხარ.  რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, სწორედ ამ პრინციპის დამსახურებაა. რაც მთავარია, ვარ დაუზარელი და შრომისმოყვარე. მართალია, ჩემი მეუღლე ჩემგან ძალიან განსხვავებული პიროვნებაა, მაგრამ ისიც ძალიან შრომისმოყვარეა. შეუძლია მთელ დღეს კაბინეტში იჯდეს და იმუშაოს, მე კი ერთ ადგილზე ჯდომა არ შემიძლია.

- პროფესია რატომ შეიცვალეთ?

- პროფესიით ექიმი-ენდოკრინოლოგი ვარ. რამდენიმე წელია, რაც ამ სპეციალობით აღარ ვმუშაობ. ვიდრე მოდის საქმეს ხელს მოვკიდებდი, მერიის ჯანდაცვის განყოფილებაში ვმუშაობდი. რაც შეეხება პროფესიის შეცვლას, ეს უცებ გადავწყვიტე.

- დიდი ხანია, მოდით დაინტერესდით?

- მოდა გარკვეული დოზით ყველა ქალს აინტერესებს. თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ მოდის კვირეულების ორგანიზებით ვიყავი გატაცებული. უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და ამ ამბავში ჩავერთე. უკვე ორჯერ ჩავატარეთ "ჯორჯია ფეშენ ვიკი" და მიგვაჩნია, რომ ამის გაკეთება საჭიროა ჩვენს ქვეყანაში. არ გვინდა რომელიმე სეზონის ჩაგდება, რადგან ეს საქართველოს პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებს. ქართველებს გვიყვარს მოდურად ჩაცმა და საზოგადოება ამიტომაც იჩენს დიდ ინტერესს მოდის კვირეულის მიმართ.

- ამ ინტერესს საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილი იჩენს...

- ეს ნაწილი საკმაოდ დიდია.

- ბატონი დავითი როგორ შეხვდა მოდის სამყაროში თქვენს გადასვლას?

- ჩემი მეუღლე ყოველთვის დადებითად ხვდება ჩემს აქტიურობას. ეს ამბავი მთლად დამოუკიდებლად არ გადამიწყვეტია. ერთად ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ და როდესაც დავრწმუნდით, რომ ეს ძალიან კარგი საქმეა, პირველ რიგში კი, ქვეყნისთვის, შემდეგ დავიწყე მოდის კვირეულზე მუშაობა.

- როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე - დავით ბაქრაძე?

- დათო ძმებ ბათუ და რაჟდენ ქუთელიების ოჯახში გავიცანი. ბათუ დათოს მეგობარი იყო, ხოლო რაჟდენი - ჩემი. ქუთელიების ერთ-ერთ წვეულებაზე მე და დათო ერთმანეთს შევხვდით. თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის და როდესაც მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ვიქორწინეთ. ეს ამბავი გაცნობიდან ერთ წელიწადში მოხდა. გვყავს არაჩვეულებრივი შვილები: 11 წლის კატო და 6 წლის ნიტა.

საკმაოდ რთულია პარლამენტის თავმჯდომარის ცოლობა, თუმცა ამას უკვე მივეჩვიე, მეც ყოველთვის ჩემი საქმე მქონდა და ასე თუ ისე ვუმკლავდები ჩემს "ხვედრს". უბრალოდ, რაც მოდის კვირეულით დავკავდი, ბავშვებისთვის ნაკლები დრო მრჩება.

- როგორი რეაქცია გაქვთ, როდესაც მედიასაშუალებებში თქვენს მეუღლეს აკრიტიკებენ?

- ძალიან მხვდება გულზე, მაგრამ ვცდილობთ, ბავშვებმა არ შეიტყონ, რადგან ზუსტად ვიცი, დათოს გაკრიტიკება მათზე უფრო მძაფრად იმოქმედებს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, თქვენს მეუღლეზე ისეთი რამ დაწერილა ან თქმულა, რასაც თქვენი ოჯახი გაუღიზიანებია?

- დათოზე ასეთი რაღაცები იშვიათად იწერება. რაც მთავარია, დათო ძალიან მშვიდია და ასეთ რაღაცებს ნაკლებად განიცდის. ყოველ შემთხვევაში, ყვირილს არ ტეხს ხოლმე...

- მეუღლეს პოლიტიკურ რჩევებს თუ აძლევთ?

- არა, რა ჩემი საქმეა პოლიტიკა? მე დათოს ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ ვერევი, როდესაც ტანსაცმელს ირჩევს. თუმცა, სამწუხაროდ, სრულიად აპოლიტიკური ვერ ვარ, ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკოსის მეუღლე გახლავარ და მინდა თუ არა, ამ სფეროში გათვითცნობიერებული ვარ.

