როგორც შევიტყვეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი თბილისის სხვა უბანში გადააქვთ და ტერიტორიაზე, სადაც აქამდე ძეგლი იდგა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აშენდება.
მოვიპოვეთ ფოტომასალაც, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის მაკეტია გადაღებული. ამ ამბის მოსმენისას ნებისმიერი ადამიანი გაიოცებს, რას გადაეკიდნენ ამ ძეგლებს, აქეთ-იქით რომ დაატარებენო.
რაღა მაინცდამაინც ბარათაშვილის ხიდთან, დიდი ქართველი პოეტის ძეგლის ადგილზე მოუნდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შენობის აგება. ან სად აპირებენ ბარათაშვილის ძეგლის გადატანას? - ამ კითხვებით მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს, ნანუკა ზაქარეიშვილს მივმართეთ. რომელმაც გვითხრა, რომ ძეგლის გადატანის შესახებ არაფერი იცის და ეს ამბავი ჩვენგან შეიტყო.
ხოლო როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის მაკეტი გავუგზავნეთ, დაგვპირდა, ინფორმაციას დავაზუსტებთ და დაგიკავშირდებითო. მართლაც დაგვიკავშირდა: - ბარათაშვილის ძეგლი არსად გადავა და მის ადგილზე არაფერი შენდებაო.
- მაკეტის შესახებ რას გვეტყვით?
- ეს მაკეტი ვიღაცამ თავისი ინიციატივით გააკეთა. ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
ცნობისათვის
ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი 1975 წელს, ბარათაშვილის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დადგეს. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ბორის ცაბაძე. არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი და ვლადიმერ ქურთიშვილი.