მწერალი რეზო მიშველაძე ქართულ საზოგადოებას ზომიერების შენარჩუნებას ურჩევს. მისი თქმით, შეფასებათა გადაჭარბება ჩვენს წარსულსა და ისტორიაშიც იგრძნობა, რაც ხშირად უცხოელი ისტორიკოსებისთვის საქილიკო თემა ხდება... მწერალს საკუთარი პოზიცია აქვს ასი ათასი ქართველი მოწამის თავის მოკვეთის შესახებაც, რომელსაც ნოველაც მიუძღვნა. ამ ნოველამ კი საზოგადოებაში ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
- "ჩურჩულს გადაჩვეული კაცი", რისი თქმა გინდოდათ საზოგადოებისთვის ამ ნაწარმოებით?
- ამ ნაწარმოებში დღევანდელობა სხვადასხვა რაკურსით არის დანახული. ბოლო დროს ჩვენმა ქვეყანამ ორი სისხლისმღვრელი და წამლეკავი ომი გადაიტანა მსოფლიოს უზარმაზარ მონსტრთან, რომელსაც რუსეთი ჰქვია. გარეშე მტრის წინააღმდეგ ქართველები, ასე თუ ისე, ერთიანი ვართ, მაგრამ როცა შინაომში ერთმანეთს ვუპირისპირებდით, გარეშე მტერზე მეტ ზიანს ვაყენებთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, საქართველოში სამოქალაქო ომი დღემდე გრძელება. როგორც ჩანს, ჩვენ მოსვენება არ გვიწერია.
ვეცადე, დღევანდელი რეალობის ყველა გმირი უკლებლივ შემომეყვანა და გამეცოცხლებინა ჩემს ნაწარმოებში. ასევე გადმოცემული მაქვს სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე მოქალაქის დამოკიდებულება საქართველოსადმი. ამ ვითარებაში კი ერთი ადგილობრივი ადამიანის ცხოვრებაა გადმოცემული, რომელიც ერის შეძახილისა და გამოღვიძების სურვილით არის გაჟღენთილი. ეს ადამიანი თავის მოქალაქეობრივ ვალს პირნათლად იხდის და ამასობაში კი თანდათან ჩურჩულს გადაეჩვია... საერთოდ, ქართველებს ნერვიული საუბარი დაგვჩემდა და როდის დავმშვიდდებით, კაცმა არ იცის, იმიტომ, რომ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ვითარებაა არანორმალური.
- ბევრმა ისიც თქვა, რომ თქვენ მართლმადიდებლურ სიწმინდეებში ეჭვი შეიტანეთ...
- არ არის ასე, ჩემს ნოველაში, - "თავების ჭრა ძნელი საქმეა", დაკონკრეტებული არ მაქვს ეპოქა, არც ასი ათასი მოწამე მიხსენებია, მათ სახელზე, როგორც ქრისტიანი, ყოველ წელს სანთელს ვანთებ. იმ ჩემს ნოველაში ცოტა ირონიაა, ერთი დღის განმავლობაში ასი ათასი ადამიანისთვის თავი როგორ უნდა მოეკვეთათ, წარმოუდგენია ვინმეს?!. ჩემს ნოველაში მაქვს დახატული უზარმაზარი რიგი, სადაც ერთ მხარეს თავმოსაკვეთი ადამიანები დგანან, მეორე მხარეს კი ნაჯახშემართული ჯალათები და ეს ჯალათები გაწამებული არიან, - დაგვაწყდა მკლავები, მეტი აღარ შეგვიძლია და იქნებ, შეგვცვალოს ვინმემო... დიახ, ამას ირონიით ვამბობ და ეს ირონია იცით, რამ გამოწვია? - მაშინ, როცა მუდმივად იმის მტკიცებაში ვართ, ქართველის ბუნებაში მეომრის სულია ჩაბუდებული, ამდენი ხალხი რომ ცხვარივით იდგა რიგში და თავის მოკვეთას მორჩილად ელოდებოდა, მე, ერთმა ქართველმა მწერალმა, მთლად საამაყო საქმედ ვერ მივიჩნიე... რატომ არ აღმოჩნდა მათ შორის ისეთი, ვინც დანარჩენებს მოუწოდებდა, - გაიღვიძეთ, ხალხო და ამ არამზადებს შევუტიოთო?!.
- ანუ თქვენ იმ წამებულ ქართველთა მორჩილებამ გაგაოცათ, თუ ეს ფაქტი მიგაჩნიათ დაუჯერებლად?
