"მკვლელობა, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლება შეარყია", - ასეთი შეფასება მიეცა თავის დროზე 27 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას.
2006 წლის 27 იანვრის ღამეს, სამართალდამცველებმა წამებით მოკლეს "გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი სანდრო გირგვლიანი. მისი ცხედარი 28 იანვრის გამთენიისას ოქროყანის სასაფლაოსთან იპოვეს.
"შარდენბარში" მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად მისულ გირგვლიანს უთანხმოება მოუვიდა შსს-ს მაღალჩინოსნებთან. ბარიდან გამოსვლის შემდეგ, მეგობრები უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ "მერსედესში" ჩასვეს, ოქროყანის სასაფლაოზე წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც ნაწამები გირგვლიანი გარდაიცვალა. დაისაჯნენ მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და გია ალანია სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2009 წლის 6 სექტემბერს შეიწყალეს. გირგვლიანის დედამ, აწ გარდაცვლილმა ირინა ენუქიძემ სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება სტრასბურში გაასაჩივრა და სიცოცხლის ბოლომდე სამართლის აღსრულებასა და ერთადერთი შვილის მკვლელობის დამკვეთთა დასჯას მოითხოვდა. გირგვლიანების ოჯახი ევროსასამართლოს ვერდიქტს დღე-დღეზე ელის.
13 თებერვალს სანდრო გირგვლიანს 34 წელი შეუსრულდებოდა...
გოგი ენუქიძე, სანდროს ბიძა: - დიდი იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს და საქართველოში სანდროს საქმის ხელახალი წარმოება დაიწყება. 5 წელიწადი გავიდა სანდროს მკვლელობიდან და ამდენივე წელია ჩვენი ოჯახი სამართლის აღსრულებისთვის იბრძვის. ჩემი და, ირინა ამ ბრძოლას შეეწირა და სამაგალითო გახდა ყველა დედისთვის. დღე-დღეზე ველით სტრასბურის გადაწყვეტილებას. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ დასკვნა არაობიექტური იქნება. სანდროს მკვლელობას ჩვენი ოჯახის ოთხი წევრის სიცოცხლე შეეწირა. ირინას ავადმყოფობაც ზედმეტმა ნერვიულობამ გამოიწვია. მას მიჰყვა ჩემი დედ-მამა და და - ამხელა ტკივილს გაძლება არ უნდოდა?!
ეს ძალიან მძიმე ხუთი წელიწადი იყო. სიმართლის მოლოდინითღა ვცოცხლობთ. მაგრამ თუ მაინც ვერ ვიპოვეთ სიმართლე, მაშინ ბრძოლას სხვა ხერხებით განვაგრძობთ.
- ბატონო გოგი, მაინც ვინ არის სანდროს სიკვდილზე პასუხისმგებელი?
- პასუხისმგებლები არიან მკვლელობის დამკვეთები, რომელთათვისაც პასუხი არავის მოუთხოვია. ხელისუფლებამაც, ხელი დააფარა ნამდვილ დამნაშავეებს და პარლამენტში სპეციალურად კანონი-კანონზე მიიღეს შემსრულებლების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, - მათ ჯერ სასჯელი გაუნახევრეს, შემდეგ კი პრეზიდენტმა საერთოდ შეწყალებით დააგვირგვინა ეს შეკერილი საქმე. სხვათა შორის, ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო.
- ბუხაიძემ მკვლელთა შორის ამოიცნო ოლეგ მელნიკოვი, თუმცა, როგორც ამბობენ, მის ნაცვლად ბიბილურიძემ აგო პასუხი.
- მელნიკოვი რომ დაეპატიმრებინათ, მაშინ დამკვეთებსაც უნდა მისდგომოდნენ და ისინიც უნდა დაესაჯათ, რაც ხელს არ აძლევდათ. ამიტომაც დასაჯეს ეს ადამიანი...
- ვიცი, რომ თქვენ და სანდროს ახლო ურთიერთობა გქონდათ. ალბათ ძალიან გენატრებათ
- ერთხელ, კარგა ხანს არ გვენახა ერთმანეთი, სანდრომ დამირეკა და მითხრა, აუ, იცი, როგორ მენატრებიო... ახლა მე ვარ ასეთ დღეში - სიგიჟემდე მენატრება სანდრო!..
შალვა შავგულიძე, გირგვლიანის ოჯახის ერთ-ერთი ადვოკატი: - 2010 წლის 28 აპრილს შედგა სანდრო გირგვლიანის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. მე და ჩემი კოლეგა დავით ჯანდიერი ვითხოვდით კონვენციის 4 მუხლის დარღვევის ცნობას სასამართლოსგან: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და უფლება დაცვის ეფექტურ ზომაზე. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს საქმე ადგილობრივ წარმოებაში ხელმეორედ აღძრულიყო. თუ ევროპის სასამართლო ცნობს ამ მუხლების დარღვევას, ეს უკვე ჩვენი კანონმდებლობით არის ის ახალაღმოჩენილი გარემოება, რომელმაც უნდა განაპირობოს ამ საქმის ხელახალი განხილვა საქართველოში. თუმცა, საბოლოოდ, საკითხი მაინც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
- კონკრეტულად რა პრეტენზია გაქვთ დღეს არსებული გადაწყვეტილების მიმართ?
- ჩვენ სამი ძირითადი პრეტენზია გვაქვს: ალანია-ღაჭავა-აფციაური-ბიბილურიძის მოქმედება შეფასდა სრულიად შეუსაბამოდ, ანუ მათი ქმედება, რეალურად, იყო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა. პირთა ჯგუფმა განსაკუთრებული სისასტიკით აწამა სანდრო გირგვლიანი, რომელსაც გარდა 11 ჭრილობისა კისრის არეში, ტანზეც უამრავი ნაკვეთი ჭრილობა ჰქონდა, რაც წამებაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მათ ქმედებას მიეცა კვალიფიკაცია - "სხეულის განზრახ დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი".
ასეთი კვალიფიკაცია მაშინ ეძლევა ხოლმე, როცა არის ერთი მსუბუქი ჭრილობა და მას, როგორც წესი, არ შეიძლება და არ უნდა მოჰყვეს სიკვდილი. მეორე პრეტენზია: ამ კვალიფიკაციითაც კი, სასჯელი იყო შეუსაბამოდ მსუბუქი. მათ მიმართ წაყენებული მუხლიც კი 12 წლამდე სასჯელს ითვალისწინებდა, მაგრამ სწორედ ამ მუხლს შეეხო შემსუბუქება და მათი სასჯელი 6 წლამდე განახევრდა. შემდეგ მათ ეს 6 წელიც გაუნახევრდათ 3 წლამდე, ბოლოს კი ვადამდე პირობით გათავისუფლების ინსტიტუტიც ამუშავდა და ისინი საერთოდ გათავისუფლდნენ.
მესამე პრეტენზია: არ იქნენ დანაშაულში მხილებული სხვა პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგებოდა ობიექტური გამოძიების შემთხვევაში. ესენი არიან: ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, გურამ დონაძე და თაკო სალაყაია-მერაბიშვილი, რომლებმაც გამოიძახეს სადამსჯელო ბრიგადა. მათი დანაშაული 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ანუ სწორად არ განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებსაც პასუხი უნდა ეგოთ ამ დანაშაულისათვის. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ საქმის ხელახალ განხილვას.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)