ლალი მოროშკინა მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად მითქმა-მოთქმის საგანი მისი ბიზნეს-საქმიანობა გახდა. 10 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" გახსნილი ბეწვეულის მაღაზია "მორო ქეი" გარემოსდაცვითი ორგანიზაციების სამიზნედ იქცა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა გასულ კვირას სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ბეწვეულის მაღაზიის გახსნის გამო შეშფოთებაა გამოთქმული.
"ან დასრულდეს ამაზე საუბარი ან მთელმა ქვეყანამ უარი თქვას ხორცის ჭამაზე... ღორიც, ძროხაც ცხოველია და მათ თუ ვჭამთ, ამით ვუფრთხილდებით გარემოს?!", - ასე პასუხობს კრიტიკას ახალგამომცხარი ბიზნესლედი.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
"ბეწვეულით ვაჭრობა XXI საუკუნის მსოფლიოში მიუღებელ, ბარბაროსულ საქმიანობად ითვლება და აღარ გამოიყენება მოდის ინდუსტრიის ლიდერების მიერ თანამედროვე მოდის ბიზნესში... ბეწვის მოპოვების გამო ცხოველებს იჭერენ ელექტროდენით, მომწამლავი აირით, ციანიდის ინექციით, დეკომპრესიით ან კისრის გადატეხით ხოცავენ. ხანდახან კი, როცა ზემოთ ჩამოთვლილი მცდელობებით მიზანს ვერ აღწევენ, ცხოველს ცოცხლად ატყავებენ... გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა ასეთი სასტიკი და არაეთიკური ბიზნესის მხარდაჭერა. ჩვენ უარს ვამბობთ თქვენს მაღაზიაში ამ ნაწარმის შესყიდვაზე. აგრეთვე, ვაცხადებთ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ ბეწვეულის ვაჭრობის წინააღმდეგ უწყვეტი ბოიკოტის მხარდასაჭერად", - ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში.
გაირკვა, რომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე ვერ დაუკავშირდნენ ლალი მოროშკინას. ambebi.ge არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის საინფორმაციო კოორდინატორს ანი ნემსიწვერიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ უშუალოდ მოროშკინასთან არ განუხილავთ მაღაზიის გახსნის საკითხი, მათ არც ის იციან, გაეცნო თუ არა მიმართვას განცხადების მთავარი ადრესატი.
აღმოჩნდა, რომ ლალი მოროშკინას ორგანიზაციის მიმართვა წაკითხული აქვს.
სკანდალურმა ჟურნალისტმა და ასევე სკანდალური წიგნის ავტორმა ambebi.ge-სთან საუბარი იმით დაიწყო, რომ არ აპირებს "არასამთავრობოების სისულელეებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას", თუმცა საუბარში გაირკვა, რომ მას საკუთარი პოზიციის გასამართლებლად არაერთი არგუმენტის წარდგენა შეუძლია, მეტიც, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოროშკინამ, შესაძლოა, CENN-ს სასამართლოში უჩივლოს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოროშკინა, სულ მცირე, 50 ათასი ლარის მიღებას ელოდება.
"მოკლედ, ამ ხალხს ჩემით უნდა გაპიარება რა... რამდენი მაღაზიაა თბილისში, სადაც ბეწვეული და ტყავი იყიდება, რატომ მანამდე არ ამოიღეს ხმა, მაგრამ ჩემი გამოყენება სკანდალისთვის უფრო ადვილია და ამიტომაც გამოაქვეყნეს ეს წერილი. თავისუფლად შემიძლია სასამართლოში ვუჩივლო და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მინიმუმ 50 ათასი ლარი მოვთხოვო.
”ქვეყნის არცერთ კანონს არ ვარღვევ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ჩვეულებრივად იყიდება ბეწვი, ტყავი... ამაში განსაკუთრებული რა არის? თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მათი გაყიდვა უნდა აიკრძალოს, მაშინ არც ხორცს უნდა ჭამდნენ, პირი არ დააკარონ საქონლის, ღორის, ქათმის ხორცს. რით არის ნაკლები ქათმის დაკვლა წაულის მოკვლაზე?", - უთხრა ambebi.ge-ს მაღაზია "მორო ქეის" მფლობელმა.
მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს ამ საკითხზე არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან პოლემიკაში არ ჩაერთოს, რადგან მისთვის ეს საკითხი ისედაც გადაწყვეტილი და შესაბამისად, დახურულია.
"თუ პარლამენტი აკრძალავს ტყავის და ბეწვეულის სამოსის და ფეხსაცმლის ტარებას, მაშინ მაღაზიასაც დავხურავ. ვივლით მაშინ ყველანი ცელოფნის ფეხსაცმლებით. ერთი კარგად შეიხედონ თბილისის მაღაზიებსა და ბაზრობებზე, ტყავსა და ბეწვს ვერსად ხედავენ?!", - ამბობს მოროშკინა.
"მორო ქეი" სამ პარტნიორის: ლალი მოროშკინას, რუსუდან ჰენკოკისა და ქეთევან ნეფარიძის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა.
"რუსუდან ჰენკოკი 10 წელია, ლონდონში ცხოვრობს, დიზაინის სფეროში მოღვაწეობს, არის ტაილანდში დიდი ბრიტანეთის ელჩის მეუღლე და ტყავისა და ნედლეულის მასალით სწორედ ის გვამარაგებს. შემდეგ ამ ნედლეულს ნინოწმინდისა და ხელვაჩაურის ქარხნებში ვაგზავნით და ადგილობრივი პროდუქცია სწორედ ასე იქმნება. ჩემი მეორე პარტნიორი "ქარვასლას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ნეფარიძეა", - აღნიშნავს ლალი მოროშკინა.
მოკლედ, როგორც გავარკვიეთ, მოროშკინა კრიტიკას თავდასხმით პასუხობს და უკან დახევას არ აპირებს.
მალხაზ ჭკადუა