მგლების მესაიდუმლე ქართველზე ბი-ბი-სი ფილმს გადაიღებს

მგლების მესაიდუმლე ქართველზე ბი-ბი-სი ფილმს გადაიღებს

"ის, რასაც მოგითხრობთ, ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს" - ასე იწყებოდა "გზის" შარშანდელ #10-ში გამოქვეყნებული სტატია "ნადირობა მგლებთან ერთად და ცხოვრება მტაცებლების გარემოცვაში". შეგახსენებთ, რომ ამ "ზღაპრის" მთავარი გმირი, ჩემი რესპონდენტი - იასონ ბადრიძეა - ადამიანი, რომელმაც მტაცებელი ცხოველები მიიჩვია, დაიმეგობრა, 3 თვის მანძილზე ტყეში მგლებთან ერთად იცხოვრა, ინადირა... ბატონი იასონის საქმიანობით ბრიტანული ტელეკომპანია ბი-ბი-სი დაინტერესდა და გაზაფხულიდან მასზე ფილმის გადაღებას აპირებს.

იასონ ბადრიძე განათლებით ფიზიოლოგია. მან ცხოველთა ქცევის მექანიზმები შეისწავლა. ძაღლები ყოველთვის აინტერესებდა, მაგრამ მათი ქცევების შესწავლა არაპროდუქტიულად მიაჩნდა, ამიტომ არჩევანი მგლებზე შეაჩერა. თავდაპირველად მათ შესახებ ინფორმაცია მოიძია, მერე ტყეში წავიდა. მტაცებლები ნელ-ნელა მიიჩვია. პირველი შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ მგლებთან ერთად სიარულიც შეძლო. დიდი ინტერესით აკვირდებოდა, როგორ ნადირობდნენ, როგორ იქცეოდნენ, როგორ ზრდიდნენ შვილებს, როგორ ეპყრობოდნენ ერთმანეთს და ა.შ.

- ბატონო იასონ, ჩვენი შეხვედრის შემდეგ ტყეში კიდევ ხომ არ ყოფილხართ?

- არა, ლაბორატორიული საქმიანობით ვარ დაკავებული.

- მიამბეთ, ბი-ბი-სი როგორ დაგიკავშირდათ?

- კვიპროსზე არსებობს სტუდია, რომელიც ბი-ბი-სისა და "დისქავერისთვის" ფილმებს ამზადებს. ამ სტუდიიდან დამიკავშირდნენ და 4-5 თვის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩემთან ხელშეკრულება გააფორმეს. ახლა ვწერ წიგნს, რომლის მიხედვითაც ფილმს გადაიღებენ.

- ამის შემდეგ აღარ შეგხმიანებიან?

- როგორ არა?! მეორედაც ჩამოვიდნენ. ფილმის გადასაღებად რამდენიმე ადგილი მქონდა შერჩეული და ის ადგილები ვუჩვენე. კასპის რაიონში მდებარე ტერიტორია მოეწონათ. 2 ჰექტარი უნდა დავიკავოთ, იქ ვოლიერები დაიდგმება, რომლებშიც მგლის ლეკვები იცხოვრებენ, თან მათზე დაკვირვებას ვაწარმოებთ.

- ფილმის იდეა რა არის?

- მათ უნდა უჩვენონ ჩემი სამუშაო - ანუ ტყვეობის პირობებში როგორ უნდა გავზარდოთ ცხოველი ისე, რომ გაშვების შემდეგ ბუნებასთან შეგუება არ გაუჭირდეს. ავხსნი, რატომ ექცევა ამას ყურადღება. მტაცებლებიდან ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა. მათი აღდგენა მხოლოდ დაცვით არ ხდება. ერთ-ერთი საშუალება - ტყვეობაში მყოფი ცხოველების ისე გაზრდაა, რომ ბუნებაში გასვლის შემდეგ მათ გარემოსთან ადაპტირება არ გაუჭირდეთ. ხელოვნურად გამოკვებილი ცხოველები ბუნებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად უნდა იყვნენ.

- ვოლიერებში ჩასასმელად მაინცდამაინც მგლის ლეკვები რატომ აირჩიეთ?

