"არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ, არამედ სახელისა შენისა სადიდებლად!" - ეს დევიზია, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ ჩვენი დროის სულიერ-მხედრული საძმოს "საქართველოს ტაძრის რაინდების", იმავე "ტაძრელების" შესახებ დღეს ცოტამ თუ იცის. მათი პრინციპების თანახმად, საქმე არ უნდა გაკეთდეს ისე, რომ პერსონალურად მიეწეროს რომელიმე მათგანს. ისინი ცდილობენ, უხმაუროდ ემსახურონ საქართველოს, სამეფო ტახტსა და ქართველ ერს. რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი მეთაურის ავტორიტეტი მათთვის, ქრისტეს ტაძრის მცველთათვის განუზომლად დიდია.
"ტაძრის რაინდების", "ტაძრელთა საძმოს" არსებობის შესახებ შემთხვევით შევიტყვეთ შობის დღესასწაულზე, როდესაც საშობაო ლიტურგიის დროს პატრიარქის სიახლოვეს გამორჩეულად ჩაცმული (წითელჯვრიანი თეთრი მოსასხამებით და წელზე მახვილით) მამაკაცების მცირე ჯგუფი შევნიშნეთ. ამ ჩაცმულობას ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მემატიანის აღწერით, დიდგორის ომში, როცა იყო "ძლევაი საკვირველი" და ქართველი მხედრობა ეკვეთა დიდძალ მტერს, ქართულ ლაშქარს თეთრად შემოსილი წმინდა გიორგი მიუძღოდა. თეთრი, მოგეხსენებათ, სიმბოლურად, სიწმინდეს განასახიერებს. მისი ეს მნიშვნელობა და წმინდა გიორგის ხუთჯვრიანი დროშა დაედო საფუძვლად იმდროინდელ რაინდთა და უკვე ჩვენი დროის "ტაძრელთა" ჩაცმულობას.
"ტაძრელთა" სიმბოლოსაც დაახლოებით ასეთივე დატვირთვა აქვს - შუაზე გაყოფილი ფონის ქვედა ნაწილი შავია, ზედა - თეთრი და ზედ 5 წითელი ჯვარია გამოსახული. ანუ, ღმერთის შემწეობით, თეთრი, სუფთა, წმინდა იმარჯვებს შავ, ბოროტ ძალებზე. ყველა რაინდი ჭედური ფოლადისგან დამზადებულ მახვილს ატარებს, რომელიც რკინას ჭრის.
საქართველოს მხედრული საძმოს მიზნები ისეთი ფასეულობების სიფრთხილითა და სიფხიზლით დამკვიდრება და განმტკიცებაა, როგორიც არის პატრიოტიზმი და უფლის რწმენა; ქართული ეკლესიის, სახელმწიფოსა და ერის დაცვა; "ტაძრელთა" გმირობების დიდებული მაგალითების არდავიწყება; მტერთან ბრძოლა და ქრისტეს საფლავის დაცვა. მხედრული საძმოს მოქმედება ასევე მიმართულია ტრადიციულ და ისტორიულ გამოკვლევებზე, ჰერალდიკაზე, რაინდულ ხელოვნებასა და "ტაძრელთა" სიმბოლოების შესწავლა-გავრცელებაზე.
