"თუშეთში ისტორიული ციხე-კოშკები ინგრევა!"

 "თუშეთში ისტორიული ციხე-კოშკები ინგრევა!"

"თუშეთს უამრავი პრობლემა აქვს, რომლებსაც კიდევ ერთი დაემატა - ამ მხარეში ისტორიული ციხე-კოშკები ინგრევა!" - ამბობს "კონსერვატიული პარტიის" თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი, რომელიც საქართველოს ულამაზესი კუთხის, თუშეთის პრობლემებზე გვესაუბრება:

- კარგა ხანია თუშეთი სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თუშეთს ძალიან ძვირი დაუჯდება. ახლავე აგიხსნით, რატომ: როდესაც ესა თუ ის ტერიტორია დაცულად ცხადდება, იქ ბევრი რამ იკრძალება, არ შეიძლება დაცულ ტერიტორიაზე მოიპოვოთ წიაღისეული, საშენი მასალა და ა.შ. თუშები კი საშენ მასალად ოდითგანვე "სიპ ქვას" იყენებენ, რომელიც ადგილობრივ კარიერებზე მოიპოვება. მათი წინაპრებიც ამ ქვით აშენებდნენ თავდაცვით ნაგებობებს. სხვა საშენი მასალა იქ პრაქტიკულად არ არსებობს. თუშეთს გეოგრაფიული მდებარეობაც ისეთი აქვს, რომ შეუძლებელია იქ ბარიდან აიტანო საშენი მასალა. ამიტომაც, მოსახლეობა, რომელსაც აკრძალული აქვს საშენი მასალის მოპოვება, იძულებული შეიქნა. ისტორიული და კულტურული ძეგლები დაანგრიოს.

- ბატონო გიორგი, ამის აღსაკვეთად რა ღონისძიებებს მიმართავს ადგილობრივი ხელისუფლება?

- მთა-თუშეთი ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სამწუხაროა, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით მიმდინარეობს ტურიზმის პროპაგანდა და თუშებიც ცდილობენ ახალი, თანამედროვე ტიპის სასტუმროები ააშენონ, ხელისუფლება კი იმასაც არ აძლევს კარიერიდან საშენი მასალის მოპოვების უფლებას, ვინც ახალ სასტუმროს აშენებს. არავინ იცის, ეს ხელისუფლების უნიათობაა თუ მიზანმიმართული მოქმედება, მაგრამ ფაქტია: თუშეთში ისტორიული ძეგლები ნადგურდება. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: რის სანახავად შეიძლება ჩამოვიდეს იქ ტურისტი თუ ისტორიული ძეგლები აღარ იქნება? ან როგორ უნდა იქცეს საქართველო ტურისტულ ქვეყნად, თუ ჩვენს სიძველეებს ასე უმოწყალოდ, ერთი ხელის მოსმით გავანადგურებთ? 

თუშეთში თუ ჩახვალთ, ყველა გეტყვით, რომ ბოლო წლებში არავის უნახავს კარიერიდან მოპოვებული ქვითა და ფიქალით აშენებული სასტუმრო. იქ სისტემატურად მიმდინარეობს ისტორიული და კულტურული ძეგლების დემონტაჟი და ამ მასალით აშენებენ თანამედროვე ტიპის სასტუმროებს. ძალიან კარგია, რომ სასტუმროები შენდება, მაგრამ რის ფასად ხდება ეს ყველაფერი?! ორიოდე მაგალითს მოგიყვანთ: წოვათის ხეობაში არის სოფელი ინდურთი, სადაც დაინგრა ციხე და მის ნაცვლად სასტუმრო აშენდა! ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ წაროშიც.

ეს სოფელი პრაქტიკულად დანგრეულია, სამაგიეროდ იქ რამდენიმე თანამედროვე ტიპის სასტუმროა წამოჭიმული. სხვათა შორის, თუშებს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც შეუჩივლიათ, იქნებ დაგვრთოთ ნება, რომ საშენი მასალა ადგილობრივი კარიერებიდან მოვიპოვოთო, მაგრამ ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში მტკიცეა - ეს არის დაცული ტერიტორია და დაცულ ტერიტორიაზე იკრძალება საშენი მასალების მოპოვება. თუმცა, როდესაც ისტორიული თუ კულტურული ნაგებობის დემონტაჟზე მიდგება საქმე, ხელისუფლების პრინციპულობა სადღაც ქრება, შეგნებულად თუ შეუგნებლად ყველა თვალს ხუჭავს და პასუხი არავის მოეთხოვება.

- საწყენია, რომ თვითონ მოსახლეობაც ხელს უწყობს ამ პროცესს.

- როგორც გითხარით, მოსახლეობა იძულებულია ასე მოიქცეს. ყველამ იცის, რომ თუშეთში ძალიან მძიმე საცხოვრებელი პირობებია და ხალხი ფიქრობს, რაღაცით მაინც ირჩინოს თავი. ამიტომაც ცდილობენ სასტუმროების აშენებას. ხელისუფლებაც ხელს უწყობს, კრედიტებს აძლევს, ჩვეულებრივი მოსახლე ფულს იღებს ბანკში და საშენი მასალა რომ არა აქვს, ანგრევს თავის მამაპაპურ ციხე-კოშკს, ისტორიულ ძეგლს და აშენებს ახალ სასტუმროს. სამწუხაროა, მაგრამ მივიღეთ ასეთი შედეგი, რომლის გამოც განგაშის ზარი უნდა შემოჰკრას ყველამ!

თუ გსმენიათ, რომ რომელიმე კოშკს ან რომელიმე ისტორიულ ნაგებობას თუშეთში რესტავრაცია ჩაუტარეს? სამწუხაროდ, მე ასეთი რამ არ მსმენია და ნებისმიერ იქ მცხოვრებსაც რომ დაელაპარკოთ, გეტყვიან იმას, რასაც მე გეუბნებით - ხელისუფლება არაფერს აკეთებს თუშეთში არსებული ისტორიული, კულტურული ძეგლების გადასარჩენად, მით უმეტეს, რომ ეს არის დაცული ძეგლები...

- როგორ ცხოვრობენ, რა მდგომარეობაში არიან თუშები?

- ხელისუფლების უნიათობის გამო თუშები თავს მიტოვებულად გრძნობენ. ზამთარში იქ გზა იკეტება და მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით შეიძლება ასვლა. ხშირია შემთხვევა, როდესაც პროდუქტი არა აქვთ, ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიაც არ არის და მოსახლეობა იძულებულია, საცხოვრებლად ბარში ჩამოვიდეს. იქ დარჩენილები კი სასტუმროების იმედად არიან, სჯერათ, რომ საქართველოში ტურიზმი განვითარდება და თუშეთსაც ეშველება.

ჩემ მიერ ხსენებულ სოფელ წაროში მოსახლეობა არ არის, ინდურთში კი რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი. ბევრმა ოჯახმა მიატოვა თუშეთი და მხოლოდ ზაფხულში ადის იქ. სხვათა შორის, თუშები უშიშრად ჰყვებიან საკუთარ გასაჭირზე. "ნაციონალური" არხები არ აჩვენებენ, თორემ ამ მხარეში პრობლემას რა გამოლევს?! ეტყობა, ხელისუფლებისათვის პრიორიტეტი საკუთარი მოსახლეობის გასაჭირი კი არა, სასტუმროების მშენებლობაა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"