პრეზიდენტმა ჩინოვნიკებს ქამრების შემოჭრა მოსთხოვა - სახელმწიფო მოხელეებს უარი უნდა ეთქვათ ფეშენებელურ სასტუმროებში ღამის გათევაზე, უცხოეთში ვიზიტებიც უნდა შეემცირებინათ, შედარებით ნაკლებლიტრაჟიან მანქანებზე გადმომსხდარიყვნენ... ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და საბოლოოდ, ქამრებშემოჭერილი ხალხი აღმოჩნდა. გაძვირებულ გადასახადებს, დედაქალაქში ტრანსპორტის გაძვირებაც მოჰყვა, რამაც ნახევარი თბილისი შოკში ჩააგდო. ახლა კი, ჯერი ბაგა-ბაღებზე მიდგა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან, ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება. ფასი, თვეში 35-80 ლარი იქნება. არადა, მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში, ძირითადად, ღარიბი ან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები დადიან. მდიდრებს ან ძიძა ჰყავთ დაქირავებული ან შვილი კერძო ბაღში დაჰყავთ. თუ ბაგა-ბაღი ფასიანი გახდა, ბევრი ოჯახი ბავშვის ბაღში ტარებას ვეღარც კი შეძლებს. არადა, ბევრი ოჯახისთვის ბაგა-ბაღი ბავშვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა - კერძო საუბრებში, ბაგა-ბაღების დირექტორები და პედაგოგები ამბობენ, რომ არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ბავშვს, ძირითადად, ბაღში კვებავენ. ასეთი ოჯახების უმრავლესობას, ღატაკის სტატუსი მართალია არ აქვს, მაგრამ ძალიან უჭირთ.
ინფორმაცია, რომ ბაგა-ბაღები ფასიანი ხდება, უკვე იციან ბაღების პედაგოგებმა და უხარიათ კიდეც, ხელფასები მოგვემატებაო. თუმცა, არავინ იცის, ძაღლის თავი სად არის დამარხული. ხელფასების მომატება არა, მაგრამ პედაგოგთა ნაწილი რომ უმუშევარი დარჩება და ბაღების ოპტიმიზაცია-შემცირება მოხდება, ამაზე უკვე საუბრობენ მერიისა და საკრებულოს კულუარებში.
თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ნოემბრის ბოლოს, ქუთაისში ათამდე საბავშვო ბაღის გამგეების დააპატიმრეს. მათი დაკავების მიზეზად, ამ სისტემაში არსებული კორუფცია სახელდებოდა. ამბობდნენ, რომ ისინი მშობლებისგან სხვადასხვა წრის, პროგრამის ფულს კრებდნენ და შემდეგ თანხას ითვისებდნენ. გამგეების დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში, იმერეთის გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ საგანგებო განცხადება გააკეთა: ამ სფეროში კორუფციული სქემა კარგა ხანია არსებობს და წესრიგს ერთხელ და სამუდამოდ დავამყარებთო!”. მაშინვე გამოცხადდა ბაღების სისტემაში რეორგანიზაცია და ითქვა ისიც, რომ ქუთაისის მერე, ეს პროცესი თბილისში არსებულ ბაღებსაც შეეხებოდა.
ბაღების რეორგანიზაციას კი, ჩანს, ფასიანად მათი გადაკეთება ჰქვია. ეს რომ ასე მოხდება, ”ვერსიასთან” საუბრისას, თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრი, ”რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელიც ადასტურებს. ”ორი დღეა ვარკვევ, რა ხდება საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. ჩემს შვილს გამოუცხადეს, იანვირიდან ბაღი ფასიანი გახდებაო. ასე მოხდა სხვა ბაღებშიც. სხვადასხვა ფასს გვეუბნებიან. როგორც გავარკვიე, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გარემონტებულია საბავშვო ბაღი, რა მდგომარეობაშია ამჟამად. მქონდა შეხვედრა საკრებულოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვატო ნაცვლიშვილთან. მან მითხრა, ბაღები ფასიანი გახდება, მაგრამ არა პირველი იანვრიდანო. სავარაუდოდ, ეს პირველი თებერვლიდან მოხდება. ბაგა-ბაღში, სადაც ჩემი შვილი დადის, გვითხრეს, მომავალი წლიდან, თვეში 35 ლარი უნდა გადაიხადოთო. ეს თანხა იმიტომ დაასახელეს, რომ შენობა არ არის კარგად გარემონტებული. რეალურად, ასეთი სიტუაციაა. 2011 წლის ბიუჯეტში ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი 12 მლნ მოიჭრა. ეს 12 მილიონი ჰაერში ვერ გაქრებოდა. მისი დაფარვის სამი ვარიანტი არსებობდა - ბაგა-ბაღებისა და პედაგოგების რაოდენობის შემცირება, ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის, ან გადასახადის დაწესება. მერია კომბინირებულ ვარიანტს შემოიტანს - ბაგა-ბაღები ფასიანი გახდება, თანამშრომელა რაოდენობაც შემცირდება და ამით ბიუჯეტში თანხებს გამოათავისუფლებენ. იქნება სამი კატეგორია - ”ა”, ”ბ” და ”ც”. ფასიც ამის და მიხედვით დადგინდება - სავარაუდოდ, 35, 50 და 80 ლარი იქნება. მერია თავს იკლავს, რომ ეს ტყუილია. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, იგივეს ამბობდნენ ტრანსპორტის გაძვირებაზეც, მერე კი, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს”.