"2011 წლის 7 იანვრიდან ტაძრელთა საძმომ - O.S.M.T.G. (Ordo Supernus Militaris Templei Georgia - სიტყვასიტყვით ითარგმნება ასე: საქართველოს ტაძრის მხედართა უზენაესი საძმო) - მიიღო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევა. ამ დღიდან "ტაძრელთა" საძმოს - O.S.M.T.G. - მიღებული აქვს სრული ლეგიტიმიზაცია როგორც საქართველოს ეკლესიისგან, ასევე საქართველოს სახელმწიფოსგან. ვართ მსოფლიოს უდიდესი ქრისტიანული მულტიორდენის ასოცირებული წევრი, რომელსაც აქვს წარმომადგენლობითი ოფისი გაეროში", - გვითხრა "ტაძრის რაინდების" მწიგნობართუხუცესმა და სპა-ლეგიონის კანცლერმა დიმიტრი ყიფიანმა და დასძინა: "2010 წლის დეკემბერში გვაკურთხეს უძველესი ქართული სამეფოს დროის წესით. ასეთი კურთხევა რამდენიმე საუკუნეა არ ჩატარებულა საქართველოში. გვაკურთხეს როგორც ქრისტეს ლაშქარი, ქრისტეს მხედრობა და ამასთანავე, ბაგრატოვანთა მხედრობა. მოგვეცა უდიდესი პატივი და ნება დაგვრთეს სამების საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების წირვებზე საკურთხეველსა და პატრიარქის ტახტთან დგომისა. ბევრი მსგავსი ორგანიზაცია და საძმო ვერ აღწევს ამას. ეს დიდი მადლია და ჩვენ სრულად ვიზიარებთ დაკისრებულ პასუხისმგებლობას".
მხედრულ საძმოს საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის თავისი ხედვა აქვს: მათი სისტემით, სახელმწიფო იყოფა საწინამძღოლოებად, რომლებიც, თავის მხრივ, დაყოფილია დიდ სამეთაუროებად ან სამეთაუროებად.
ყოველ რეგიონს მართავს მხედარი, რომელიც იწოდება წინამძღოლად, ხოლო დიდ სამეთაუროს მართავს მხედარი, რომელსაც დიდი მეთაური ეწოდება.
მხედრულ საძმოში მოქმედებს იერარქია: მემამულენი; ახალმორწმუნეები (საძმოს ჭაბუკები და ქალწულები); საძმოს მხედრები და მსახურები; საძმოს სამართლიანობისა და მოწყალების რაინდები, საძმოს ქალბატონები; დიდი ჯვრის რაინდები.
რაც შეეხება ჩაცმულობას, ჭაბუკები ატარებენ თეთრ მოსასხამს ყავისფერი სარჩულით და ყავისფერ კაბას წითელი ჯვრით, მხედრები - თეთრ მოსასხამს შავი სარჩულით და შავ კაბას წითელი ჯვრით.
დაწესებულია ასაკობრივი ცენზი. მემამულისათვის - 18 წელი; ახალმორწმუნეებისათვის - 21; მხედრებისთვის - 25; რაინდებისათვის - 30; დიდი ჯვრის რაინდებისთვის - 40; კაპიტულის (ხელმძღვანელი ორგანოს) წევრისთვის - 45.
ორგანიზაციაში გაწევრება საკმაოდ რთულია. შეკითხვაზე, ვის აქვს უფლება გახდეს ორგანიზაციის წევრი და არის თუ არა აუცილებელი არისტოკრატიული წარმომავლობა, ორდენის დიდი მეთაურის, თეიმურაზ თუმანიშვილისგან ასეთი პასუხი მივიღე: "მთავარია, პიროვნება ბუნებით, შინაგანად იყოს არისტოკრატი. საძმოში შესვლის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს განსაკუთრებულ მოთხოვნებს და შეეძლოს დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. აუცილებელია აბსოლუტური წესიერება პირებისა, რომლებიც მიეკუთვნებიან ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ქრისტიანულ რწმენას, სამშობლოსადმი თავდადება და სახელმწიფოს კანონებისა და საზოგადოებრივი ვალდებულებების პატივისცემა. ეს - რაც შეეხება საძმოში მიღებას, მაგრამ პირი შეიძლება იყოს საძმოს წევრი და ვერასდროს ეკურთხოს რაინდად, ვერ გამოავლინოს საკმარისი უნარი და დარჩეს ახალმორწმუნედ. ეს არ არის ხელოვნური სელექცია, დროთა განმავლობაში თავისთავად, ბუნებრივად იკვეთებიან ღირსეულნი".
