ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში ბავშვთა და ორსულთა სიკვდილიანობის რიცხვი ძალიან დიდია.
კვლევის მონაცემები ოფიციალურად არ გახმაურებულა, ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებრიობას ქალაქ თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა ვიქტორ დოლიძემ გააცნო. ბატონი ვიქტორი სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება:
- საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. პრეზიდენტი ხშირად ტრაბახობს, რომ ქვეყანაში იზრდება მოსახლეობის რიცხვი, ხალხი უკან ბრუნდება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვაჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიოს 134 ქვეყნიდან მოსახლეობის ზრდის მხრივ 132-ე ადგილზეა, ანუ - ბოლოდან მეორეზე. ჩვენს შემდეგ არის მხოლოდ მოლდოვა და პოლინეზიის კუნძულები. ეს ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ურთულეს პრობლემებს.
ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები ჩვენთან შეადგენს 35 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ესტონეთში არის 640 დოლარი, ლიტვაში - 523, რუსეთში - 243, ბელორუსში კი - 226 დოლარი. ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ადგილზე ვართ და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული არ არის თავისი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს პრობლემებზე ზრუნვა.
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით საქართველოში ძალზე მაღალია ბავშვებისა და ორსული ქალების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
- სამწუხაროდ, მართლაც ასეა: ძალიან მაღალია ორსულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ევროპის 47 ქვეყნიდან ამ მხრივ ჩვენ 44-ე ადგილზე ვართ, რაც ასევე საგანგაშო ციფრია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბავშვთა სიკვდილიანობა: 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მხრივ, ევროპის 47 ქვეყნიდან 47-ე ადგილზე ვართ, ე.ი. ამ ქვეყნებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენთან ყველაზე მაღალია. ეს მართლაც სამწუხარო ციფრებია იმ ქვეყნისათვის, რომლის ხელისუფლებაც ბევრს ტრაბახობს იმაზე, რომ მოწინავე ადგილზე ვართ ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით, თუმცა ხალხს უმალავს იმ საგანგაშო ციფრებს, რაზეც ახლა გესაუბრებით.
ჩვენ, "თავისუფალ დემოკრატებს" არაერთგზის გვითქვამს, რომ არაკომპეტენტური, არაგონივრული პოლიტიკის წყალობით, ადრე თუ გვიან, მივიდოდით იმ შედეგებამდე, რომელიც ახლა გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში. ეს არის არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ნების არქონის შედეგი. ყოველივე ამის წყალობით, წელს გაცილებით მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში, ვიდრე იყო შარშან და გასულ წლებში. მომავალში კი სიტუაცია, ალბათ, გართულდება.
- და მაინც, რატომ უნდა იყოს ბავშვთა და ორსულთა სიკვდილიანობა ასეთი ხშირი?
- საქართველოში ოფიციალური მონაცემებით არის მილიონ 800 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ამდენი ხალხი რომ გეყოლება სიღარიბის ზღვარს მიღმა, ინფლაციამ რომ მიაღწია ორნიშნა ციფრს, ადამიანებს ელემენტარული საშუალება არა აქვთ, რომ წამალი, საკვები პროდუქტი შეიძინონ და ნორმალურ პირობებში იცხოვრონ, უამრავი ოჯახი ნესტიან ბინაში ცხოვრობს ან ვერ ათბობს თავის სახლს - ეს მძიმე სოციალური ფონი ქმნის წინა პირობას იმისათვის, რომ საგანგაშო შედეგი მივიღოთ. სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არასაკმარისი თანხა იხარჯება.
ბიუჯეტის შემუშავებისას უმწვავესი დებატები გვქონდა იმის გამო, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური პირველადი ჯანდაცვის სისტემა ამ ქვეყანაში. ამის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს, მგონი, ეს ორჯერ ორი - ოთხია. თუმცა, ეს ყველაფერი ხელისუფლებას ნაკლებად ანაღვლებს ან - არ იცის, რომ ასეა. სხვათა შორის, ორივე მიზეზი ერთმანეთზე უარესია და არც ერთ მათგანს გამართლება არა აქვს.
- ბატონო ვიქტორ, რატომ არ ხმაურდება ასეთი მონაცემები საქართველოში?
- ამ კითხვაზე პასუხი ნათელია: პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება და პიარკამპანია, რომელსაც ის ყოველდღიურად ახორციელებს, ერთადერთ მიზანს ემსახურება: ის მუდმივად უნდა იყოს ხელისუფლებაში, შეინარჩუნოს თავისი სკამი და ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს. ხელისუფლების "მოღვაწეობა" მხოლოდ პიარაქციებით შემოიფარგლება. გახსოვთ, ალბათ, გურჯაანში რა ზარ-ზეიმით წავიდა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, ხუთი ჯიპით ჩავიდნენ და ერთი ოცლარიანი ვაუჩერი ჩაიტანეს, ტელევიზიებიც ჩაიყვანეს. ამგვარ "მიღწევებზეა" განუწყვეტლივ ლაპარაკი. იმ ოცლარიანი ვაუჩერის სანაცვლოდ რამდენი საწვავი დაიხარჯა ან რა დაუჯდა ეს პიარაქცია სახელმწიფოს, არავის უთქვამს.
სხვა საშუალება ამ მძიმე სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად მათ არა აქვთ, არც კომპეტენცია ჰყოფნით და არც ელემენტარული პოლიტიკური ნება. ეს ყველაფერი არის ცრუპენტელობა და ხალხის თვალის ასახვევად მოწყობილი პიარაქცია. სოციალური და ჯანდაცვის სისტემის პრობლემების მოსაგვარებლად უფრო გონივრული და სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ვიდრე ოცლარიანი ვაუჩერების მინისტრის ხელით დარიგებაა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)