- ბოლო "ჯორჯია ფეშენ ვიკზე" თქვენ გაგინაწყენდათ დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე. მას ჩვენი გაზეთის საშუალებით მოუბოდიშეთ კიდეც...

- მიმაჩნია, რომ ამ დიზაინერისთვის ბოდიში ნამდვილად არ მქონდა მოსახდელი. ბოლო "ფეშენ ვიკზე" ისეთი მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა მოწვეული, რომლებსაც ძალიან მოსწონთ საქართველოს ისტორია და კულტურა. როდესაც ისინი მუზეუმებში დაგვყავდა, გაოცებულები შეჰყურებდნენ ყველაფერს და იქიდან ჯოხით ნამდვილად ვერ გამოვყრიდი.

თან მოდის კვირეულის დღეებს "თბილისობა" დაემთხვა, გზები გადაკეტილი იყო და ამიტომაც ვერ მოვახერხეთ ეკა ბალანჩივაძის ჩვენებაზე მისვლა. ჩვენ ეკას შევთავაზეთ, საჩვენებელ ოთახში მოეტანა თავისი კოლექცია, მაგრამ უარი თქვა. არადა, ე.წ. შოურუმი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე პოდიუმი. შეიძლება ადამიანმა ნახოს შოუ, მაგრამ ის საბოლოოდ მაინც "შოურუმში" იძენს ნამუშევარს, რადგან იქ უფრო კარგად არჩევს, რა როგორი ხარისხისაა და როგორი ნამუშევარია.

- ეკა ბალანჩივაძემ განაცხადა, რომ გიჩივლებთ...

- რატომ უნდა მიჩივლოს?

- ახალი კოლექციის შექმნის და ამ ყველაფრის ორგანიზების გამო საკმაოდ დიდი თანხა დამეხარჯა, ჩვენებას კი არავინ დაესწროო...

- და ისიც თქვა, მოდელებს, ჩვენებაში მონაწილეობისთვის ფული გადავუხადეო, რაც დიდი სიცრუეა.... ეს გოგო პრეტენზიით ჩემთან არ მოსულა, რომ მოსულიყო, ისეთივე პასუხს გავცემდი, როგორიც სხვა ორგანიზატორებმა გასცეს...

- "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენი მეუღლის მისამართით განაცხადა: "მინდა, დავით ბაქრაძეს ვურჩიო, იქნებ ჩავიდეს გორში და შეხვდეს არა საჩვენებელ დევნილებს, არამედ იმ ადამიანებს, ვინც საშინელ დღეში არიან და მერე იქნებ მას და მისი ოჯახის წევრებს "ფეშენშოუს" მოწყობის ნაკლები სურვილი გაუჩნდეთ"..

- სხვათა შორის, ყველა ღონისძიება, რომელსაც მე ვაწყობ, საქველმოქმედოა. ახლაც საახალწლოდ ვამზადებთ დიდ მასკარადს. შემოსულ თანხას კი მთლიანად დევნილ ბავშვებს გადავურიცხავთ. ჩვენი მიზანია, ძალიან მალე დევნილმა ბავშვებმაც ისეთ პირობებში იცხოვრონ, როგორშიც ჩვეულებრივი ბავშვები ცხოვრობენ.

- ქალბატონო მაკა, რომ არა თქვენი მეუღლე დავით ბაქრაძე, იქნებოდით თუ არა ასეთი წარმატებული?

- (იღიმის) როდესაც პირველი მოდის კვირეული გავმართე, ყველგან დაიწერა, საქართველოს მოდის კვირეული პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მეუღლის პატრონაჟით გაიმართაო. ამით ყველაფერი ითქვა... რომ არა ჩემი მეუღლე, ალბათ, ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი.

- საოჯახო საქმეებს როგორ ართმევთ თავს?

- როდესაც შინ ვარ, ტყუილად ჯდომას სამზარეულოში ფუსფუსი მირჩევნია. მიუხედავად იმისა, რომ გვარი რაჭული მაქვს, წარმოშობით იმერელი ვარ. ეტყობა, სისხლი მიყივის, რადგან უგემრიელეს რაჭულ ლობიანებს ვაცხობ (იცინის).

- პარლამენტარები თუ მოდიან თქვენს ოჯახში სტუმრად, თუნდაც ფინჯან ჩაიზე?

- მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთმანეთის მეზობლები ვართ, ასეთი რამ იშვიათად ხდება.

- მიხეილ სააკაშვილს ახლოს იცნობთ?

- მხოლოდ გამარჯობით. დავურეკო და მოვიკითხო - ასეთი რამ არ ხდება.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"