თბილისის ბაგა-ბაღებში გადასახადის დაწესებას, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა იმედაშვილი უარყოფს: ”ეს ინფორმაცია ტყუილია. ბაღები ფასიანი არ გახდება! ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ინფორმაციით, ბაღები ფასიანი არ იქნება.”
დედაქალაქის ბაგა-ბაღების ფასიან მომსახურეობაზე გადასვლას, ბაღების დირექტორებიც უარყოფენ.
მაია ჭოხონელიძე, #119 ბაგა-ბაღის დირექტორი: ”ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ბაღი ფასიანი ხდება. ბაგა-ბაღები გაკეთდა იმისთვის, რომ უფასო იყოს და დაეხმარონ ადამიანებს. არ მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ბაღი ფასიანი ხდება. ეს ჭორია. თუ იქნება ფასიანი, იქნება თანადაფინანსება და ძალიან მიზერული გადასახადი, მაგრამ ეს ჭორის დონეზეა. როცა მექნება დადგენილება, მობრძანდით და ყველაფერს აგიხსნით.”
ეკა ვერულაშვილი, 67-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: ”არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენთან არ არის. არც დოკუმენტურად და არც სიტყვიერ დონეზე. მშობლებიც ძალიან სწუხან. მეკითხებიან, მაგრამ ვპასუხობ, რომ ჯერ მსგავსი რამ არ მსმენია და თუ ასეთ ინფორმაციას მივიღებ, პირველ რიგში, მათ შევატყობინებ. ჯერჯერობით, არც ამ თემაზე ყოფილა ლაპარაკი და არც თანამშრომლების შემცირებაზე.”
ანა გეგია, #2 ბაგა-ბაღის დირექტორი: ”არავინ მოსულა ჩვენთან და მსგავსი არაფერი უთქვამს. არც დოკუმენტი მომსვლია იმის თაობაზე, რომ ბაგა-ბაღები შესაძლოა ფასიანი გახდეს. ამჯერად, არც თანამშრომლების შემცირებაზეა საუბარი.”
თბილისის მერიის პრესსამსახურში კი ”ვერსიას” განუცხადეს, რომ ბაგა-ბაღების ფასიან მომსახურეობაზე გადასვლის საკითხი მერიაში საერთოდ არ განხილულა.
მართლაც, ტრანსპორტის გაძვირების მწარე გამოცდილების შემდეგ, ცოტა რთულია გჯეროდეს, რომ მერია ბაგა-ბაღების ფასიან მომსახურეობაზე გადაყვანის საკითხს არც განიხილავს. ”ვერსიას” სანდო წყარომ განუცხადა, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია, უბრალოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, საახალწლოდ ხალხის გაღიზიანება და ამ დღესასწაულის ჩამწარება არ გვაწყობსო. ამიტომ, იდეას სისრულეში იანვრის მერე მოიყვანენ. ალბათ, ისიც არაფერს წყვეტს, ბაგა-ბაღების ფასიანად გადაკეთების შესახებ ინფორმაციას დირექტორები რომ არ ადასტურებენ. ახლა, თითოეული მათგანი, თავის ადგილსა და ტყავს უფრთხილდება. სხვათაშორის, ”ვერსიამ”, თბილისის ბაგა-ბაღების ჩამოვლისას, ერთ-ერთ მათგანში, კედელზე გამოკრული განცხადებაც ნახა. ამ ფორმით აფრთხილებდნენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ამ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები წარედგინათ ბაღში. რაც თავისთავად, ამძაფრებს არსებულ ეჭვებს. როგორც ჩანს, სოციალურად დაუცველებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას აპირებენ, დანარჩენები კი გადასახადს ჩვეულებრივ გადაიხდიან. სხვათაშორის, მშობლების უმეტესობა ამბობს, რომ სხვადასხვა წრეზე ტარებისთვის, ფულს ისედაც გადაიხდიან. მაგრამ, ისეთი ოჯახებიც ხომ სამწუხაროდ უხვად გვყავს, რომლებიც თავს ამგვარი ფუფუნების უფლებას ვერ აძლევენ. ამიტომ, ხელისუფლების მხრიდან, ბაგა-ბაღების ფასიან მომსახურეობაზე გადაყვანა, მოქალაქეებისთვის, კატასტროფის ტოლფასი იქნება.
როგორც ”ვერსიამ” გაარკვია, თითოეულ ბავშვზე, ბაღში, ყოველთვიურად, დაახლოებით 66 ლარი ირიცხება. ამ თანხის ნახევარი ბავშვების კვებას ხმარდება, დანარჩენით კი, ადმინისტრაციული და კომუნალური ხარჯები იფარება. გამოდის, მერია, მომავალი წლიდან, მშობლებს ბავშვების კვების თანხებს გადაახდევინებს. პედაგოგების ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებს კი, ისევ თავად დაფარავენ.
ნინო ხარშილაძე
გაზეთი ”ვერსია”