ორგანიზაცია პატრიარქმა აკურთხა როგორც ქრისტეს მხედრობა და ამასთანავე, ბაგრატოვანთა მხედრობა. ისინი აღიარებენ და მხარს უჭერენ მონარქიულ წყობას.
სიმონ კოპაძე, ტაძრელთა კაპიტულის რაინდი, საქართველოს ლეგიონის "სამეფო გვარდიის" მეთაური: "ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სახელმწიფოს სათავეში პოლიტიკურად ნეიტრალური პირის ყოფნა, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება სახელწიფოს სიმბოლო, მეორე მხრივ - არბიტრი პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რადგან მხოლოდ მირონცხებულ მეფეს შეუძლია იყოს ურღვევი ხიდი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. უავტორიტეტო ეპოქაში ვცხოვრობთ".
საძმოს განცხადებით, "ტაძრის რაინდთა მხედრული საძმო" 2010 წელს შეიქმნა და თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებაში სუვერენული ორგანიზაციაა, რომელიც იცავს სახელმწიფოს კანონებს".
მაგრამ მანამდე იყო საქართველოს ლეგიონი...
2002 წელს თბილისში შეიკრიბა ჯგუფი, რომლის წევრთა რწმენით, საქართველოში დადგა დრო, რომ შექმნილიყო ძირძველ ტრადიციებზე
დაფუძნებული, ქრისტიანული რწმენის, სამხედრო-პატრიოტული რაინდული ტიპის ორგანიზაცია. ამ ტრადიციებში იგულისხმება მრავალი ჩვენი წინაპრის ერის, სამეფო ტახტისა და ეკლესიის უანგარო მსახურება. ჩამოყალიბდა ამოცანებიც.
სწორედ "საქართველოს ლეგიონის" უმაღლესი შემადგენლობა არის ტაძრის რაინდთა მხედრული საძმოს ბირთვი. ეს ერთგვარი ზედა ლიგაა.
"საქართველოს ლეგიონის" პრინციპები დუმილის ფიცს არ ითვალისწინებს, ამიტომ "საქართველოს ლეგიონის" მეთაურთან, რომელიც, ამასთანავე, "ტაძრელთა" დიდი წინამძღოლიც არის, ინტერვიუც ჩავწერეთ:
თეიმურაზ თუმანიშვილი: - "საქართველოს ლეგიონს" უდიდესი ისტორია აქვს. პირველად იგი 1817 წელს შეიქმნა. შემდეგ ლეგიონერები ყირიმის ომის (1853-1856 წ.) დროს შეიკრიბნენ. XIX საუკუნეში ლეგიონი პერიოდულად შედიოდა რუსეთის საიმპერიო ჯარში, როცა ამას მოითხოვდა სამხედრო სიტუაცია კავკასიაში. შემდეგ შლიდნენ. მომდევნო აღდგენა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს მოხდა. ლეგიონი მხოლოდ XX საუკუნეში, ქართული ემიგრაციისა და ბაგრატოვანთა სახლის მონაწილეობით იქცა სერიოზულ პატრიოტულ, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ორგანიზაცია-შენაერთად. ამას ხელს უწყობდა გერმანიის სახელმწიფო I და II მსოფლიო ომების დროს.
"სამხედრო პატრიოტული ალიანსის - საქართველოს ლეგიონის" ძირითადი მიზნებია ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განათლება სხვადასხვა მიმართულებით, სარწმუნოების განმტკიცება, ნიჰილისტური განწყობის დაძლევა საზოგადოებაში, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვა-აღორძინება და სხვა.
- ვინ არიან "საქართველოს ლეგიონის" დამფუძნებლები?
