თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. ოპოზიცია ამბობს, რომ ტრანსპორტის სფერო, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი წამყვანი ბიზნესი, ფარული მესაკუთრეების მეშვეობით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზების საფრთხე მართლაც რეალურია. როგორც ხიდაშელმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტენდერში გამოცხადებულ პირობებში თბილისის მერიის ინტერესების ამოკითხვა შეიძლება.
- ეს არის ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პირდაპირი შეზღუდვა... ხელისუფლების ახალი წესის თანახმად, ტენდერში გამარჯვება ხელისუფლებისთვის არასასურველი ბიზნესმენებისთვის მიუწვდომელი გახდება. ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი ბიზნესისთვის აკრძალული წესებით თამაშს განაგრძობს. ეს წესები ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მალე ამ ქვეყანაში ახალი წესები შეუძლებელს გახდის ე.წ. "მარშრუტკების" სფეროში მცირე მეწარმეობას. შედეგად მივიღებთ იმას, რომ საქართველოში ყველა სფეროს, მცირე თუ მსხვილ ბიზნესს, ნაციონალური მოძრაობა გააკონტროლებს. ისინი სრული მონოპოლიზაციისკენ ილტვიან, იმიტომ, რომ ქვეყანა თავიანთი საკუთრება ჰგონიათ.
- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- შემიძლია, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი დაგისახელოთ. კონკურსი მთელ თბილისში სულ 5 ლოტზეა გამოცხადებული. მაგალითად, ვაკე-საბურთალოს ლოტზე გასამარჯვებლად აუცილებელია ყოველდღიურად 554 ერთეული ავტომობილი, ხოლო საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის - 100 ათასი ლარია, საკონკურსო პირობების შესრულებას არანაკლებ მილიონ სამასი ათასი დოლარი სჭირდება, ხოლო სანებართვო პირობების შესრულებას - თითო ავტომობილზე 1200 დოლარი. ამ პირობების შესრულებას თბილისში სატრანსპორტო სფეროში დაკავებული კომპანიების უმეტესობა ვერ შეძლებს. შესაბამისად, ეს სფერო ფარული მესაკუთრეების საშუალებით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება.
- ქალბატონო თინა, ხელისუფლება ირწმუნება, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდება. აღნიშნულ ტენდერში თუ დევს ეს პირობა?
- ისინი წყლისა და გაზის გაძვირებასაც უარყოფდნენ, მაგრამ ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, მსგავსი ვალდებულება სატენდერო პირობებში ჩადებული არ არის. გამარჯვებულის გამოვლენისთვის ფასს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს, მნიშვნელოვანია ზოგადი პირობები, სამგზავრო მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა, რაოდენობა და საბანკო გარანტიის ოდენობა. ტარიფებზე იქ არაფერი წერია. მეტსაც გეტყვით, ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის სოციალურად დაუცველთა მგზავრობის სუბსიდირებაც.
- რა შეიძლება ოპოზიციამ ამ ინიციატივას დაუპირისპიროს?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ, დაპირების მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსებისთვის ახალი პირობები ისე დაადგინა და ტენდერიც ისე გამოაცხადა, რომ მე, როგორც საკრებულოს წევრმა, ამის შესახებ მხოლოდ მერიის ვებგვერდიდან შევიტყვე... ჩვენ ვეწინააღმდეგებით კიდევ ერთი მონოპოლიური ბიზნესის გაჩენას და მივმართავთ სპეციალურ კომისიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, - ტენდერის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს სატრანსპორტო მონოპოლიზაციისა და გაზრდილი ტარიფების შესახებ.
თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, რადგან ტარიფს ამ შემთხვევაში ბაზრის პრინციპები არეგულირებს. შესაბამისად, ფასის გაზრდის შემთხვევაში სამარშრუტო ტაქსებში მგზავრთა ნაკადი შემცირდება.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)