- მგელი მტაცებელთა ჯგუფის ცხოველების მოდელური სახეობაა. ყველაზე რთული ცხოველია. ცდა თუ მგელზე გაამართლებს, ნებისმიერ მტაცებელზე გაამართლებს. ამ თემაზე არაერთი ნაშრომი მაქვს გამოქვეყნებული. დღეს გადაშენების პირასაა მისული ჩლიქოსნის არაერთი სახეობაც. მტაცებელმა უნდა იცოდეს, რაზე ინადიროს. მგლის ლეკვის გასაზრდელად მხოლოდ საწოვარას მიცემა საკმარისი არ არის. ამასაც დიდი ცოდნა უნდა. ახალშობილს არც შიმშილის და არც სიმაძღრის შეგრძნება არა აქვს. ცხოველისთვის მნიშვნელოვანია წოვის დროს დედის ძუძუს თათებით მასაჟი. თუ მათ მასაჟის რეაქციის რეალიზების შესაძლებლობა არა აქვთ, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლები ხდებიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია საწოვარას ხვრელის ზომაც, ის, თუ რა ინტენსივობით გამოდის რძე. როგორ უნდა გაზარდო და ასწავლო ნადირობა,

- ეს მეთოდიკაც შემუშავებული მაქვს. მსხვილ მტაცებლებს, როგორებიც არიან მგელი, ვეფხვი და ა.შ. არა აქვთ მტაცებლის ინსტინქტი. მტაცებლობას მშობელი აჩვევს. ექსპერიმენტებს რომ ვატარებდი, ცხოველების რამდენიმე ჯგუფი მყავდა. არ ვაძლევდი საშუალებას, მსხვერპლის მოკვლა ესწავლათ. უნდა ნახოთ, შიშისგან პანიკაში როგორ ცვივდებიან, როცა ცხვართან მიიყვან!.. ეს ყველაფერი წიგნში მაქვს მოთხრობილი. მასზე მუშაობას რამდენიმე დღეში ვამთავრებ, დამკვეთებს გავუგზავნი, დაამუშავებენ და რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.

- და შემდეგ გადაღება დაიწყება?

- დიახ. შერჩეული ტერიტორია დასახლებული პუნქტისგან მოშორებით მდებარეობს. კარგი, ლამაზი ადგილია. რაც მთავარია, მისაღები პირობებია სამეცნიერო მუშაობისთვის.

- ფილმის გადასაღებად ბევრი დრო იქნება საჭირო?

- 2 წელი დაგვჭირდება. გადაღების პროცესი 1 წელი და 7 თვე გასტანს. დაიდგმება 2 ვოლიერი: ერთის ბინადრების გაზრდა სწორი მეთოდით მოხდება, მეორის - არასწორით, მაყურებლისთვის ყველაფერი თვალსაჩინო რომ გახდეს და შედარების გაკეთება არ გაუჭირდეს. საერთოდ, მგლები 2 კატეგორიად იყოფიან: მტაცებელ ცხოველებზე მონადირეებად და ცხვარზე მონადირეებად. ქცევითი ტრადიცია სწავლის შედეგად მუშავდება. ფილმის გადასაღებად, 6 ან 8 მგლის ლეკვს ავიყვანთ. ძუძუმწოვრებს გარკვეული რაოდენობის სოციალური კონტაქტების რეალიზების მოთხოვნილება აქვთ. როცა ეს კონტაქტი ნაკლები ან მეტია, ამას სტრესი მოჰყვება. ოპტიმალურია, ჯგუფში 4-დან 6 ინდივიდამდე იყოს. 4 საუკეთესო ვარიანტია. სამუშაოდაც ადვილია. ჯგუფში რამდენი ძუ და ხვადიც უნდა იყოს, მხოლოდ ერთი წყვილი მრავლდება: ძლიერები დანარჩენებზე იმდენად დიდ გავლენას ახდენენ, რომ მათ ფიზიოლოგია ეცვლებათ, გამრავლების პერიოდი აღარ აქვთ.

- მაგრამ ლეკვების გაზრდაში მონაწილეობენ, არა?

