"თბილისი ლაივის" პროდიუსერმა, მომხიბვლელმა ალინა არველაძემ, მეუღლე, "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიცნო, საქართველოში გამოჰყვა და დარჩა კიდეც...
ალინა გვიამბობს რატომ გადაიხადეს ქორწილი ღამის კლუბში, რას ვერ აფასებენ ქართველი ქალები უკრაინელებისგან განსხვავებით, და სად შეხვდება წყვილი ახალ წელს.
- ალინა, დედისერთა ხარ, მშობლებს არ გაუჭირდათ შენთან განშორება?
- მარტო მშობლებს არა - მეგობრებს და ნათესავებსაც, თუმცა ჩვენთან, კიევში, მშობლებს ისეთი გავლენა არა აქვთ შვილებზე, როგორიც საქართველოში, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდნენ.
- ქორწილი ღამის კლუბში რატომ გადაიხადეთ?
- გაუთავებელ სადღეგრძელოებს ავარიდეთ თავი, მხოლოდ მეგობრები მივიპატიჟეთ და ჩვენთვის, მყუდროდ გავერთეთ.
- პრეზიდენტი არ მიიწვიეთ ქორწილში?
- არა, განზრახ არ უთხრა გიორგიმ, - რომ მოსულიყო, ისე თავისუფლად ვეღარ ვიქნებოდით, ბევრს ვერ ვიცეკვებდით. ამ დღისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ, უბრალოდ, ხელის მოწერა აღვნიშნეთ - უკვე მთელი წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით.
- როგორც მივხვდი, გაუთავებელი სადღეგრძელოები არ მოგწონს. კიდევ რასთან გაგიჭირდა შეგუება?
- ნელ-ნელა ვეჩვეოდი ცხოვრების აქაურ რიტმს. აქ მეგობრების უფრო ფართო წრის ყოლაა მიღებული, ვიდრე უკრაინაში. ბავშვი რომ გავაჩინე და 20 კაცი შემომივარდა პალატაში, გადავირიე... ენობრივი ბარიერის გადალახვაც გამიჭირდა. ჩემი პატივისცემით კი საუბრობდნენ რუსულად, მაგრამ ყველაზე საინტერესოს მაინც ქართულად ჰყვებოდნენ. სულ ვიხვეწებოდი, მითარგმნეთ-მეთქი... მივხვდი, რომ ვიდრე ენას არ ვისწავლიდი, გიორგისიანი ვერ გავხდებოდი, ვერც ვერავისთან ვიმეგობრებდი.
- რატომ მოგწონთ უკრაინელ ქალებს ასე ძალიან ქართველი კაცები და პირიქით?
- უკრაინელ გოგონასთან ურთიერთობა უფრო ადვილია. ქართველი ქალები კი ამბიციურები ხართ, ბავშვობიდან ყურადღებას მიჩვეულები. ამიტომ ჯენტლმენობა და მამაკაცური საქციელი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენ კი ამას ძალიან ვაფასებთ. უკრაინელი მამაკაცი თავს ქალად ვერ გაგრძნობინებს... ჩვენ არ გვიჭირს სიყვარულის გამოხატვა და მამაკაცზე ზრუნვა - საუკეთესო თუ არ იქნები, შენზე უკეთესი სხვა გამოჩნდება, ჩვენ კი გვინდა, საყვარელი მამაკაცისთვის ყველაფერში საუკეთესოები ვიყოთ. თქვენთან კი ქალები, პირიქით, ამ ყველაფერს კაცისგან ითხოვენ.
- რით მოგხიბლა გიორგიმ?
- სიურპრიზებს რომ დავლოდებოდი, დღეს მისი ცოლი არ ვიქნებოდი (იცინის). გიორგის არ ახსოვს ღირსშესანიშნავი თარიღები, თუმცა შეუძლია, ნებისმიერ სხვა დღეს მოგიძღვნას საჩუქარი - მოუნდეს და იმიტომ. მე უფრო ყურადღებიანი ვარ, მისგან კი ბევრს არ ვითხოვ.