- მათი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. შეიკრიბა ენთუზიასტთა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებისაგან და მოიცავდა ძალოვანი უწყებების მთელ სპექტრს. მიმდინარეობდა ბავშვთა სახლებისა და საშუალო სკოლების დირექტორებთან მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს ნებართვით. სრულყოფილ ოჯახში გაზრდილ და ქუჩის სკოლაგავლილ ბავშვთა ინტეგრაცია ჩვენი პროგრამის დიდ პლუსად მიმაჩნია. სწორედ ამ ბავშვებმა 2004 წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პირველ ლეგიონერად დაასახელეს და მას საპატიო ლეგიონერის წოდება მიენიჭა. ევროპაში მსგავსი ორგანიზაციების მიერ ქვეყნის პირველი პირისათვის ამ ტიტულის მინიჭება ტრადიციაა.
- როგორც ვიცი, სახელმწიფო უწყებები, განსაკუთრებით - თავდაცვის სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობდნენ თქვენთან, მაგრამ შემდეგ კონტაქტი გაწყვიტეს.
- ორგანიზაციის იურიდიული მისამართი დღემდე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბია. ჩვენი სამხედრო სწავლა და შეკრებებიც კოჯრის სპეცბატალიონის ტერიტორიაზე იმართებოდა. თავდაცვის სამინისტრომ ჩვენთან ურთიერთობა 2006 წელს, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში გაწყვიტა. ალბათ, იმ მიზეზით, რა მიზეზითაც კადეტთა ლიცეუმი დახურეს. სხვათა შორის, ლიცეუმის დახურვის შემდეგ კადეტთა ნაწილი ლეგიონში გადმოვიდა.
- სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერის გარეშე ლეგიონს გაუჭირდა არსებობა და, ფაქტობრივად, შეწყვიტა მუშაობა. რამ გამოიწვია ბოლო პერიოდში თქვენი გააქტიურება?
- თავდაპირველად ისე გვიყურებდნენ, როგორც შერეკილებს, რადგან ყველაფერს შიშველი ენთუზიამის ხარჯზე, საკუთარი სახსრებით ვაკეთებდით. ბოლოს იქამდე მივედით, რომ ვებგვერდიც კი გაგვიუქმდა, მაგრამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა და აღმაშფოთებელმა მოვლენებმა გვიბიძგა ლეგიონის საქმიანობის განახლებისკენ. საქართველოში არსებობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 50-ზე მეტი დაწესებულება. ყოველ დაწესებულებაში 40-60 ბავშვია. ეს ბავშვები სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ ვერსად მიდიან და შავი სამყაროს პოტენციურ რეზერვს ქმნიან. ჩვენ თავის დროზე შევიმუშავეთ ორგანიზაციის მოდელი, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ ბავშვების აღზრდას სამხედრო და არა მხოლოდ სამხედრო სისტემით. მთელ მსოფლიოში ამ კატეგორიის ახალგაზრდები არიან ძირითადი ბირთვი ძალოვანი სტრუქტურებისა. სწორედ ეს იყო ჩადებული საქართველოს ლეგიონის იდეაშიც. ოფიცრები უნდა გაზარდო 10-12 წლიდან. ისინი უნდა იყვნენ სულიერად და მორალურად ჯანსაღი ადამიანები, შინაგანი რწმენით დაწყებული, ქცევის მანერებით დამთავრებული. ჯარისკაცი არ უნდა გარბოდეს ჯარიდან, როდესაც ბანკომატიდან ხელფასს ვერ აიღებს. რეგულარული ჯარი დიდი ფუფუნებაა ქვეყნისათვის, უნდა მოხდეს შერწყმა მცირერიცხოვანი ოფიცერთა ნაწილებისა და მძლავრი რეზერვისა, იგულისხმება მთელი მოსახლეობის მომზადება-მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვით სისტემაში. ეს კი ერთგვარი გამოსავალია ჩვენნაირი მცირე სახელმწიფოებისთვის. სახელმწიფოს დახმარებით ამ ორგანიზაციას ეს პრობლემა შეეძლო 15-20 წლის განმავლობაში მოეგვარებინა. დღესაც შეუძლია. ჩვენ ვეცდებით, ეს პროგრამა განვახორციელოთ.
ესაუბრა ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)