- რა თქმა უნდა. ვოლიერში ექნებათ ბუნაგი, განვითარების ყველა სტადიას ისე გაივლიან, როგორც ბუნებაში ხდება. 2-3 თვის ასაკში იმ ტერიტორიას ითვისებენ, რა ფართობისაც ეს ვოლიერი იქნება; 4 თვის ასაკში უფრო დიდ ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ამ ასაკში მღრღნელებზე ნადირობას სწავლობენ. როცა ტყვეობაში ზრდი, ბუნებრივი პირობების იმიტირება უნდა მოახდინო. თამაშით ბევრ რამეს სწავლობენ, მგრძნობელობა უვითარდებათ. ამ დროს სწავლობენ, რა დონეზე შეუძლიათ უკბინონ ერთმანეთს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ. ერთხელ თუ ეტკინა კბენის დროს, თამაშს აუცილებლად წყვეტს. ჭიდაობის დროს ნადირობის ილეთებს სწავლობენ. თამაშის დროს აზროვნება უვითარდებათ. მგელს თუ გამოცდილება არა აქვს და არასდროს მოუკლავს ცხოველი, თაგვიც კი, მის წინ კურდღელი რომ გაუშვა, შეიძლება გაჰყვეს, გააჩეროს. არ იცის, რომ იჭმევა. როგორც კი პირს შეახებს, გულისრევა ეწყება. ბეწვისგან ცუდად ხდება.

- რაზე ასწავლით ნადირობას - ამას მერე გადაწყვეტთ?

- დიახ. ირემსა და შველზე ვერ ვასწავლით. 1979-დან 1994 წლამდე ლაგოდეხის ნაკრძალში ვმუშაობდი. 1991 წელს იქ 1480 ირემი იყო, 1994-ში - 80. ახლა მთელ საქართველოში 250 ირემზე მეტი არ იქნება დარჩენილი. მგელი ირმის არვეს (ჯოგს) რომ გაიგდებს, გამოცდილი ირემი ჩერდება, მგელი მასთან არ მიდის.

- გაქცეულს მისდევს?

- დიახ, გაქცეულს მისდევს: მისი ინსტინქტია - გაჩერება არ შეუძლია. ფარაში რომ შედის, ცხვრები დარბიან და მათ ყელს იმიტომ ღადრავს. ერთხელ ასეთი შემთხვევაც მოხდა: შემატყობინეს, ფარაში მგელი შევარდა და მოგვეშველეო. მეტი ვერაფერი მოუფიქრებიათ - ფარეხის კარი გამოუკეტავთ და მგელი ცხვართან ერთად დაუტოვებიათ. ეს ფარეხი ჩამოჭრილ ბორცვზე იყო მიდგმული, ფანჯარა ბორცვის მხარეს ჰქონდა. იქ რომ მივედი და კარი გამოვაღე, არანაირი ხმა არ ისმოდა. შევედი და რას ვხედავ - მგელს 40-ივე ცხვარი დაუკლავს, მერე ერთმანეთზე დაულაგებია, მათზე ასულა და ფანჯრიდან გადამხტარა; ხალხი კი კართან დარაჯობდა. შეეშინდათ, თორემ მათ რომ ფარეხის კარი გაეღოთ, ცხვრების მეტი ნაწილი გადარჩებოდა. ყველაზე საშიში და მავნე - მგლისა და ძაღლის ნაჯვარია. მგლისგან განსხვავებით, მას ადამიანის თანდაყოლილი შიში არა აქვს. ადამიანს ნორმალური ფსიქიკის მქონე ყველა ცხოველი გაურბის.

- ტყეში მგელი რომ შეგხვდეს, თუ არ გაინძრევი, თავს არ დაგესხმება?

- 3 თვე მათთან მაქვს გატარებული და დღეს ჩემთან ინტერვიუს წერთ...

- იცნობთ ადამიანს, რომელსაც თქვენ მსგავსად, მგლებთან ერთად უცხოვრია?

- არა. მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი ალბათ მომხდარა. არსებობს ფარლი მოუეტის წიგნი "ნუ იყვირებ, მგელი, მგელი".

- წიგნზე მუშაობას ასრულებთ. მალე გადამღები ჯგუფიც ჩამოვა. გარდა ამისა, კიდევ რა თემით ხართ დაინტერესებული?

- ახლა აგრესია მაინტერესებს, როგორც ფენომენი. ამ თემაზე საინტერესო კვლევებია ჩატარებული, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს.

- წარმატებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)