- რახან ეს რელიგიურ დღედ იქცა, რა უფლება მაქვს, რომ არ მჯეროდეს, მაგრამ თქვენ არ გიჩნდებათ ეს შეკითხვა?!. მით უფრო, იმ ეპოქიდან დღევანდელობამდე ერთი ნაბიჯია... მაწუხებს ისიც, რომ დღევანდელი საზოგადოება ნეტარებით ხვდება ამ ფაქტს. შემგუებლობა იგრძნობა ყველასთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაშიც... რუსეთი დიდია, მაგრამ ჩვენ დიდ ქვეყანასაც შევრკინებივართ და მე რელიგიური კრიტიკით კი არა ვარ დაკავებული, ჩემი კალმითა და სიტყვით ხალხს თანამედროვე პარტიზანული ომებისკენ მოვუწოდებ... გარდა ამისა, იმ პერიოდში ასი ათასი მოწამის თავის მოკვეთაა აღწერილი, თბილისში კი ალბათ სულ ამდენი ადამიანი ცხოვრობდა და ყველა მოწამე იყო?!. ქართველებს ხანდახან ზომიერება გვღალატობს. თუნდაც მაშინ, როცა ვამბობთ, დიდგორის ომის დროს დავით აღმაშენებელმა 400-ათასკაციანი თურქ-სელჩუკების ლაშქარი, 60 ათასი მეომრით დაამარცხაო... იმ ომში დავით აღმაშენებლის ომის კანონების ღირსეულმა ცოდნამ გაიმარჯვა, მაგრამ მტრის რიცხოვნობა მართლაც რომ გადაჭარბებულია... როცა ასეთ რაღაცებს ვწერთ, უცხოელი ისტორიკოსები ირონიულად იღიმებიან. ამიტომ, მე ჩემს ხალხს, ქართულ საზოგადოებას ზომიერებისკენ მოვუწოდებ.
- საახალწლო ზეიმებზე რას გვეტყვით, ბატონო რეზო?
- ასევე გადაჭარბებული იყო. ვიღაცის "პახმელიაზე" როდემდე უნდა ვიაროთ ამ ილაჯგაწყვეტილმა, მშიერ-მწყურვალმა, ინფლაციითა და პროდუქტებზე ფასების ყოველდღიური ზრდით შეძრწუნებულმა ქართველებმა? ჩემს მოწონება-არმოწონებაზე ვინ დადის, მაგრამ მაინც გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას შეცვლილ და განათებულ სვანეთთან დაკავშირებით: - ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მოკლე დროში აეროდრომის აშენება შესაძლებელი იყო. იმ ღამეს, როცა სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა, ვინატრე, ნეტავ უფრო ახალგაზრდა ვიყო, ჩავიდოდი მესტიაში-მეთქი. მე მოთხილამურე ვარ და იმ საბაგირო გზებს ვნახავდი... სათხილამურო ტრასების გაკეთება ისეთი ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რომ ჩვენ კი არა, უფრო გამართული ეკონომიკის მქონე ქვეყნები ვერ ახერხებენ მის გაკეთებას... როგორ შეიძლება ანაკლია, სიღნაღი და გალამაზებული ქუთაისი არ მომწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მომსახურე ქვეყნად გადაქცევა მომწონდეს...
- ბატონო რეზო, ბოლო დროს საზოგადო მოღვაწეები კატეგორიებად არის დაყოფილი: - ხელისუფლებისგან გადაბირებული, ოპოზიციას მიმხრობილი და ნეიტრალური პოზიციის მქონენი... როგორ ფიქრობთ, თქვენ რომელს მიგაკუთვნებთ საზოგადოება?
- მწერალი, თუკი ის ჭეშმარიტად ემსახურება თავის საქმეს, სიტყვა გადაბირებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ის ვერც ხელისუფლებამ უნდა ჩააყენოს თავის სამსახურში და თავის ყურმოჭრილ ყმად არ უნდა აქციოს, მწერალი არც ოპოზიციის აზრის გამხმოვანებელი არ უნდა იყოს. მე ხანდახან მეცოდება ამ მატყუარა პოლიტიკურ პარტიებს შორის ჩამდგარი მწერალი.
- რაც შეეხება, მესამეს, ნეიტრალურს, ანუ იმ ნაწილს, ვინც რეალობას ობიექტურად აღიქვამს...
- იცით, ამ ბობოქარ სიტუაციაში, სადაც ზოგჯერ ერთი ხმის შემშველებელი ბევრ რამედ ღირის, ნეიტრალურობა სახარბიელოდ და საქებრად არ მიმაჩნია...
- რატომ?
- იმიტომ, რომ იმ გაწამაწიაში, რომელიც დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოშია, როგორც ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური, ისე ხელოვანსაც არ შვენის ჩუმად ყოფნა და მეც ვარ მწერალი, რაც ერის მრჩეველსა და კეთილ ოპოზიციონერს ნიშნავს... მიმაჩნია, რომ შუაკაცი ვარ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ვცდილობ, ხელისუფლების კეთილი ნამოქმედარიც არ დავუმალო და ვამცნო ხალხს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)