- თქვენი ვაჟი ნიკა უკვე სამი წლისაა. როგორი მამაა გიორგი?
- გიორგი ისეთი მზრუნველია, რომ ბავშვს ფაფასაც უკეთებს და ბანს კიდეც.
- ხომ არ ეჭვიანობს?
- ეჭვიანობს, მაგრამ ზომიერად. საბაბს არ ვაძლევ, ყველგან გადამღებ ჯგუფთან ერთად დავდივარ. ან - ვინ რას გამიბედავს (იცინის). სხვათა შორის, მოკლე კაბით რომ მხედავს, არ ბრაზობს. პირიქით, ის უფრო არ უყვარს, ჩვეულებრივად რომ გამოვიყურები - თბილისელ გოგოს ემსგავსებიო. მე უფრო ეჭვიანი ვარ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ყველაზე ვეჭვიანობდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ ეუბნებოდნენ, საყვარელოო, - ასე, ჩვენთან მხოლოდ საყვარელ კაცს მიმართავენ; ვამოწმებდი მის მობილურს, კომპიუტერს... ახლა ამ ყველაფერს მივეჩვიე.
- ალინა, ახალ წელს სად შეხვდებით?
- შინ, შემდეგ თავისუფლების მოედანზე დავესწრებით კონცერტს, მერე კი გავერთობით.
- გიორგი ცეკვავს ხოლმე ღამის კლუბში?
- გიორგი "დისკოს მოცეკვავეა". ხალხი ჯერ კიდევ კერძს მიირთმევს, გიორგი ცეკვას რომ იწყებს.
- რაზე კამათობთ ხოლმე?
- ვკამათობთ, როცა მის საქმეში ვერევი. ლანძღვაზე არ გადავდივართ. რატომ მითხარი ასე, რატომ მოიქეცი ასე, - ეს არის სულ ჩემი ჩხუბი. მერე გიორგი ჩემს ადგილს მიმითითებს ხოლმე (იცინის) და მეც ვჩუმდები.
- ალინა, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება კიევშიც გქონდა?
- არავითარი. გიორგი რომ "იმედის" დირექტორი გახდა, ყველა საქმეში ჩართული ვიყავი. ჰოდა, მკითხა, შენც ხომ არ დაიწყებდი რამის კეთებასო. გადაცემას "ღამე შორენასთან" მე ვერ მივიწერ, ჩემი იდეა არ ყოფილა. გიორგის სურდა, ყოფილიყო გადაცემა სექსზე და ეს გაკეთდა. "თბილისი ლაივი" კი ჩემი იდეაა. ეს ის არის, რისი ნახვაც სულ მინდოდა.
- როგორც ვიცი, ამ გადაცემის წამყვანად ორი გოგონა განიხილებოდა..
- მართალი ხარ, მაგრამ თიკო სადუნიშვილივით თავისუფალი, მხიარული და ლაღი მეორე გოგონა ვერ ვნახეთ. სხვათა შორის, მისი კანდიდატურა გიორგიმ შემომთავაზა.
- ამბობენ, რომ ახალი პროექტი მზადდება, რომლის წამყვანიც შენ იქნები...
- პოპულარობა ჩემი თვითმიზანი არ არის, მსიამოვნებს ჩრდილში მუშაობა, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც ენობრივი ბარიერია. მოფიქრებული გვაქვს პროექტი, რომელზეც ჯერ ვერ ვილაპარაკებ; მთავარია, გაკეთდეს. რუსულ ენაზე რომ იყოს გადაცემა, ხვალვე დავჯდებოდი ეთერში.
- მართალია, რომ გიორგის ადგილს მალე ნანუკა ჟორჟოლიანი დაიკავებს?
- ნანუკა თავის საქმეს აკეთებს, გიორგი კი არსად წასვლას აპირებს. ჩემზე უკეთესად თუ ვინმემ იცის, რა ხდება "იმედში", ვერ გეტყვით.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)