ქუთაისის ოპერა - ვენის ოპერის ანალოგი?

 ქუთაისის ოპერა - ვენის ოპერის ანალოგი?

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა "ვარდების რევოლუციის" მე-7 წლისთავზე, 23 ნოემბერს იგეგმებოდა, მაგრამ... ღონისძიება 1 იანვრისთვის გადაიდო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციის გარიჟრაჟზე, "ვარდების ხელისუფლება" ქუთაისის ოპერის თეატრს ალმაცერად უყურებდა, - სამთავრობო კულუარებში მისი ყოფნა-არყოფნის საკითხიც კი განიხილებოდა - მაყურებელი ცოტა ჰყავს და არარენტაბელურიაო. მაგრამ, ბათუმის ოპერისა არ იყოს (სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ დიქტატორი აბაშიძე "ძალად ამღერებდა ბავშვებს"), საქართველოს ტურისტულ მექად ქცევის ლოზუნგმა ქუთაისის ოპერისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება შეცვალა.

მთავარი კი მაინც ის არის, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვენის ოპერის მცირე  ანალოგი იქნება: განახლდება დარბაზი, სახურავზე დაიდგმება 13 რომაული ქანდაკება და შეიცვლება ფასადი... ასე რომ, თუ პრეზიდენტ სააკაშვილს დავესესხებით: "ბათუმის ოპერა ევროპაში ყველაზე ლამაზი იქნება, ქუთაისისა კი - ვენის ოპერის ანალოგი", რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ "ვარდების რევოლუციის" მთავარი სლოგანი - "ყველაზე, ყველაზე" - უცვლელია.

რა მდგომარეობაშია ამჟამად ქუთაისის ოპერისა და ბალეტის შენობა? - ამ კითხვით მივმართეთ "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრ მამუკა მღვდელაძეს: - "ჯერჯერობით დასრულებულია ფასადისა და ფოიეს იმ ფრაგმენტის მშენებლობა, რომელიც ქუჩიდან ჩანს. სარემონტო სამუშაოები შუა გზაშია და, ალბათ, გაზაფხულამდე არ დასრულდება".

ცნობისათვის

ვენის სახელმწიფო საოპერო თეატრის მშენებლობა 1865 წელს დაიწყო, ავსტრიელი არქიტექტორების - ავგუსტა სიკარდა ფონ სიკარდსბურგისა და ედუარდ ვან დერ ნიულის პროექტით. შენობის მშენებლობა 1869 წელს დასრულდა და ამავე წლის 25 მაისს მოცარტის უკვდავი ოპერით "დონ ჟუანით" გაიხსნა. იგი მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრების ხუთეულში შედის.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"